მთავარი მიმართულებები კულტურა სულის წყვდიადში მზერა – თომას მანი და თეოდორ დოსტოევსკი

სულის წყვდიადში მზერა – თომას მანი და თეოდორ დოსტოევსკი

51
0

წერო მსოფლიო ლიტერატურის ორ კორიფეზე, იოლი არაა. იმისთვის, რომ შეეჭიდო როგორც თომას მანის, აგრეთვე დოსტოევსკის შემოქმედების თუნდ უმცირეს საკითხს, აუცილებელია ფლობდე ინტელექტის განუსაზღვრელ პოტენციალს. ,,ცოდნის იმპერია’’ – სიტყვები, რომლებითაც დაახასიათა თომას მანმა გოეთეს პიროვნება, თამამად მიესადაგება თვით ამ შეფასების ავტორსაც. მიუხედავად იმისა, რომ მანს არ დაუმთავრებია არც ერთი უმაღლესი სასწავლებელი (ისევე როგორც ტოლსტოის), იგი არაერთი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი იყო და მის ლექციებს ათასობით სტუდენტი უსმენდა ევროპასა და ამერიკაში, მსგავსად  მისი რადიოგამოსვლებისა, რომელთაც მილიონობით ადამიანი განაბული უგდებდა ყურს საყოველთაო ომის ქარტეხილისას. იგი იყო პიროვნება, რომელიც მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის განმავლობაში ამაყად მიუძღვებოდა თავისი ქვეყნის ინტელექტუალურ მოძრაობას, რისი შედეგიც იყო ემიგრირებული მწერლის ამაყი და თან სამართლიანი განაცხადი: სადაც მე ვარ, გერმანული კულტურაც იქ იმყოფებაო. მანი არა მარტო გერმანიის, არამედ გასული საუკუნის ევროპული ლიტერატურის უპირველესი რომანისტია. არ ვფიქრობ, რომ ამ აზრის გამოთქმისას სუბიექტურობა მძალავს. ეს აზრი დიდი ხანია დომინირებს გნოზისის მაძიებლებში. მისი სადარი მოაზროვნე მის ქვეყანას დღეს აშკარად აღარ ჰყავს. მართალია, თანამედროვე გერმანულ ლიტერატურაში კვლავ აქტიურ მწერლად ითვლება გ. გრასი, მაგრამ იგი, ისევე, როგორც სხვები, მანთან შედარებით დაწყებითი კლასის მოსწავლეებად უნდა ჩავთვალოთ (თუ ამ ფრაზით გრასის თაყვანისმცემლებს ვაწყენინე, მზად ვარ, მათ შენდობა ვთხოვო). მანს ქება-დიდება არ აკლდა არც სიცოცხლეში, არც გარდაცვალების შემდეგ. იგი განეკუთვნება რიცხვს იმ ბედნიერი მწერლებისა, რომელთა შემოქმედებასა თუ საკუთრივ პიროვნებაზე დაწერილი წიგნებისა და გამოკვლევების რაოდენობა ნებისმიერ ბიბლიოთეკაში ცალკე ფონდს შექმნის. ეს პროცესი დღესაც შეუქცევადია. ახლახან გერმანიში კვლავ გამოვიდა მონოგრაფიები თომას მანზე, რომელთა გვერდების რიცხვიც შვიდასს აჭარბებს.
მანი მთელი ცხოვრების განმავლობაში  ემადლიერებოდა რუსულ ლიტერატურას, განსაკუთრებით კი მის ,,ოქროს ხანას’’ (შეგახსენებთ, რომ რუსული მწერლობის ,,ოქროს ხანად’’ იწოდება XIX საუკუნე, ხოლო ე. წ. ,,ვერცხლის ხანად’’   XX  საუკუნის დასაწყისი, კერძოდ, 1900-1918 წლები); ამაზე იგი საგანგებოდ მსჯელობს ,,ჩემი ცხოვრების ესკიზში’’, ისევე როგორც სხვა უამრავ წერილსა და ინტერვიუში. რუსული მწერლობის კორიფეებიდან მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება (ჯერ კიდევ პატარა ასაკში) მოახდინა გოგოლმა, გონჩაროვმა, ტურგენევმა, დოსტოევსკიმ, ტოლსტოიმ, ჩეხოვმა. ამაზე არაერთი საინტერესო გამოკვლევა შეიქმნა კრიტიკოსების მხრიდან. სანიმუშოდ გავიხსენებთ ლ. ვენორის წიგნს ,,თომას მანის დამოკიდებულება რუსული  ლიტერატურისადმი’’ (1959).  თავის სიცოცხლეში მანმა რამდენიმე საინტერესო ესსე შექმნა  ტოლსტოის შესახებ. ყურადღებას იქცევს ვრცელი გამოკვლევა ,,გოეთე და ტოლსტოი’’ (1923), რომელიც მწერლის მსოფლმხედველობაში ერთგვარი მეტამორფოზის დასტურია. კერძოდ, პესიმიზმისა და ცხოვრების ნების უარყოფიდან (ამ მხრივ მასზე დიდი გავლენა იქონია ა. შოპენჰაუერისა და ფ. ნიცშეს ფილოსოფიამ, ასევე რ. ვაგნერის მუსიკამ) მანმა ადამიანის იდეალად დასახა ცხოვრების სამსახური. ეს მობრუნება  მან გოეთესა და ლევ ტოლსტოის ხაზს დაუკავშირა. ტოლსტოი თომას მანს მუდამ მიაჩნდა ყველაზე დიდ რუს მწერლად, რომელიც ჰომეროსისეული ძლიერებით ახერხებს მსოფლიო ლიტერატურის აღორძინებას. სხვაგან მანი წერს ტოლსტოიზე: ,,მას აღიქვამდნენ, როგორც გამოცხადებას და ცხადია, იმიტომ, რომ ის იყო ნამდვილი ზეშთაგონება: ძალუმი გამჟღავნება იმისა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ,,პიროვნებას’’, რომლის უცილობელი მართლზომიერება მტკიცდებოდა და კურთხეულიქმოდა ბუნების იდუმალი კარნახით, რამაც ტულის გუბერნიის ეს კარ-მიდამო სულიერ შეჭირვებულთა სამლოცველოდ გადააქცია, ცხოვრებისეულ ძალთა სხივებით გააცისკროვნა მთელი სამყარო’’ (,,ტოლსტოი’’).
