მთავარი ახალი ამბები საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამისა და ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით საჯარო მოხელეებმა...

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამისა და ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით საჯარო მოხელეებმა სასწავლო კურსი გაიარეს

215
0

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით სასწავლო კურსი  „საჯარო პოლიტიკის ანალიზი” 170-ზე მეტმა საჯარო მოხელემ წარმატებით გაიარა. 

ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა კახიშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა, ბრიტანეთის საელჩოს კარგი მმართველობის ფონდის პროექტების მენეჯერმა, თამარ ტრაპაიძემ და საკონსულტაციო კომპანიის „ჯი-ი-სი” პარტნიორმა, გიორგი სიმონ გულაშვილმა გადასცეს.

სასწავლო კურსი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობას ემსახურება და პასუხობს „საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევის” ექვსი მიმართულებიდან ერთ-ერთს: პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია. 

სასწავლო კურსის პროგრამა შემუშავდა კონსორციუმის მიერ ჩატარებული საჭიროებების შეფასების საფუძველზე და მიზნად ისახავდა საქართველოს სამინისტროების შესაძლებლობების გაძლიერებას სტრატეგიული დაგეგმვისა და პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით. 

“მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება ძალიან მნიშნველოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რათა ზუსტად ვიცოდეთ განვითარების ტემპი, მთავრობის საქმიანობის შედეგები და გამოწვევები,” – განაცხადა კახა კახიშვილმა.

„ვულოცავთ დღევანდელ კურსდამთავრებულებს ტრენინგების წარმატებულ დასრულებას, საჯარო მოხელეების ახალი უნარები ხელს შეუწყობს საჯარო სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას და უზრუნველყოფს, რომ მთავრობის პოლიტიკა – და მათი განხორციელებისათვის გამოყოფილი თანხები – მიმართული იქნება დასახული მიზნების მიღწევისაკენ,” – აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა. 

საკონსულტაციო კომპანიის „ჯი-ი-სი” პარტნიორმა, გიორგი სიმონ გულაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული კურსების ინსტიტუციონალიზაცია მოხდება, რათა ყველა საჯარო მოხელემ, რომელიც პოლიტიკის დაგეგმვის მიმართულებით იმუშავებს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მსგავსი კურსის გავლა შეძლოს.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ბრიტანეთის მთავრობა ხელს უწყობენ საქართველოს მთავრობას მათი ფართომასშტაბიანი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას ემსახურება.

შეხვედრას საქართველოს საჯარო სამსახურის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური ინსტიტუტებისა და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.