მთავარი კატეგორიის გარეშე აღდგომის წმ. ცეცხლი, მითი თუ რეალობა?

აღდგომის წმ. ცეცხლი, მითი თუ რეალობა?

3253
0

ისტორიული არგუმენტები


გადმოცემის თანახმად, მას შემდეგ, რაც ელენე დედოფალმა 326 წელს მოიძია უფლის საფლავი, მასზე აღაშენებინა ტაძარი და მისი კურთხევის შემდეგ, 326-336 წლიდან, გარკვეული გამონაკლისების გარდა, დღემდე ყოველ აღდგომას დიდ შაბათს უფლის საფლავზე გარდმოედინება ღვთაებრივი ცეცხლი.

ერთ-ერთი უძველესი წყარო, რომელიც ამ ფაქტს გვაუწყებს, გახლავთ ეთერიას, იმავე ეგერიას მოგზაურობა. იგი იერუსალიმში იმყოფებოდა 381-384 წლებში. ესპანელი მოგზაური ყვება იმის შესახებ, რომ „საათის ათზე“ (აქ ლიხნიკონი ეწოდება, ჩვენთან კი – მწუხრი) აურაცხელი ადამიანი შეიკრიბა აღდგომის ტაძარში, სანთლები და კანდელები საოცარ სინათლეს გამოსცემენ, თუმცა ცეცხლი გარედან კი არ შემოაქვთ, არამედ ქვაბულიდან, სადაც დღისით და ღამით უქრობი კანდელი ანათებს“. „წმინდა ცეცხლი“.
იერუსალიმის შემოგარენში ნაპოვნია IV-VIII საუკუნის კერამიკული კანდელები ბერძნული წარწერით – „ქრისტეს შუქი ანათლებს ყველას“. არქეოლოგთა და მკვლევართა აზრით, ეს კანდელები განკუთვნილი იყო დიდი შაბათის წმინდა ცეცხლის მსახურების რიტუალისთვის. საეკლესიო მსახურებიდანაც ცნობილია, რომ ლიტურგიკულ წესებში კანდელის ცეცხლს ქრისტეს შუქი არასდროს არ ეწოდებოდა და ეს მიუთითებს სწორედ იმ ნათელზე, ცეცხლზე, რომელიც ქრისტეს საფლავზე გარდამოდის. აღნიშნული კანდელები დაცულია „შტა-დი უმ Bიბ ლი ცუმ Fრან ცის ცა ნუმ და იე რუ სა ლი მის Bიბ ლე Lანდს მუზეუმებში.“ ,,წმინდა ცეცხლი აუდიოვერსია ,,
სომეხი ისტორიკოსი კირაკოსა განძაკეცი (1201-1271) თავის ნაშრომში წერდა: ,,ამბობენ, რომ წმინდა გრიგოლმა ქრისტეს საფლავზე დადგა კანდელი და ლოცვით შესთხოვა უფალს, რათა აღდგომის დღესასწაულისთვის ეს ადგილი კურთხეულქმნილიყო უნივთო ნათლით, რაც დღემდე აღესრულება“.
აღსანიშნავია, რომ წმინდა გრიგოლი, სომეხთა განმანათლებელი (სწორედ მის გამო ეწოდება ,,გრიგორიანული“ სომეხთა მონოფიზიტურ სარწმუნოებას), მართლმადიდებელი წმინდანია. ამ პერიოდისთვის, რომელიც გულისხმობს 326-331 წლებს, სომხებიც მართლმადიდებლები იყვნენ. უფრო მოგვიანო პერიოდისთვის იგივე ისტორიკოსი შემდეგ საინტერესო ცნობას გვაწვდის:
,,რაც შეეხება აღდგომის დღესასწაულს, სომხებსა და სხვა ერის წარმომადგენლებს შორის, განსაკუთრებით ქართველებთან, არსებობდა სერიოზული უთანხმოება“… „ვერდიქტი მაცხოვრის წმინდა საფლავზე ანთებული კანდელიდან გამომდინარე იქნა მიღებული“. ,,სვიატოი სვეტ“, იზდატელსტვო ელეია აფინი 2011 წ/ხარის კ. სკარლაკიდის გვ. 52-53“.
