მთავარი ახალი ამბები გიორგი ქობულია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს შეხვდა

გიორგი ქობულია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს შეხვდა

722
0

„ყოველთვის საჭიროდ და სასარგებლოდ მიმაჩნია ასეთი ტიპის შეხვედრები ბიზნესთან, რადგან ძალიან მჭირდება, რომ უშუალოდ მათგან მოვისმინო იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც მათ აწუხებთ,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ.

შესავალ სიტყვაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მთავრობის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიმართულია ბიზნესის სტიმულირებისა და ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით.

მინისტრის მისალმების შემდეგ, შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის დროსაც ასოციაციის წევრებმა მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სახელმწიფო შესყიდვებში ადგილობრივი წარმოებების წახალისება, ბიზნესის სტიმულირების პროგრამების სრულყოფა, ექსპორტის ხელშეწყობა და სხვ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, ინვესტორებს სამინისტროში „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მოემსახურებიან. „შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უფრო ნაკლებად ბიუროკრატიულ და გამარტივებულ ურთიერთობაზე ბიზნესსა და სამინისტროებს შორის, რაზეც ასევე ვმუშაობთ. მათ რიცხვში ვგეგმავთ ინვესტორთან „ერთი ფანჯრის პრინციპის“ ამოქმედებაზე, როდესაც ჩვენი თანამშრომლები თავად მოუგვარებენ ინვესტორებს ყველა საკითხს სხვადასხვა სამინისტროებში,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

შეხვედრას ასოციაციის 80-მდე წარმომადგენელი დაესწრო. მინისტრთან ერთად, ბიზნესმენთა შეკითხვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე პასუხობდნენ. შეხვედრას ასევე დაესწრო ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.