მთავარი ახალი ამბები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილავენ

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილავენ

236
0

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია  მიმდინარეობს. კონფერენციაში მსოფლიოს  26 ქვეყნიდან – ევროპიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, აზიიდან  და ოკეანეთის ქვეყნებიდან ჩამოსული    მეცნიერები, ასევე, ქართული სამეცნიერო წრეების, დარგობრივი გაერთიანებების წარმომადგენლები და სახელმწიფო რწმუნებულები მონაწილეობენ. 

კონფერენციაზე აზიურ ფაროსანასთან  ბრძოლის  საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას და მავნებლის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებსა და მეთოდებს განიხილავენ. კონფერენციის ფარგლებში შემუშავდება სტრატეგიული დოკუმენტი, რომელსაც რომში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ფიტოსანიტარიული ზომების  კომისიის სხდომაზე განიხილავენ.

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიმართა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზიური ფაროსანა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და  მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული. 

„მავნებელთან ბრძოლაში დაგვიგროვდა მნიშვნელოვანი გამოცდილება. დღევანდელ კონფერენციას ესწრებიან სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები 26 ქვეყნიდან, რომლებიც საქართველოში არსებული გამოცდილებით ინტერესდებიან. ჩვენი გამოცდილების გაზიარება  სასარგებლო იქნება მათთვის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების დაგეგმვის დროს. იმედი მაქვს, რომ ამ საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, ჩვენ შევძლებთ  აზიური ფაროსანას, როგორც გამოწვევის, გლობალურად დაძლევას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კონფერენციაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი იყო ინფორმაცია დასავლეთ საქართველოში აზიურის ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და, ასევე, ის წარმატებული გამოცდილება, რომელიც საქართველოს მავნებელთან ბრძოლის  პროცესში გააჩნია.


2018 წელს, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარაში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ, 27 მუნიციპალიტეტის 523 სოფელში დამუშავებულია 790 000 ჰექტრამდე ფართობი.

მავნებელთან ბრძოლის 2019 წლის პროგრამა მსოფლიოს და ქართველი წამყვანი მეცნიერების რეკომენდაციებს და 2017-2018 წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად მიღებულ გამოცდილებას ეფუძნება. პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვა, მოსავლის დანაკარგებისა და ეკონომიკური ზარალის შემცირება.