მაშასადამე, აღნიშნული ისტორიკოსის მიხედვით, აღდგომის ცეცხლის არსებობა მეოთხე საუკუნის პირველი ნახევრიდან ფიქსირდება და მისივე თქმით, ეს სასწაული მეცამეტე საუკუნეშიც აღესრულებოდა.
რაც შეეხება იმ საკითხს, რომ თითქოს მაცხოვრის საფლავზე უშუალოდ წმინდა გრიგოლის თხოვნით დაიწყო მადლმოსილმა ცეცხლმა გარდამოსვლა, მსგავსი რამ სხვა წყაროებში არ ფიქსირდება და ამდენად, ამ მადლიანი მოვლენის სომეხთა განმანათლებელთან დაკავშირება შესაძლოა, ტრადიციულად, სომეხი ისტორიკოსის ფანტაზიის ნაყოფი გახლდათ, თუმცა არც იმას უარვყოფთ, რომ წმინდანთა ლოცვას დიდი ძალა აქვს და მათ ვედრებას უფალი მუდამ შეისმენს.
აღდგომის ცეცხლთან დაკავშირებით X-XIII საუკუნეებში სხვა საინტერესო ცნობებს ვხვდებით. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ნ. რუსაძის წერილი ,,ისტორიული ცნობები აღდგომის ცეცხლის შესახებ”. წარმოვადგენთ რამდენიმე მათგანს:
„არაბი ისტორიკოსი მასუდი (გარდ. 957წ.), რომელმაც პალესტინაში იმოგზაურა, ღვთაებრივ ცეცხლს თავის ორ ნაშრომში იხსენიებს 926 წ. იერუსალიმის აღდგომის ტაძარში დღესასწაულზე ქრისტიანები მთელი ქვეყნდან იყრიან თავს, რადგან ამ ტაძარში ცეცხლი გარდამოდის, რომლიდანაც სანთლებს ანთებენ. იქ თავს იყრის აგრეთვე ბევრი მუსულმანი“.
,,და აღაშენა ელენემ ტაძარი, რომელსაც აღდგომის ტაძარი ეწოდება, სადაც დიდ შაბათს ცეცხლი ჩნდება, რომლის მომდევნო დილასაც აღდგომა დგება.“

ძალზე საინტერესო ცნობას გვაწვდის არაბი კანონმდებელი და საღვთისმეტყველო თხზულებათა ავტორი იბნ-ალ-კასსი (940 წ.). იგი თავის ნაშრომში – „კიბლის ნიშნები“. გვიამბობს ზეციური ცეცხლის სასწაულზე „ქრისტიანთა პასექზე დიდ შაბათს მორწმუნენი განეშორებიან საფლავის ადგილს და თავს იყრიან ცხაურებით შემორკალულ კლდესთან, საიდანაც საფლავს უმზერენ, ლოცულობენ და თაყვანს სცემენ ყოვლისშემძლე ღმერთს, ლოცულობენ ადრიანი დილიდან მზის ჩასვლამდე. იქვე იმყოფებიან ამირა და მეჩეთის იმამი, მმართველი კეტავს საფლავის კარს. ადგილიდან არავინ იძვრის, ვიდრე არ ჩნდება შუქი მსგავსი თეთრი ცეცხლისა, რომელიც საფლავიდან გადმოდის. მაშინ მმართველი ხსნის საფლავის კარს და შედის სანთლებით ხელში, ანთებს და გარეთ გამოდის. ანთებული სანთლის ალი არ წვავს. ის გადასცემს სანთელს იმამს, რომელსაც ცეცხლი მეჩეთებში გადააქვს და იქ კანდელებს ანთებს. როდესაც სანთელი სამ ხელს გაივლის, ჩვეულებრივი ცეცხლის მსგავსად წვას იწყებს. მოგვიანებით წერენ მოხსენებას, თუ როდის გადმოვიდა ცეცხლი. თუ ცეცხლი ლოცვის დროს გაჩნდა, ითვლება, რომ წელიწადი მცირემოსავლიანი იქენება, მაგრამ არა უნალექო. თუ ცეცხლი შუადღეს გარდამოვიდა, წელიწადი უმოსავლო და მშიერი იქნება“. („წმინდა ცეცხლი, აუდიოვერსია“).