ამის მიუხედავად, ჩვენი აზრით, მანთან უფრო ახლოს იყო დოსტოევსკის სულიერი სამყარო (საპირისპირო აზრის დამცველები არანაკლებ სერიოზულ არგუმენტებს გვთავაზობენ, ასე რომ, ჩემი აზრი მოკლებულია აუცილებელ ობიექტურობას). დოსტოევსკის სახება მისი მოღვაწეობის სხვადასხვა ეტაპზე დროდადრო ამოტივტივდებოდა ხოლმე და ააფორიაქებდა მწერლის ფიქრებს. საინტერესოა ერთი ფაქტი: საკუთარ ესეისტურ მემკვიდრეობაში მანის ერთ-ერთი გატაცებაა საკუთრივ დოსტოევსკისა და ტოლსტოის შეპირისპირება და ამ კუთხით მათი ნაწერების ანალიზი. იგი, მერჟკოვსკის მსგავსად, ხშირად მსჯელობს ამ ორი ბუმბერაზი მწერლის შესახებ, ისე, რომ ერთზე საუბრისას თავისდა უნებურად ახსენებს მეორესაც. მას იტაცებს აგრეთვე თვით დოსტოევსკისეული შეფასებები ტოლსტოისა, ისევე როგორც პირიქით. ამის მაგალითად 1920 წელს მანის შტეფან ცვაიგისადმი გაგზავნილი წერილის ფრაგმენტიც იკმარებს: ,,თქვენ გესმით, ტოლსტოი ჩემს ეპიკურ იდეალთან უფრო ახლოს დგას… ტოლსტოი სხეულის მხედველი, დგას ჰომერულ წინაპართა რიგში, რომლისკენაც ჩემი მჭლე მოდერნულობა მოწიწებით, მაგრამ გარკვეული – ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვისათვის – სიახლოვის გრძნობით იყურება. დოსტოევსკიში მე ყოველთვის ვხედავდი ექსტრაორდინარულ, ველურ, მონსტრულ და თავზარდამცემ მოვლენას, რაც ყოველგვარი ეპიკური ტრადიციის მიღმა იდგა, – და რაც, ცხადია, ხელს არ მიშლიდა დამენახა მასში, ტოლსტოის საპირისპიროდ, შეუდარებლად ღრმა და უფრო გამოცდილი მორალისტი’’. ამ სიტყვებს მანი წერდა იმ შტეფან ცვაიგს, რომელმაც ვრცელი და ამაღელვებელი წიგნი შექმნა დოსტოევსკიზე გერმანულენოვან სამყაროში.
მანის გატაცებას დოსტოევსკის შემოქმედებით ზოგჯერ გადაჭარბებულად აფასებენ. რა თქმა უნდა, თომას მანი დავალებული იყო რუსული მწერლობის ამ ჩაუქრობელი ლამპრისგან, მაგრამ საეჭვოა სტილის თვალსაზრისით იგი მისი დიდი ზეგავლენის ქვეშ ყოფილიყო. თვით შემთხვევითი მკითხველიც კი მიხვდება, რომ მანისა და დოსტოევსკის რომანებს შორის  სხვაობაა ფორმის მხრივაც. არსებობს ბევრი საერთო, დაიძებნება პარალელები, მაგრამ მსგავსების ზედმეტმა ცდამ არასწორი დასკვნებისკენ არ უნდა გვიბიძგოს. ყველაფერს თავი დავანებოთ, მანის რომანებში მოქმედება ხშირად წლობით მიმდინარეობს (,,ბუდენბროკებში’’ ნაჩვენებია ერთი ოჯახის სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა ცხოვრება, ,,ჯადოსნურ მთაში’’ ჰანს კასტორპი ბერგჰოფის სანატორიუმში შვიდი წელი დაჰყოფს, იოსებზე დაწერილი ტეტრალოგია მოიცავს ათეულობით წლის ისტორიას), მაშინ, როდესაც დოსტოევსკის რომანებში სიუჟეტი ხშირად რამდენიმე დღის ამბავს გადმოგვცემს, ანდა რომანის ნახევარი მხოლოდ ერთი დღე-ღამის ქრონიკაა (ასეთი ვითარება გვაქვს, მაგალითად, ,,ძმებ კარამაზოვებში’’, ,,იდიოტში’’). სწორედ ამ ნიშნით უწოდებდა თვით თომას მანი დოსტოევსკის რომანებს არა ეპიკურ ნაწარმოებებს, არამედ ,,სასცენო ყაიდაზე აგებულ გრანდიოზულ დრამებს, რომლებშიც ასახულია ადამიანის სულის ყველაზე მრუმე ჯურღმულები’’. მიუხედავად სტილისტური თავისებურებებისა, ორივე მწერალი ახალ დროში გვევლინება, როგორც რომანული ხელოვნების უდიდესი ამაღორძინებელი და მისი, როგორც ლიტერატურული გვარის განუმეორებლობის მაჩვენებლი. ორივე მწერალს ახასიათებს საკუთარ პროზაში ესსეისტური გადახრა, გმირების პირით მსჯელობა კულტურაზე, რელიგიაზე, ფილოსოფიაზე, პოლიტიკურ თეორიებზე, განყენებულ ცნებებზე, რაც უდავოდ ამდიდრებს მკითხველის სულიერ სამყაროს და ესთეტიკურ ელფერს სძენს ამ ნაწარმოებებს. ეს ყველაფერი არ ხდება იმგვარად, რომ დაირღვეს თვით თხრობის ძირითადი მიმართულება. ორივე მწერალი თავის ნიჰილისტ, მეოცნებე, მჭვრეტელ და მისტიკოს გმირებს უპირისპირებს ცხოვრებას მორგებულ და დაკმაყოფილებულ ადამიანებს. სწორედ ხასიათების ბიპოლარულობა ხდის ამ გმირთა ცხოვრებას მიმზიდველს ნებისმიერ დროში. ორივე შემოქმედის ნაწარმოებებში ადამიანები პოულობენ ნათესაური სულის მატარებელ პიროვნებებს.
