მთავარი ახალი ამბები ,,მე მაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ყველა, ვინც აქ ბრძანდებით და თქვენი...

,,მე მაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ყველა, ვინც აქ ბრძანდებით და თქვენი შვილები, გახდეთ სრულყოფილად საქართველოს მოქალაქეები” – სალომე ზურაბიშვილი

126
0

სალომე ზურაბიშვილი 14 აპრილს ახალქალაქის მოსახლეობას შეხვდა, სადაც მან მოუწოდა მათ, რომ საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად აუცილებელია ქართული ენის სწავლა, იგი დაჰპირდა მათ რომ, მომავალი წლისთვის მათ შვილებს ექნებათ ბაგა-ბაღი, საიდანაც იწყებს ბავშვი ენის სწავლას.

გთავაზობთ მიმართვის ტექსტს უცვლელად:

,,მინდა ყველას მადლობა გითხრათ, ვინც აქ მობრძანდით. ვიცი, რომ ყველას არ გესმით ქართული, შეიძლება ნაწილობრივად გესმით. მნიშვნელოვანია, რომ მაინც მოხვედით და ამისთვის დიდი მადლობა.

მე ვიცი, რომ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ქართული ენა გახდეს ნამდვილად სახელმწიფო ენა, ყველას ენა, როგორც მე ვარ ყველას პრეზიდენტი, მე მაქვს პასუხისმგებლობა კონსტიტუციით მოწოდებული, რომ ენის გავრცელებაზე, პოპულარიზაციაზე, სწავლაზე ვიყო მე პირადად პასუხისმგებელი. რატომ არის საჭირო, რომ სახელმწიფო ენა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი? იმიტომ, რომ ენა არის მთავარი კარი, კარი ურთიერთობების პირველ რიგში. თუ გვინდა, რომ ერთმანეთს ვესაუბროთ, გავუგოთ, პატივი ვცეთ, ეს ყველაფერი გადის ერთი ენის ცოდნაზე, რომელიც არის სახელმწიფო ენა. ასევე, ენა არის კარი კულტურის, ენა არის კარი სახელმწიფოს გაძლიერების. ამისთვის იბრძოდნენ 14 აპრილს, 1978 წელს. იბრძოდნენ იმისთვის, რომ ენა, სახელმწიფო ენა ყოფილიყო დაცული და მათ რომ არ გაემარჯვებინათ, ალბათ მერე არ მოყვებოდა დამოუკიდებლობა და სახელმწიფოს აღდგენა, ეს ყველაფერი არის ერთად, ძალიან მჭიდროდ და არ შეიძლება ერთი მეორეს გარეშე. მე მაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ყველა, ვინც აქ ბრძანდებით და თქვენი შვილები, გახდეთ სრულყოფილად საქართველოს მოქალაქეები. ამიტომ არის, რომ მე ძალიან ბევრი გავაკეთე იმისთვის, რომ ორმაგი მოქალაქეობა ყოფილიყო შესაძლებელი ყველასთვის და არა აკრძალული, როგორც იყო წინა კონსტიტუციით. ეს ცვლილება შემოვიდა კონსტიტუციაში და დღეს უკვე ყველას აქვს უფლება, რომ დაიბრუნოს, აღადგინოს საქართველოს მოქალაქეობა.

მაგრამ ამისთვის საჭირო, რომ ორი მხარე იყოს და მეორე მხარემ ესე იგი თქვენც, ერთი ნაბიჯი გადადგათ, რაც ნიშნავს, რომ გინდათ მოქალაქეობა ამ ქვეყნის და ეს არის ამ ენის სწავლა იმ დონეზე მაინც, რომ ჩააბაროთ ის პატარა გამოცდა, რაც თან ახლავს სწორედ მოქალაქეობის აღდგენის პროცესს.

ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს უნდა, რომ თქვენ გახდეთ საქართველოს სრული მოქალაქეები, ყველა უფლებით და თქვენც გაქვთ ეს სურვილი. მაშინ არის სახელმწიფო ძლიერი, როცა ყველა თავის მოქალაქეს სურს, რომ იყოს სახელმწიფოს სრულყოფილი წევრი, გრძნობს თავს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე. მაშინ არის და ვიქნებით და ვართ, საქართველო იქნება ძლიერი სახელმწიფო თავის ყველა მხარეში.

მე, ჩვენ, სახელმწიფო არაფერს დავიშურებთ იმისთვის, რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს სწორედ ქართული ენა. პირველ რიგში ბავშვებისთვის, სულ პატარა ბავშვებისთვის, ბაგა-ბაღიდან იწყება ენის შესწავლა იმ დონეზე, რომ მერე ყველაფერი ის ჰქონდს, ყველა პერსპექტივა, ყველა კარიერა, არაფერი ხელს არ უშლიდეს. ამიტომ მე დღეს აქიდან, ახალქალაქიდან უნდა ვთქვა ხმამაღლა – აუცილებელია, რომ ძალიან მოკლე მომავალში აქ გაიხსნას ქართულენოვანი ბაგა-ბაღი. მე ვიცი, რომ თქვენც გინდათ ეს და ჩვენც გვინდა. იმედი მაქვს, მომავალ წელს, როცა აქ ჩამოვალ, ეს აღარ იქნება სურვილი და იქნება უკვე განხორციელებული”.