მადლმოსილ ცეცხლსა და მის ორგვარ ბუნებასთან დაკავშირებით საინტერესო ცნობას ვხვდებით რუსი ვაჭრისა და დიპლომატის ვასილი პოზნიაკოვის თხზულებაში „ვაჭარი პოზნიაკოვის მოგზაურობა“. ის 1560 წლით თარიღდება. არსებობს ამ ნაშრომის სამი ხელნაწერი.
,,კოდექსი 214, გვ. 31­62, XVII ს. მოსკოვი, ნაციონალური ბიბლიოთეკა (ისტორიისა და რუსეთის სიძველეების საიმპერატორო საზოგადოების კოლექციიდან).
კოდ. 145, გვ. 84­154,XVII ს., მოსკოვი, საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივი.
კოდ. 553, გვ. 559­605, XVII ს., კოპენჰაგენი, სამეფო ბიბლიოთეკა.139, „წმინდა ცეცხლი“.
ვასილი ივანე მრისხანეს მიერ იქნა წარგზავნილი წმინდა მიწაზე 1558 წელს, რის შემდეგაც მან აღწერა ცეცხლის გარდამოსვლის სასწაული, იგი მის ორგვარ ბუნებაზეც წერს.
,,ღმერთის განგებულებით, ჩვენ, ცოდვილთ, გვეღირსა სასწაულის ხილვა. აალდა უფლის საფლავის ერთი კანდელიც, გამობრძანდა პატრიარქი, ხელთ ანთებული სანთლები ეპყრა, მიუახლოვდა მისთვის განკუთვნილ ალაგს. ხალხი შემოეხვია, ქრისტიანები მისი ხელიდან იღებენ ცეცხლს… ცეცხლი, რომელიც პატრიარქმა საფლავიდან გამოაბრძანა, არაფერს წვავს სანთლების გარდა და ასეთი ბუნებისაა, ვიდრე პატრიარქს უჭირავს. როგორც კი მორწმუნეთა ხელში გადადის, ჩვეულებრივ ცეცხლად გარდაიქმნება, რომელიც უკვე ყველაფერს წვავს“. („წმინდა ცეცხლი“).
კონსტანტინოპოლის კლირიკოსის ნიკიტას (947წ.) ეპისტოლედან, რომელიც მან ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე პორფიროგენეტს გაუგზავნა, ჩანს, რომ რომელიღაც ემირს (ბაღდადიდან) დიდ შაბათს, აღდგომის ტაძარში ღვთისმსახურების აკრძალვა სურდა, რადგან ღვთაებრივი ცეცხლის ყოველწლიური გარდამოსვლის გამო ქრისტიანობა არათუ ნარჩუნდებოდა, არამედ ვრცელდებოდა კიდეც და ბევრი მაჰმადიანი ქრისტეს რჯულზე ინათლებოდა. იერუსალიმის არქიეპისკოპოსი ქრისტოდულოსი პრეტორიაში დაიბარეს, სადაც ბაღდადის ემირმა აცნობა: „არა გაქვს, არქიეპისკოპოსო, ზეიმის აღსრულების უფლება… რადგანაც შენ ამ საოცრებას ჯადოსნური მანქანებით ჩადიხარ, მთელი სირია ქრისტიანებით გაავსე და თითქმის მოაქციე ეს მიწა რომანიად (ბიზანტიის ტერიტორიად).“ ამ საუბრის დროს სასწაულებრივად აენთო ორი კანდელი იერუსალიმის ტაძართან ახლოს ერთ პატივსაცემ ადგილას (სადაც, როგორც გადმოცემით ამბობენ, განბანილ იქნა პატიოსანი სხეული უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი გარდამოხსნის შემდეგ.) ამ ამბის შეტყობისთანავე ქრისტიანებიც და მუსლიმანებიც იმ ადგილისკენ გაეშურნენ; როდესაც ქრისტეს საფლავს მიუახლოვდნენ ემირის მოთხოვნით საფლავის კანდელში ლითონის ფითილი ჩადეს. შემდეგ არქიეპისკოპოსმა ქრისტოდულოსმა და „წარწყმედილმა აგარიანელებმა“ დალუქეს საფლავი, რის შემდეგაც არქიეპისკოპოსმა ლოცვა დაიწყო. ამ დროს ემირიც ტაძარში იმყოფებოდა. ბოლოს, დაახლოებით ექვს საათზე არქიეპისკოპოსმა ღვთაებრივი სინათლე იხილა“, რა დროსაც, ყველას გასაოცრად, ლითონის ფითილი აინთო.