ზემოთ უკვე ვახსენეთ, რომ თომას მანის დამოკიდებულება დოსტოევსკისადმი არ ყოფილა ერთგვაროვანი. სხვადასხვა პერიოდში იგი განსხვავებული დოზით ამჟღავნებდა სიმპათიას რუსი მწერლისადმი. აღსანიშნავია, რომ 1949 წელს ერთი გაზეთის რედაქტორისთვის მიცემულ ინტერვიუში, როდესაც მანს ჰკითხეს აზრი რუსულ ლიტერატურაზე, მან თავის საყვარელ რუს მწერალთა შორის ხაზგასმით არ დაასახელა დოსტოევსკი; პირიქით, განაცხადა, სამწუხაროდ, გერმანიაში ლესკოვი დოსტოევსკის დიდებითაა დაჩრდილულიო. ეს ბევრს გაუკვირდა. სამაგიეროდ, ამ პატარა აზრით არანაკლებ ბევრ ადამიანს გაეღვიძა ინტერესი ნიკოლოზ ლესკოვის მიმართ. ეს რუსი მწერალი დოსტოევსკის თანამედროვე იყო და დიდი პოპულარობით სარგებლობდა. საკმარისია გავიხსენოთ მისი მოთხრობა ,,მცენსკის მაზრის ლედი მაკბეტი’’, რომელიც ათასობით ადამიანის საყვარელი წიგნი გახდა. მანის პასუხიდან საცნაურდება, რომ ლესკოვი მასაც მოსწონდა, თუმცა ვერ უარყოფდა, რომ მსოფლმხედველობრივი სიღრმით, გავლენითა და თვით წერის ოსტატობითაც ლესკოვი დოსტოევსკის ლანდი იყო.
საინტერესოა ქართველი გერმანისტის, ნ. კაკაბაძის, დაკვირვება, რომ ,,თ. მანის ინტერესი დოსტოევსკისადმი, როგორც წესი, იზრდება ხოლმე კრიზისულ და პესიმისტურ პერიოდებში. განსაკუთრებით დაინტერესდა თ. მანი ამ რუსი მწერლით პირველი ომის წლებში, ე. ი. პროგრესული განვითარების დროებითი შეწყვეტის დროს, როცა თვითონ თ. მანი კონსერვატიულ, რეგრესულ პოზიციაზე დადგა’’. არანაკლებ იზრდება მანის ლტოლვა დოსტოევსკის სამყაროსადმი მეორე მსოფლიო ომის წლებშიც. ცნობილია, რომ ნაციზმის ბატონობისას მანი ემიგრაციაში მიდის ჯერ შვეიცარიაში, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც აქტიურ კულტურულ მოღვაწეობას ეწევა. ამ პერიოდში იწყებს იგი თავისი უმნიშვნელოვანესი რომანის – ,,დოქტორ ფაუსტუსის’’ წერას, რომელზეც მუშაობის პროცესში იგი ჭარბად კითხულობდა დოსტოევსკის პროზას. თომას მანი იგონებს, რომ იგი განსაკუთრებით უტრიალებდა ივანე კარამაზოვის მიერ ეშმაკის ხილვის სცენებს. საინტერესოა ასევე მისი სიტყვები: ,,რომანზე ყოველ დილით ვმუშაობდი და ისევ და ისევ ვკითხულობდი დოსტოევსკის ,,მკვდარი სახლის ჩანაწერებს’’ წლის ბოლო დღეებში’’. ,,დოქტორი ფაუსტუსი’’ (1947) სიმბოლურ-ფილოსოფიური რომანია, რომლის ცაკლეული ადგილები აშკარად ატარებს მანის ძველი კერპების – შოპენჰაუერის, ვაგნერის, ნიცშეს ნააზრევთა ნაკვალევს, ისევე როგორც კავშირს დოსტოევსკის შემოქმედების ცალკეულ პასაჟებთან. საზოგადოდ, მანს ჯერ კიდევ 1901 წელს გასჩენია ფაუსტური რომანის შექმნის იდეა. ფაუსტზე დაწერილი ხალხური წიგნის გარდა, უშუალოდ რომანზე მუშაობის დაწყების წინ მწერალმა გადაიკითხა ნაშრომები ფრიდრიხ ნიცშეზე, ჰუგო ვოლფის წერილები, ნაშრომები მუსიკის თეორიაში (მანი სინანულს გამოთქვამდა, რომ გერმანული გადმოცემები ფაუსტს არ აკავშირებდა მუსიკასთან, როგორც ხელოვნების ყველაზე ვნებიან დარგთან) და, რაღა თქმა უნდა, დოსტოევსკის ნაწარმოებები.
ემიგრაციის პერიოდში ამერიკულმა გამომცემლობა ,,დაიალ პრესმა’’ განიზრახა გამოეცა დოსტოევსკის რჩეული მოთხრობების ერთტომეული. გამომცემელმა ამ წიგნის წინასიტყვაობის მომზადება თომას მანს შესთავაზა, რომელიც მას ფრიად მიმზიდველად მოეჩვენა და დაწერა კიდეც შესანიშნავი წინათქმა, რომელიც დოსტოევსკიზე შექმნილი მისი საუკეთესო ესსეა. სწორედ ამ წინათქმაში ამბობს თომას მანი, რომ ,,ჩემი სამწერლო მოღვაწეობის მანძილზე საფუძვლიანად ვსწავლობდი ტოლსტოისა და გოეთეს – თითოეულ მათგანს რამდენიმე გამოკვლევა ვუძღვენი. მაგრამ ჩემი სულიერი ჩამოყალიბების ორ სხვა ფაქტორზე – ნიცშესა და დოსტოევსკიზე, რომელთაგან არანაკლებ ვარ დავალებული, ღირსეული არაფერი დამიწერია. მათ კი ასერიგად შემძრეს ყმაწვილკაცობისას, მოწიფულობის ჟამს უფრო ღრმავდებოდა და ძლიერდებოდა ეს ზეგავლენა’’. ამ წინასიტყვაობას თომას მანმა სახელად უწოდა – ,,დოსტოევსკი – ოღონდ ზომიერად!“. თითქოს გაფრთხილებას უგზავნის მკითხველს და ურჩევს, რომ დიდი რუსი მწერლის შემოქმედებას მცირე დოზით დაეწაფონ და არა ზედმეტად. საინტერესოა, რომ თომას მანი დოსტოევსკის სულიერი სამყაროს პარალელურად გვიხატავს ნიცშეს პორტრეტს. ნიცშეს ცხოვრებაში ხომ დოსტოევსკი იშვიათი გამონაკლისია, რომელსაც იგი თითქმის არ დასცინოდა, არ აკრიტიკებდა (ნიცშე ირონიულად, ცინიკურად იხსენიებდა სოკრატეს, პლატონს, კანტს, ჰეგელს…). იგი დოსტოევსკის უწოდებდა ერთადერთ ფსიქოლოგს, რომლისგანაც მან ცოტა რამ ისწავლა. და მაინც, ნიცშეს მიერ დოსტოევსკის მისამართით ნათქვამი სიტყვები – ,,დიადი მასწავლებელი’’, თომას მანის თქმით, საკმარისი არაა, ვიმსჯელოთ მათზე, როგორც მასწავლებელსა და შეგირდზე. მანის აზრით, ისინი უფრო მეტად იყვნენ სულიერი ძმები.
