მთავარი ახალი ამბები გიორგი ქობულიამ საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გიორგი ქობულიამ საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

38
0

„საქართველო კვლავაც ერთგულია ევროინტეგრაციის. ეს არის ქართველი ხალხის შეუქცევადი და შეგნებული არჩევანი, რადგან ჩვენ ყველას გვესმის, რომ სწორედ ესაა ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის დემოკრატიის, მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტი და საუკეთესო გზა“ – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს შეხვედრაზე, რომელშიც ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან ერთად მიიღო მონაწილეობა. გიორგი ქობულიამ და სესილიამ მალმსტრომმა დღეს ასევე სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველო – ევროკავშირის ბიზნესფორუმი გახსნეს. 

გიორგი ქობულიამ ევროკომისარს და საბჭოს წევრებს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ასპექტები და მიზნები გააცნო, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების პროცესს პოლიტიკური გაერთიანებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ქვაკუთხედად მიიჩნევს და ქვეყნის მიზანი ამ ჩარჩოში წარმოდგენილი ყველა უპირატესობით მაქსიმალური სარგებლის მიღებაა. „ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის DCFTA-ს ეფექტიანი განხორციელება, მთავრობის პრიორიტეტად რჩება. ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი რეფორმების გატარება და მაქსიმალური ძალისხმევა მივმართოთ ყველა აღებული ვალდებულების წარმატებით განსახორციელებლად“ – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

გიორგი ქობულიამ ასევე დეტალურად ისაუბრა საქართველოში არსებულ ბიზნეს-გარემოსა და ამ კონტექსტში აქცენტი ინვესტორებისთვის შექმნილ პირობებზე გააკეთა. მისი განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური ხედვა და ბიზნეს-კლიმატის მოდელი მთლიანად ეფუძნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისათვის საჭირო უსაფრთხო და პოლიტიკურ პროგნოზირებად გარემოსა და ტექნოლოგიებსა და ცოდნაზე ორიენტირებულ ეკონომიკას. 

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ევროკომისარს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია. თუმცა, გიორგი ქობულიას თქმით: „რეფორმებთან ერთად, საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტულად მიიჩნია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, რადგან  მიგვაჩნია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი არის კერძო სექტორის ზრდის მთავარი წყარო, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შექმნასა და ინოვაციების განვითარებას“.

ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი სესილია მალმსტრომი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დღეს შეხვედრებს მართვას საქართველოს მთავრობის წევრებთან.