აღნიშნული ეპისტოლე განსაკუთრებული მნიშვნელობის გახლავთ იმის გამო, რომ ის გაგზავნილია იმპერატორისადმი, რაც მისი შინაარსის სანდოობის საკითხს უეჭველს ხდის.
,,ჯერ კიდევ არაბთა ბატონობის დროს, მაჰმადიანი ისტორიკოსის ალ ბირუნის (1000წ.) მოწმობით, ლიტანიობის დაწყებამდე ტაძარში მოდიოდნენ მეჩეთის მუეძინები, იმამი და იერუსალიმის ემირი (გუბერნატორი). ისტორიკოსი წერს: „ისინი საფლავთან სხდებიან, მოაქვთ კანდელები, რომლებსაც საფლავზე დგამენ, ხოლო საფლავს კეტავენ. ქრისტიანები აქრობენ თავიანთ სანთლებსა და კანდელებს და ასე რჩებიან მანამ, სანამ კანდელი წმინდა, თეთრი ცეცხლით თავისით არ აენთება. იქიდან ცეცხლი ეკლესიებსა და მეჩეთებში გადააქვთ. შემდეგ კი ხალიფას დედაქალაქში წერილს სწერენ, სადაც ცეცხლის გარდამოსვლის დროს ატყობინებენ. გარდამოსვლის სისწრაფისა და შუადღესთან სიახლოვის მიხედვით ასკვნიან, თუ როგორი მოსავალი იქნება იმ წელს. ცეცხლის დაგვიანების შემთხვევაში თვლიან, რომ ის წელი უმოსავლო იქნება.“ (ი.უ. კრაჩკოვსკი, „ღვთაებრივი ცეცხლი“ ალ-ბირუნისა და სხვა მუსულმანი მწერლების (X-XIII ს.) მონათხრობის მიხედვით.)
„ვნების შაბათის შესახებ ჰყვებიან ისტორიას, რომელიც აოგნებს მეცნიერებს და რომლის შესახებაც ისინი ძლივს აღიარებენ, რომ შესაძლოა ეს ჭეშმარიტება იყოს. ამას მოწმობს მრავალი ადამიანი, რომელმაც ეს სასწაული თავისი თვალით იხილა. მე ამის შესახებ წიგნში წავიკითხე, ასევე მსმენია ალ-ფარაგა-იბნ-სალიხასგან (ბაღდადიდან), რომ ტაძრის ცენტრში, კლდეში, მდებარეობს ქრისტეს საფლავის აკლდამა. მასზე გუმბათია აღმართული, ხოლო ამ გუმბათის ზემოთ კიდევ ერთი, უფრო დიდი გუმბათია. ამ კლდის თავზე ამაღლებაა, საიდანაც მუსულმანები აკვირდებიან ამ მოვლენას. ქრისტიანები ამ დღეს ტაძარში მოდიან, საფლავის გარშემო სხდებან, ლოცულობენ და ევედრებიან უფალს შუადღიდან საღამომდე. მეჩეთის მუეძინი და ქალაქის ემირიც მოდის და საფლავთან ჯდება. მათ თან აქვთ კანდელები, რომლებსაც უშუალოდ საფლავში ტოვებენ, ხოლო საფლავს კი ამ დროს საგულდაგულოდ რაზავენ. ქრისტიანები აქრობენ სანთლებსა და კანდელებს და ელოდებიან სპეტაკი, თეთრი ცეცხლის გარდამოსვლას, რომელიც კანდელებს ანთებს. ეს ცეცხლი სხვა ეკლესიებსა და მეჩეთებშიც მიაქვთ. შემდეგ ცნობას ხალიფასაც უგზავნიან და აცნობებენ გარდამოსვლის ზუსტ დროს. გარდამოსვლის სისწრაფის მიხედვით ასკვნიან, ნაყოფიერი იქნება თუ არა წელიწადი. იგივე წყარო ამბობს, რომ ერთხელ გუბერნატორმა ბრძანა ფითილი ლითონის ბაწრით შეეცვალათ, იმ იმედით, რომ კანდელი არ აინთებოდა და სასწაულიც არ აღესრულებოდა, მაგრამ როგორც კი ცეცხლი გარდამოვიდა, ლითონის კანდელი აენთო. გარდამოსვლა უხსოვარი დროიდან დღემდე აღესრულება და გვაოცებს თავისი სიდიადით“.