მანსა და დოსტოევსკის შორის უდიდესი საერთო გახლავთ ის, რომ ადამიანებს აინტერესებთ არა მხოლოდ მათი გენიალური მემკვიდრეობა, არამედ თვით მათი ცხოვრებაც. მწერლის ცხოვრებისეული დეტალები, ოჯახური და პიკანტური სცენები და მათი გავლენა საკუთრივ მათსავე ნაწერებზე! – აი, რითი იქცევს თავს ხშირ შემთხვევაში მკითხველი. არც ერთი სხვა მწერლის ნაწარმოებებში არ ცდილობენ მიკროსკოპული დაკვირვებით მოძებნონ ბიოგრაფიული ელემენტები, როგორც ეს ითქმის მანისა და დოსტოევსკის თხზულებებზე. იქნებ ბიოგრაფიულმა მომენტებმა დიდად განაპირობა ორივე მწერლის შემოქმედებითი სიმაღლე?! თუმცა, აქაც გადაჭარბებულ შეფასებებს შევხვდებით. და დღესაც, მათი გარდაცვალებიდან ათეულობით წლის შემდეგ, ორივე მათგანი აღმოჩნდება ხოლმე უცნაური ,,ჭორის’’ საგანი?! ვფიქრობ, ესეც გენიების ხვედრია და იგი სრულებით არ აყენებს ჩრდილს მათ პიროვნებებს!
საკუთრივ თომას მანი თავის რომანებსა და მოთხრობებში უხვად იყენებდა პირად გამოცდილებას, წარსულის მოგონებებს. მის ადრეულ ნოველებში სულ პატარა დონეზე მაინც არის ჩართული ბიოგრაფიული დეტალები. აქ უნდა განვიხილოთ, ჩემი აზრით, ერთი აუცილებელი საკითხი, რომელიც უკავშირდება არა მარტო მანს ან დოსტოევსკის, არამედ ნებისმიერი სერიოზული მწერლის შემოქმედებას! ჩვენ უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან ავტობიოგრაფიული და ბიოგრაფიული. პირველ მათგანს განეკუთვნება უშუალოდ ის ფაქტები და მოვლენები, რომლებიც მოხდა მწერლის პირად ცხოვრებაში, ანუ ყველაფერი ის, რაც გადაიტანა მწერალმა საკუთარ თავზე. ესაა მისი პიროვნული ,,მეს’’ გამოვლენა, მისი ინდივიდუალური თავისებურებების, შინაგანი თუ გარედან წარმოებული ფაქტების გროვა. ბიოგრაფიულში კი ვგულისხმობთ ისეთ ამბებს, რომლებიც შეემთხვა არა უშუალოდ მწერალს, არამედ მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ ადამიანებს, მაგალითად, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, უშუალო ახლობლებს. სანიმუშოდ ავიღოთ ის ფაქტი, რომ თომას მანის ორივე დამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ისევე როგორც მისმა ერთ-ერთმა ვაჟმა. ამიტომაც მწერალს ჰქონდა უკიდურესად ახლობელი ადამიანების აღსასრულით გამოწვეული მწვავე განცდა, რაც უკავშირდებოდა სუიციდს. ნუთუ ეს არ იყო საკმარისი პირობა იმისთვის, რომ მწერალს თვითმკვლელობა საკმაოდ ღრმა ჭრილში განეხილა და მოეცა თვითმკვლელის განცდები. თავად თომას მანს არ ჰქონია სუიციდისკენ მიდრეკილება, ასე რომ, მის შემოქმედებაში ამ მხრივ დიდი როლი ითამაშა ახლობლების გამოცდილებამ. ამიტომ ეს მომენტი მისთვის ბიოგრაფიულია და არა ავტობიოგრაფიული.  არაა აუცილებელი, მწერალი საჩოთირო თემებზე საუბრისას წერდეს მხოლოდ პირადულს. ვიმეორებთ, პირადი ცხოვრება, შინაგანი სამყარო მნიშვნელოვნად განაპირობებს გმირების ხასიათების ძერწვას, მაგრამ შემოქმედი სარგებლობს არა მარტო სუბიექტური განცდებით, არამედ იმ მდიდარი მასალითაც, რომელიც აღებული აქვს მრავალრიცხოვანი ახლობლების ცხოვრებიდან.
და მაინც, თომას მანს უცნაური ბედი დაჰყვა ამ მხრივ! როგორც  თანამედროვე მკვლევრების ნაწილი ამბობს, მწერალი ცხოვრების მიწურულს არც მალავდა თავის ჰომოეროტიკულ მიდრეკილებებს, მაგრამ ზოგი აქაც უკიდურესობამდე მიდის და იმდენად უხეშად აფათურებს ხელს მწერლის  პირად ცხოვრებაში, რომ სურს, მისგან ბაბილონის ბიწიერი მოქალაქე დაგვიხატოს! იქნებ მწერლობა არაცნობიერი ,,მეს“ გამომზეურებაა ამ შემთხვევაში? ფსიქოანალიზის გავლენა ხომ აშკარაა მანის ზოგიერთ ნაწერში! არც ეს უნდა დაგვავიწყდეს. მაგრამ მანი როდი იყო გარყვნილებისა და ცოდვის აპოლოგეტი! იგი აჩვენებდა ყოველგვარი გაუკუღმართების აბსურდულობას, არარეალურობას, თუმცა მიმზიდველობას. თომას მანის მიდრეკილებებზე საუბრისას ყველაზე მეტად იზიდავთ ხოლმე საუბარი მისი ჰომოსექსუალურ  მისწრაფებებზე. თუმცა