31 მარტს, ზვიად გამსახურდიას 80 წელი შეუსრულდებოდა, ამასთან დაკავშირებით პარტია ,,ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას აქვეყნებს, სადაც იგი ერისთვის თავდადებულ პირველი პრეზიდენტის სიკვდილის გარემოებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სირცხვილია ქვეყნისთვის, როდესაც ამდენი ხნის გასვლის შემდეგაც გამოუძიებელია ზვიად გამსახურდიას მკვლელობა.
ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ორი დღის შემდეგ, მნიშვნელოვანი თარიღი დგება, 31 მარტს ზვიად გამსახურდიას ოთხმოცი წელი შეუსრულდებოდა. ეს დღე ბევრ მივიწყებულ ტკივილს გაგვიღვიძებს, ბევრ რამეს გაგვახსენებს და ჩვენ მართლაც გვჭირდება სერიოზული დაფიქრება და უახლოესი წარსულის სწორი ანალიზი. იმ უახლოესი წარსულის, რომელიც სწორედ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ტრაგიკული ისტორიით იწყება. როგორ მოხდა, რომ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძოდა, რომელმაც რეალობად აქცია მრავალი თაობის ოცნება და გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, ცოტა ხანში სწორედ ამ დამოუკიდებელ საქართველოში ტრაგიკულად დაიღუპა ისევ საკუთარი თანამემამულეებისგან დაუნდობლად დევნილი.

აქვე აუცილებლად უნდა ითქვას – ის, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, არის ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი. ეს საქმე აუცილებლად და დროულად უნდა მივიდეს ბოლომდე და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. როგორ და რატომ მოხდა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენის გარიჟრაჟზე, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ერთიანობა, ამ დროს ჩვენ ერთმანეთს დავერიეთ და ქვეყანა დავანგრიეთ. არ იქნებოდა სწორი გარეშე მტრისთვის ყველაფრის დაბრალება, მტერი ყოველთვის ისე იქცევა, როგორც მტერი უნდა იქცეოდეს, ჩვენ ჩვენი შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და ის მიზეზები მოვძებნოთ, რაც ამ შეცდომების დაშვებას გვაიძულებს”.