ნიშანდობლივია, რომ ისტორიის მეცნიერებათა „მამამთავარი“, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯორჯ სარტონი, აღნიშნავს, რომ ალ­ბირუნი აღიარებულია ყველა დროის ერთ­-ერთ უდიდეს ისლამისტ მეცნიერად. ჰარვარდისა და ალექსანდრიის უნივერსიტეტების ისტორიის მეცნიერებათა პროფესორი აბდელ-ჰამიდი-საბრა, ალ­ბირუნს „კაცობრიობის არსებობის განმავლობაში უდიდესთა შორის უდიდეს გენიოსს“ უწოდებს“( „წმინდა ცეცხლი“).
. . .
„აბუ-ელ-აბას-ახმადი X ს-ის სხვა პოლემისტების მსგავსად დაწვრილებით აღწერს, თუ როგორ ხურავს მაცხოვრის საფლავის კარს იერუსალიმის მუსლიმანი გუბერნატორი ცეცხლის გარდამოსვლის წინ, ხოლო როცა ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლის ნიშნები, თეთრი ნაპერწკლები, ჩნდება ჩარაზულ საფლავში, აღებს კარს და იქიდან ანთებენ კანდელებს“.

ძალზე საინტერესო ისტორიული ცნობები არსებობს სულთან სალადინთან (სალაჰ-ად-დინთან) დაკავშირებით (1138­1193). იგი იყო ეგვიპტისა და სირიის სულთანი. მან მოისურვა იერუსალიმის ჯვაროსნებისგან განთავისუფლება და 1187 წლის 2 ოქტომბერს აიღო კიდეც ქალაქი.
1192 წლის 4 აპრილს იგი დაესწრო ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს და სასწაული თავისი თვალით იხილა.
მისი ბრძანებით, სასწაულებრივად ანთებული კანდელი ჩააქრეს, მაგრამ მადლმოსილი ცეცხლი კვლავ აინთო და ასე გამეორდა სამჯერ. ბოლოს იგი დარწმუნდა, რომ ეს ნამდვილი სასწაული იყო და სევდიანად იწინასწარმეტყველა თავის თავზე, რომ ის დაისჯებოდა და მალე დაკარგავდა ძალაუფლებას ან სიცოცხლეს. რაც ასრულდა კიდეც – იგი ერთ წელიწადში გარდაიცვალა.
აი, რა ბრძანება გამოსცა სალადინმა:
„ამიერიდან ვბრძანებ, ბერძენთა პატრიარქმა, რომელიც აქ, იერუსალიმში იმყოფება, განაგოს ნაზორეველთა (ქრისტიანთა) თემები, ანუ ყველა, ვინც ადგილზე ჩამოდის: სომხები, კოპტები, სირიელები, ნესტორიანელები, ფრანკები და სხვა ეროვნების ნაზორეველები. მისი ვალდებულებაა განაგოს კამამე (აღდგომის ტაძარი) და შებრძანდეს იესოს საფლავზე, მიიღოს ცეცხლი და გადასცეს ნაზორეველებს. ტაძარი კი ამიერიდან ხელშეუხებელი დარჩეს, და არცერთმა მუსლიმმა არ გაბედოს მისი მეჩეთად ქცევა, ნაზორეველები კი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შევიდნენ ტაძარში. ასე ვბრძანებ, და არც ერთმა მუსლიმმა არ მოიწადინოს ჩემი ბრძანების უგულებელყოფა“.
სალადინის დიდ შაბათს ტაძარში ყოფნის ამბავი მესამე ჯვაროსნული ლაშქრობისადმი მიძღვნილ ისტორიულ წყაროში არის გადმოცემული. ,,ეს წყაროებია: ინგლისელი მღვდელ-მონოზვნის, რიჩარდის, მიერ ლათინურ ენაზე დაწერილი „რიჩარდის იტინერარიები“ და ფრანგი ისტორიკოსისა და პოეტის, ამბროსის, მიერ ძველ ფრანგულ ენაზე დაწერილი ქრონიკა – „წმინდა ომის ისტორია“. ორივე თხზულება ეძღვნება ინგლისელი მეფის, რიჩარდ ლომგულის, ჯვაროსნულ ლაშქრობას და დათარიღებულია 1200­-1222 წლებით“ (,,წმინდა ცეცხლი“).