ამის არანაირი დასტური არ არსებობს და იგი ცნობილი იყო, როგორც  ოჯახის მოსიყვარულე მამა და თავადაც ბიურგერულ ტრადიციებზე აღზრდილი გახლდათ. ამის მიუხედავად, დღესაც საეჭვოდ გვესმის მწერლის სიტყვები: ,,ვინ რა იცის ხელოვანის ცხოვრება. რაოდენ თანაბრადაა მასში შერწყმული მკაცრი დისციპლინა და აღვირახსნილობა’’. ამ სიტყვებს მეტ-ნაკლებად ენათესავება სხვა დიდი გერმანელი მწერლის – ჰერმან ჰესეს – ნათქვამი: ,,გარყვნილის ცხოვრება საუკეთესო გზაა მისტიკისაკენ’’. იქნებ მისწრაფება ფარული ავხორცობისადმი, რაღაც შეუსაბამო, არასტანდარტული ყოფნისკენ ლტოლვა განაპირობებდა კიდეც ასეთი დიდი მოაზროვნეების შემოქმედებას?! მანის ქვეცნობიერი ქვეცნობიერადვე სურთ იპოვონ მის პროზაში, ხოლო საკუთარი თავის შესახებ ნამდვილი ინფორმაცია თვით მწერალსვე ჰქონდა, რომლის ნაკვალევსაც ამაოდ ეძებენ მის დღიურებში. ყველაზე მეტად ასეთ ,,გაქექილ’’ მკითხველს იზიდავს მანის მოთხრობა – ,,სიკვდილი ვენეციაში’’, რომლის ბევრი ინტერპრეტაცია შეიძლება და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლურობა სწორედ ჰომოერეტიკულ პლანში მისი აღქმაა. აღსანიშნავია, რომ მოთხრობის მთავარი გმირიც – გუსტავ აშენბახი მწერალია, თავის სამშობლოში სახელგანთქმული ავტორი, რომელიც ვენეციაში  ყრმის მიმართ ტრფობაში სიკვდილს ეგებება. აშკარაა მოთხრობის კავშირი პლატონის ,,ფედროსთან’’, ისევე როგორც ზოგადად ანტიკურ კულტურასა და მითოლოგიასთან. მითები ცოცხლდება აშენბახის ცნობიერებაში, როდესაც პოლონელ ბიჭს – ტაძიოს უჭვრეტს. ბევრს სურს ამ მოთხრობის შექმნა მანის ავტობიოგრაფიულ მომენტს დაუკავშიროს. ჩემი აზრით კი, ,,სიკვდილი ვენეციაში’’ დაიწერა არა ავტობიოგრაფიული, არამედ ბიოგრაფიული შემთხვევის ხარჯზე. თუმცა, ეს ჩემი შეხედულება კი არა, მანის წარსულიდან აღებული წყაროა. ცნობილია, რომ იგი მატარებლით მგზავრობისას შეხვდა გერმანელ კომპოზიტორს – გუსტავ მილერს, რომელიც მას საოცრად მწუხარე ეჩვენა. მანის შეკითხვაზე, თუ რატომ იყო ასეთ მდგომარეობაში, მილერმა განაცხადა, რომ შეყვარებული იყო სილამაზეზე. კომპოზიტორი მანს ესაუბრა მოახლოებული სიკვდილის განცდაზე და, მართლაც, იგი მალე გარდაიცვალა. ამ ფაქტმა განსაზღვრა ხსენებული მოთხრობის შექმნის იდეა! თუმცა მასში მანის პირადი გამოცდილებიდანაცაა აღებული დეტალები. იგი ოჯახთან ერთად ისვენებდა იტალიაში, სადაც შეხვდა პოლონელების ოჯახს. ამ პრობლემებს უბრუნდება მანი ,,ტონიო კროგერსა’’ და ,,ჯადოსნურ მთაშიც’’, რომელშიც ჰანს კასტორფი უცნაურად ეტრფის თანაკლასელ ბიჭს – პშიბისლავ ჰიპეს. თუმცა ეს თემატიკა მის არც ერთ ნაწარმოებში არაა წამყვანი! იგი შეფარვით, შემოვლითი გზით ეხება მისი დროისთვის საჩოთირო, დღეს კი უკვე დამაფიქრებელ პრობლემას.
იქნებ ამ სენით თვით მანის გარემო იყო შეპყრობილი?! გავიხსენოთ, რომ მისმა ვაჟმა გოლო მანმა (გარდ. 1994) სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ გადახრები ჰქონდა და ამას მთელი ცხოვრება მალავდა. რაც შეეხება მწერლის სხვა შვილს – კლაუს მანს, იგი იყო ერთ-ერთი პირველი ევროპელი, რომელმაც საჯაროდ, ოჯახის წინაშე თამამად აღიარა, რომ არ ეკუთვნოდა ტრადიციული ორიენტაციის მატარებლებს. კლაუს მანმა მამის მიბაძვით დაიწყო წერა და 1925 წელს გამოაქვეყნა კიდეც რომანი – ,,ნელი ცეკვა’’,  რომელშიც ღიად იყო განხილული ჰომოსექსუალიზმი. კლაუსის დეპრესია გააძლიერა უახლოესი მეგობრის – რიკის – თვითმკვლელობამ და მოგვიანებით თავადაც იმავე გზას მიმართა, 1949 წელს თავი მოიკლა. ამის შემდეგ თომას მანმა კიდევ ექვსი წელი იცხოვრა. საზოგადოდ, მისი შვილის – კლაუს მანის, როგორც მწერლის ფენომენი, სამუდამოდ დაიჩრდილა მამის ფონზე. იგივე შეიძლება გავიმეოროთ თომას მანის ძმაზე – ჰაინრიხ მანზე, საკმაოდ წარმატებულ მწერალზე, რომელიც თომასთან შედარებით მეორეხარისხოვანი პროზაიკოსია გერმანულ მწერლობაში.
