მთავარი ახალი ამბები 2018 წლის წინასაარჩევნოდ სატელევიზიო რეკლამებში უპრეცენდენტო რაოდენობის თანხები დაიხარჯა

2018 წლის წინასაარჩევნოდ სატელევიზიო რეკლამებში უპრეცენდენტო რაოდენობის თანხები დაიხარჯა

1196
0

2018 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავალმა 75,262,955 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

სარეკლამო შემოსავლების გარდა, ტელეკომპანიებმა 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს დაახლოებით 30 მილიონი ლარის უფასო პოლიტიკური რეკლამა განუთავსეს ეთერში. ჯამში, საარჩევნო სუბიექტების ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების საერთო ღირებულებამ დაახლოებით 38 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც ფასიანი მხოლოდ 8 მილიონი იყო.

„ორივე ტურის განმავლობაში ყველაზე მეტი უფასო პოლიტიკური რეკლამა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო, ჯამში ტელემაუწყებლებმა უფასოდ გრიგოლ ვაშაძეს დაახლოებით 9,752,702 ლარის ღირებულების რეკლამა განუთავსეს, მეორე ადგილს უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების რაოდენობითა და ღირებულებით დავით ბაქრაძე იკავებს, რომელმაც დაახლოებით 5,032,654 ლარის უფასო პოლიტიკური რეკლამა მიიღო, მესამე ადგილზე კახა კუკავაა, რომელსაც დაახლოებით 3,768,919 ლარის ღირებულების უფასო პოლიტიკური რეკლამა განუთავსეს, ხოლო მეოთხე ადგილზე სალომე ზურაბიშვილია 2,647,891 ლარით”, – ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, ორივე ტურის განმავლობაში ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური რეკლამა სალომე ზურაბიშვილმა განათავსა 4,967,848 ლარის, გრიგოლ ვაშაძემ – 2,383,708 ლარის, ხოლო დავით ბაქრაძემ ტელე-მაუწყებლებში – 600,555 ლარის ღირებულების რეკლამა განათავსა. 

2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ჩაატარა. კომისიამ ანალიზი მაუწყებლების მიერ კომისიაში წარმოდგენილი ყოველკვირეული ფორმების საფუძველზე განახორციელა, რომლის წარმოდგენაც კომისიაში მაუწყებლებს კანონით ევალებათ.