მთავარი ახალი ამბები დედაქალაქის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

286
0

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

კახა კალაძე პირველ რიგში, ტაქსების მიმდინარე რეფორმას გამოეხმაურა და ის პრივილეგიები კიდევ ერთხელ განმარტა, რომელიც A კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსებს ექნებათ.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ A კატეგორიის ტაქსებისთვის განკუთვნილ სპეციალურ მანათობლებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აითიჯი-ჯორჯია“ დაამზადებს.

„როგორც იცით, არის ლიცენზიის ორი მიმართულება – A და B კატეგორიები. B კატეგორიის ლიცენზიანტებს არ აქვთ არანაირი ვალდებულება, არც ტაქსის გადაღებვის და არც მანათობლის დაყენების. მათ შესაძლებლობა აქვთ, „ტაქსიფაის“ და „უბერის“ სისტემაში გაერთიანდნენ და ამ სისტემით მოემსახურონ დედაქალაქის მოსახლეობას. რაც შეეხება A კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს, მათ აქვთ ვალდებულება, ყავდეთ თეთრი ავტომობილი. ავტომობილის გადაღებვის თანხებზე ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და მათ არცერთი თეთრის გადახდა არ მოუწევთ. ამ პროექტს ტენდერში გამარჯვებული სარეკლამო კომპანია განახორციელებს. პირველი, რაც მნიშვნელოვანია, ტაქსის მძღოლს გავლილი უნდა ჰქონდეს ტექნიკური ინსპექტირება და ორ კვირაში უნდა მიმართოს შესაბამის კომპანიას. გარდა ამისა, მათ აქვთ პრივილეგია – ქალაქში მათთვის გამოყოფილია სპეციალური ადგილები პარკინგისთვის, სადაც არანაირი გადასახადი არ ექნებათ. ასევე, აქვთ შესაძლებლობა, რომ თავიანთ ავტომობილზე განათავსონ რეკლამა და შემოსული თანხები მათი საკუთრება იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.