თომას მანი წერდა დოსტოევსკიზე: ,,როცა ვკითხულობ ,,ზარატუსტრას’’ თავს ,,ფერმიხდილ დამნაშავეზე’’ – ამ პათოლოგიური შთაგონებით შექმნილ მონაკვეთს – თვალწინ ყოველთვის თეოდორ დოსტოევსკის მოწამეობრივი და საშინელი სახე წარმომიდგება… შეუძლებლად მეჩვენება დოსტოევსკის გენიაზე კაცმა ისე ილაპარაკო, რომ ერთხელ მაინც არ ახსენო სიტყვა – ,,დანაშაული’’… მისი შემოქმედება უფრო ფსიქოლოგიური ლირიკაა, ამ სიტყვის უფართოესი გაგებით, ესაა აღსარება და სისხლის გამყინავი აღიარება, საკუთარი სინდისის დანაშაულებრივი სიღრმეების ულმობელი გახსნა’’. დოსტოევსკის მთავარ და ფარულ ,,დანაშაულს’’ სანამ შეეხება, მანი მსჯელობს მის ავადმყოფობაზე. ეს იყო სნეულება – ეპილეფსია, რომელიც სჭირდა დოსტოევსკის და რამაც დიდად განაპირობა მწერლის შემოქმედებითი ხაზი. მანი დოსტოევსკის ამ დაავადებას მისტიკური უწოდა, თუმცა საეჭვოა, რამდენად კმაყოფილი იყო თვით დოსტოევსკი ამ სენით. ბნედისადმი მიდრეკილება მწერალს ბავშვობიდან უნდა ჰქონოდა, მაგრამ მან სიმძაფრეს მას შემდეგ მიაღწია, რაც სიკვდილი მიუსაჯეს და შემდეგ იგი კატორღით შეუცვალეს. ეპილეფსია დოსტოევსკის თვეში ერთხელ ან უფრო ხშირადაც მოსდიოდა. იგი იმდენად იყო დათრგუნული და თან მოხიბლული ამ საშინელი სნეულებით, რომ ყველა მეორე ნაწარმოებში საკუთარ გმირებზე გადაიტანა განცდები. ბევრი შემთხვევიდან გამოყოფენ ხოლმე ოთხს: 1. ნელი (,,დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი’’), მკრთალადაა ასახული ამ სენის ფორმები. 2. მიშკინი (,,იდიოტი’’) – კლასიკური აღწერილობა ეპილეფსიისა; 3. კირილოვი (,,ეშმაკნი’’); 4. სმერდიაკოვი (,,ძმები კარამაზოვები’’). გარდა ეპილეფსიისა, თომას მანი მიანიშნებს დოსტოევსკის მეორე დაავადებაზე, რომელიც ,,დანაშაულის’’ ცნებითაც შეიძლება შეფასდეს და სნეულებისაც. ეს გახლდათ რუსი მწერლის მიდრეკილება აზარტული თამაშობებისადმი, რომელიც ერთხანს ლამის მანიად ექცა. იგი აღმოცენებული იყო სოციალური ფაქტორებიდან. მწერალი უმეტესწილად განიცდიდა შეჭირვებას მევალეებისგან. აზარტული თამაშებისკენაა მიდრეკილი მისი გმირების სხვა ჯგუფი: გენერალი ეპანჩინი (,,იდიოტი’’), არკადი დოლგორუკი (,,ყმაწვილი’’), ვალხოვსკი (,,დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი’’). ეს უკანასკნელი ერთგან ამბობს: ,,გაგიჟებით მიყვარს ბანქო’’. აზარტულ თემატიკაზეა დაწერილი ცალკე რომანი – ,,მოთამაშე’’, რომელიც, სხვათა შორის, გერმანიაში ყოფნისას შეიქმნა. თუმცა ყურადღებას იპყრობს ზემოთ ხსენებული გმირი – ვალხოვსკი, რომელსაც უყვარს როგორც ბანქო, აგრეთვე სხვა რაღაცაც. და რაა ეს სხვა რაღაც? რაც უნდა გაუკვირდეს მკითხველს, ეს გახლავთ ამორალურობა. ვალხოვსკის სიტყვებით:  ,,დაფარული ბილწი გარყვნილებაც კი მიყვარს, თან რაც უფრო უცნაური და ორიგინალურია, ოდნავი ჭუჭყიც თუ ურევია, ერთი და იგივეობა მოსაწყენია… ხა, ხა, ხა! ვუყურებ თქვენს სახეს: და რა ზიზღით მიყურებთ ახლა!’’  (,,დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“).
ვალხოვსკის საუბარი სიმბოლურია. დაუფარავი და ცნობილი სნეულებებისა და დანაშაულებების შემდეგ იწყება დაფარული და უცნობი, მალული, საჩოთირო, უსაკუთრესი და თან სამარცხვინო მიდრეკილებაზე სიტყვის გადაკვრა. დიახ! გადაკვრა და არა აშკარა საუბარი. აშკარად ხომ ადამიანი ბიწიერებაზე აღსარებაშიც კი ცდილობს შელამაზებით ისაუბროს და არა პირდაპირ.
დოსტოევსკი თავისი გმირების წარსულში ტოვებს მკითხველისათვის ბუნდოვან, მაგრამ ხელჩასავლებ არგუმენტებს, დავინახოთ გმირის წარსულიდან ,,სატანური სიღრმეები’’, დანაშაული ან თუნდაც მიდრეკილება მისადმი. ეს არაა ჩვეულებრივი დანაშაული, მაგალითად, მკვლელობა და ძარცვა, რასაც მიმართავს რასკოლნიკოვი (,,დანაშაული და სასჯელი’’). ეს გახლავთ ფარული პედოფილია, რომელიც, ზოგიერთის აზრით, თვით მწერალს აწუხებდა. უცნაურია დავიჯეროთ დოსტოევსკისნაირი ჰუმანისტისგან მსგავსი მიდრეკილება, მაგრამ მანი გვახსენებს გოეთეს სიტყვებსაც, როდესაც იგი ამბობდა, რომ მას არასოდეს სმენოდა ისეთი დანაშაული, რომელსაც თავად ვერ ჩაიდენდა. სვიდრიგაილოვის (,,დანაშაული და სასჯელი’’) წარსულში ტივტივებს პედოფილური კრიმინალი. რომანში ნახსენებია მევახშე რესლიხის შორეული ნათესავი ბავშვის  გახრწნის ამბავი სვიდრიგაილოვის მხრიდან, რამაც თვით მკვლელის ფსიქიკაზეც დამანგრეველად იმოქმედა. ანალოგიური ბიწიერება მოიძებნება სტავროგინის (,,ეშმაკნი’’) ცხოვრებაშიც. სტავროგინი, რომელიც ამბობს, რომ ,,ბოროტების საკვირველი ნიჭი’’ აქვს სხვათა შეფასებით, თავის აღსარებაში ჰყვება ბავშვის გაუპატიურების სცენას. აღსანიშნავია, რომ ქვეთავი, სადაც სტავროგინის აღსარებაა მოთხრობილი, დოსტოევსკიმ დაწერა მაშინ, როდესაც გამოქვეყნებული იყო ,,ეშმაკნი’’. იგი მის დამატებით თავად მიიჩნიეს, თუმცა მწერლის ზრახვა ამ თავის რომანის შუაში მოთავსება იყო და არა ბოლოში.
თომას მანის თქმით, ,,ეს სამარცხვინო დანაშაული’’ მუდამ იტაცებდა მწერლის ზნეობრივ ზრახვებს. ამტკიცებენ, რომ ვითომ დოსტოევსკიმ ტურგენევს, რომელიც სძულდა მისი დასავლეთისადმი სიმპათიების გამო, გაუმხილა ამგვარი საკუთარი ცოდვა. ეს,  რა თქმა უნდა, მტკნარი სიცრუეა. თომას მანი სხვა შემთხვევასაც იგონებს: ერთ ოჯახში სტუმრობისას დოსტოევსკი ვითომდა მოჰყვა სცენას სიყმაწვილეში ჩაფიქრებული რომანიდან: განათლებული მემამულე როგორ გააუპატიურებს სმისას ათი წლის გოგონას. ამის მოყოლისას ოჯახის დიასახლისს ხმამაღლა და შეძრწუნებით უყვირია – თეოდორ მიხეილის ძევ, ღმერთი არა გწამთ! აქ ხომ ბავშვები არიან! ამის მიუხედავად, დოსტოევსკის დაცვა სჭირდება ყალბი ბრალმდებლებისგან. ის, რასაც  მწერალი აღწერს, სრულებით არ არის აუცილებელი, თავადაც სჭირდეს. მაშინ დოსტოევსკი უნდა ყოფილიყო მკვლელიც ან თუნდაც ათეისტი, თუმცა ვიცით, რომ არც ერთი ყოფილა და არც მეორე. ასე რომ, მიუღებელია ლ. შესტოვის აზრი: ,,არავითარი რასკოლნიკოვი და არავითარი კარამაზოვი არასოდეს ყოფილან ამქვეყნად და დოსტოევსკისაც მათთან არაფერი ესაქმებოდა… დოსტოევსკი ყოველთვის მხოლოდ საკუთარ თავზე ჰყვებოდა’’.
დოსტოევსკის თხზულებათა ერთტომეულისთვის დაწერილ წინასიტყვაობაში მანი ამბობს, რომ ,,დოსტოევსკის აქ წარმოდგენილი ექვსი ნაწარმოების მეტი რომ არაფერი დაეწერა, უეჭველია, მისი სახელი მაშინაც კი მნიშვნელოვან ადგილს დაიჭერდა მსოფლიო კაზმულსიტყვაობაში; მაგრამ ისინი იმის ერთ მეათედსაც ძლივს წარმოადგენენ, რაც მწერალს შეუქმნია’’. მანი ცალ-ცალკე განიხილავს ყველა მოთხრობას და საგანგებოდ ჩერდება მეექვსეზე. ეს გახლავთ ,,იატაქვეშეთის ჩანაწერები’’ (1864). თომას მანის აზრით, ეს მოთხრობა იყო დოსტოევსკის შემოქმედებაში გარდატეხის მომენტი, საკუთარი თავის შეცნობისკენ ლტოლვის დასაწყისი.
მართლაც, დოსტოევსკის შემოქმედებაში ,,იატაკქვეშეთის ჩანაწერები’’ საეტაპო ნაწარმოებია. ვფიქრობთ, ამ მოთხრობით ითქვა ბევრი ისეთი რამ, რაც შემდეგ მწერალმა თავის დიდტანიან რომანებში გაშალა. ეს გახლავთ ადამიანის სულის სიღრმეში წვდომის ცდა, მის სამყაროში ბორიალი და ბნელი ამბების გამოაშკარავების სურვილი. ძნელია დავასახელოთ დოსტოევსკის პროზიდან მეორე მოთხრობა, რომელსაც მსგავსი გულწრფელობით სურდეს შინაგანი ,,მეს“ გამომზეურება. როგორც თომას მანს, ისე ნებისმიერ მკითხველს, რომელიც გადაშლის და გაეცნობა ამ ,,ჩანაწერებს’’, თვალში ხვდება ნაწარმოების არსობრივი სიტყვები: ,,ყოველი ადამიანის მოგონებანი ისეთ რამეს შეიცავს, რასაც იგი ყველას არ გაუმჟღავნებს, მხოლოდ მეგობრებს თუ გაანდობს. ისეთი მოგონებანიც არსებობს, მეგობრებსაც რომ არ გაანდობ და მხოლოდ საკუთარ თავს გაუმჟღავნებ, თანაც საიდუმლოდ. მაგრამ ბოლოს, ისეთი მოგონებებიც არსებობს, ადამიანს საკუთარი თავისთვის გამჟღავნებისაც რომ ეშინია და ასეთი მოგონებანი ყოველ წესიერ ადამიანს საკმაოდ უგროვდება. თანაც, ადამიანი რაც უფრო წესიერია, მით უფრო მეტი უგროვდება. ყოველ შემთხვევაში, თავად მე სულ ახლახან გავბედე, ზოგიერთი ადრინდელი თავგადასავალი გამეხსენებინა, რომელთა გახსენებასაც აქამდე  ერთგვარი შეშფოთებითაც კი ყოველთვის თავს ვარიდებდი. ხოლო ახლა, როცა არამარტო ვიხსენებ, არამედ ჩაწერასაც ვბედავ, მინდა, რომ დავადგინო: შესაძლოა თუ არა, საკუთარ თავთან მაინც მთლად გულახდილი იყო და სრული სიმართლისა არ გეშინოდეს?’’
მანი არ ამახვილებს ყურადღებას, რომ მსგავსი აზრები დოსტოევსკისთან უკვე გაჟღერდა რომანში – ,,დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი’’, რომელშიც ვკითხულობთ: ,,რომ მოხდეს და ყველა ჩვენგანმა აღწეროს პირწმინდად ყველაფერი, რაც კი რამ დაფარული აქვს, მაგრამ აღწეროს ისე, რომ იმის თქმისა არ შეეშინდეს, არა მარტო რის თქმისაც ეშინია საკუთარ მეგობრებთან, არამედ იმისიც კი, რაშიც ზოგჯერ საკუთარი თავსაც არ გამოუტყდება, – მაშინ ქვეყანა ისე ამყრალდებოდა, რომ ყველანი ამ სიმყრალეში ამოვიხრჩობოდით’’.
თომას მანი წერდა ამ მოთხრობაზე: ,,გამოგიტყდებით, ,,იატაკქვეშეთის ჩანაწერების’’ პირველი ნაწილი მე უფრო მომწონს, ვიდრე მეორე – კახპა ლიზას შემაძრწუნებელი და სამარცხვინო თავგადასავალი; თუმცაღა, პირველ ნაწილში მოქმედება კი არა, განსჯა და მხოლოდ განსჯაა, რომელიც ძალზე გვაგონებს დოსტოევსკის დიდი რომანებიდან ზოგი რელიგიური პერსონაჟის უსუსურ ქაქანს. ისიც მართალია, ეს განსჯანი ძალზე საეჭვონი არიან და მათ ძალუძთ საშიში შედეგებით დასრულდნენ, ვინაიდან ისინი ყოველგვარი რწმენის მიმართ სკეპტიკურ დამოკიდებულებასა და რელიგიიდან განდგომას ეფუძნებიან, მით უმეტეს, რომ მიმართულნი არიან ცივილიზაციისა და დემოკრატიის, კაცობრიობის მოციქულთა და სოციალური სამართლიანობის ქომაგთა წინააღმდეგ’’.
საზოგადოდ ,,იატაკქვეშეთის ჩანაწერები’’  საგანგებო მსჯელობის საგანი იყო ყველა იმ ავტორისთვის, რომელიც დოსტოევსკის შესახებ წერდა. აღსანიშნავია, რომ რუსული ექსისტენციალიზმის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ლევ შესტოვი  ,,იატაკქვეშეთის ჩანაწერებს’’  მიიჩნევდა მწერლის ფილოსოფიური კრედოს ძირითად დოკუმენტად, მაშინ, როდესაც მეორე გავლენიანი რუსი ფილოსოფოსი ნ. ბერდიაევი ასეთად თვლიდა მწერლის რომან ,,ძმებ კარამაზოვებს’’ და განსაკუთრებით კი მის ერთ პარაგრაფს, ივან კარამაზოვის თხზულებას – ,,დიდი ინკვიზიტორი’’. ბერდიაევის მიხედვით, ამ ლეგენდაში ნაჩვენებია ადამიანის ორი გზა, რომელთაგან ერთი ქრისტემდე, მეორე კი ანტიქრისტემდე მიდის.
საზოგადოდ, ბერდიაევი ეთანხმება შესტოვს, რომ იატაკქვეშელი კაცი იცავს თავის – ადამიანის სიცოცხლის, ბედნიერების, უკვდავების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის კანონიერ უფლებებს, იზიარებს მის თვალსაზრისს ჭეშმარიტების ირაციონალურობაზე და რაციონალური შემეცნებისა უვარგისობის თაობაზე, მაგრამ მაინც მიაჩნია, რომ ,,იატაქვეშელი კაცის მსოფლჭვრეტა არ წარმოადგენს დოსტოევსკის პოზიტიურ მსოფლჭვრეტას. თავის დადებით რელიგიურ მსოფლჭვრეტაში დოსტოევსკი ამხელს იატაკქვეშელი ადამიანის თავნებობისა და ბუნტის დამღუპველობას. ეს თავნებობა და ბუნტი ადამიანის თავისუფლების განადგურებამდე და პიროვნების გახრწნამდე მიგვიყვანს’’.
ჩემი აზრით, ,,იატაკქვეშეთის ჩანაწერები’’ არ გამოხატავს დოსტოევსკის მსოფლმხედველობის მთავარ ასპექტებს. თუმცა, ვერავინ შეძლო მასზე ღრმად გადმოეცა ,,იატაკქვეშელის’’  შინაგანი სიბნელე და ავი ზრახვები.
თომას მანი – დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი უპირველესი რომანისტი და მოაზროვნე, ადამიანთა სულიერი სამყაროს მესაიდუმლე  და ეპოქის მესაყვირე,  მარტოსულების, მელანქოლიით შეპყრობილებისა და სასოწარკვეთილების ქომაგი, იმედისა და ხალისის მაგნიტური გადამამუშავებელი და მასაზრდოებელი, ინტელექტუალური ოაზისის სრულყოფილი გამოვლენა და მარადიული თანამგზავრი წიგნიერების გზაზე, გერმანული კულტურის მედროშე და თან კოსმოპოლიტური ფიქრებით გატაცებულთა წყარო, სულიერებისა და მისტიკის მესაიდუმლე…  მასთან  თითქოს ფილოსოფიამ ლიტერატურის მანტია შეიმოსა და თუკი შუა საუკუნეებში ფილოსოფიას თეოლოგიის მსახურის ფუნქცია განუწესეს, მანისეულ  სამყაროში იგი მხატვრული სიტყვის მხევლად ქცეულა.
თეოდორ დოსტოევსკი – აპოკალიფსური მდინარის მენავე და ტანჯულთა მემატიანე, ძონძებში გახვეული დიდებული, რომელსაც ყური ტირილით გათანგულთა სახლების კარზე მიუდევს და მათ გოდებას სიტყვებში აფორმებს, ქრისტიანობის მეხოტბე და დამარცხებული მეამბოხე, რუსული სიტყვიერების უდიდესი ჯადოქარი და მსოფლიოს მამხილებელი სალოსი, რომლის ყვირილიც ამოძრავებს მიძინებულ ზნეობას; ტოლსტოი და ტურგენევი აღწერდნენ ადამიანის სულს, დოსტოევსკი კი ხელებს აფათურებდა სულის სიღრმეში, სადაც ხშირად ხედავდა მხოლოდ წყვდიადს და, ამის მიუხედავად, არ კარგავდა სინათლის ღრიჭოს მიგნების იმედსაც…
რა საერთო აქვთ მანსა და დოსტოევსკის?  ბუნებრივია, დოსტოევსკის წარმოდგენაც არ ექნებოდა თომას მანის პიროვნებაზე, რომელიც მისი გარდაცვალების ჟამს ხუთიოდე წლის ბავშვი იყო. რაც შეეხება მანს, უკვე ვნახეთ, რომ დოსტოევსკის სახება იმ თანავარსკვლავედშია, განუმეორებელი ზეგავლენა რომ მოახდინა მასზე. დღეს, როგორც არასდროს, ორივე მწერლის შემოქმედება უნდა დავინახოთ, როგორც ჰუმანიზმის, ადამიანის მიმართ სიყვარულისა და თავგანწირვის მანიფესტი! მკითხველი, რომელიც ცდილობს, ორივე გიგანტის პროზა განჭვრიტოს პასიურობისა და გაუკუღმართების პლანში, ივიწყებს მათ ძირითად მოწოდებას.
თომას მანი – პაციფისტი და ბრძენი მოაზროვნე ენათესავება თავის დიდ წინამორბედს მსოფლიო ლიტერატურაში – თეოდორ დოსტოევსკის, რომელიც აგრეთვე აფრთხილებდა თანამედროვეობას მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ, მატერიალიზმითა და ურწმუნოებით შეპყრობილ ქვეყნიერებას რომ უახლოვდებოდა. თომას მანმა იხილა ის, რაზეც წინასწარმეტყველებდა დოსტოევსკი!
   და მაინც, თუ კვლავ დაიბადება კითხვა, რა საერთო აქვთ მანსა და დოსტოევსკის, პასუხი ორი სიტყვით შეიძლება გადმოვცეთ: სხვები უმეტესად იყურებიან ადამიანის სულში, ხოლო ეს ორი მწერალი ხელს აფათურებს სულის ჯურღმულში! მჯერა, ვიდრე იარსებებს სევდანარევი სიხარული, არც ერთი მათგანის წიგნები არ გაქრება მკითხველებისთვის.

თომას მანი

დეკანოზი თეიმურაზი