ნიშანდობლივია, რომ ორივე ავტორი თავად მონაწილეობდა ჯვაროსნულ ომებში.
,,პაპმა ურბან II-მ კლერმონში 1095 წელს, უამრავი ადამიანის წინაშე წარმოთქმულ ქადაგებაში განაცხადა: „ჭეშმარიტად ამ ტაძარში (უფლის საფლავში) სუფევს ღმერთი: ამ ტაძარში მოკვდა ჩვენი სულებისათვის და აქვე დაკრძალეს იგი. დღესდღეობითაც არ წყვეტს მაცხოვარი სასწაულების მოვლენას ჩვენთვის, რადგანაც თავისი ვნების წმინდა დღეებში, როცა ყოველგვარი ცეცხლი ჩამქრალია საფლავის თავზე და მთელ ტაძარში, უეცრად ყველა კანდელი ინთება. რომელ გულს არ მოალბობს ასეთი სასწაული, რაც არ უნდა გაქვავებული იყოს იგი.
მადლმოსილ ცეცხლთან დაკავშირებით შემონახულია თავად ბიზანტიის იმპერატორის იოანე VI კანტაკუზელის (1347­1354 ) ცნობა. მან უარი თქვა სამეფო ტახტზე და ბერად აღიკვეცა. იგი კონსტანტინეპოლის ერთ-ერთ მონასტერში განმარტოვდა, სადაც დაწერა „მესამე დამცველი სიტყვა“ მუსლიმთა წინააღმდეგ. იგი აღწერს იერუსალიმის მუსლიმი გუბერნატორის თვალწინ წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის სასწაულს.
„იმ დროს, როდესაც საფლავის წინ მყოფი ქრისტიანები უგალობენ ქრისტეს აღდგომას, ზეციდან ნათელი გარდამოდის, რომელიც უფლის საფლავის მახლობლად სამ კანდელს ანთებს, რასაც მმართველი მუსლიმი თავადი ესწრება… მსგავსად იორდანეზე ზეციდან გარდამოსული ხმისა ქრისტეს ნათელღების ჟამს: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ“, ესე იგი, ქრისტე. ამის მსგავსად გარდამოდის ცით შუქი, მორწმუნე და არამორწმუნეთათვის დასტურად იმისა, რომ ის ქრისტეა, ძე და სიტყვა ღვთისა, ჭეშმარიტი ღმერთი და კაცი“ („წმინდა ცეცხლი“).
,,კოდექსი Pარის Gრეც 1242 ­ იმპერატორის ყველა ხელნაწერს მოიცავს. კოდექსი შეიქმნა იმპერატორის სიცოცხლეში 1370­-1375 წწ.“ („წმინდა ცეცხლი“).
აღდგომის მადლმოსილ ცეცხლთან დაკავშირებით, ასევე, არსებობს შუა საუკუნეთა საინტერესო ცნობები. კონსტანტინეპოლის დაცემის შემდგომ (1579 წ.), როდესაც სელჩუკებს იერუსალიმი ჰქონდათ აღებული, სომეხმა მონოფიზიტებმა თურქი ჯარისკაცები მოისყიდეს, კუვუკლიაში ადრე შეიპარნენ, კარი გადარაზეს და მართლმადიდებელ პატრიარქს შიგნით შესვლის საშუალება არ მისცეს. მონოფიზიტები ბევრს ლოცულობდნენ და ელოდნენ სასწაულს, მაგრამ ამაოდ, ღვთაებრივი ცეცხლი არა და არ გადმოდიოდა. ხოლო მართლმადიდებელი პატრიარქი მრევლთან ერთად დაემხო დახშული კარის წინ და ცრემლიანი ლოცვით ევედრებოდა უფალს, რა დროსაც სრულიად მოწმენდილ ცაზე დაიქუხა ღვთაებრივმა ცეცხლმა, მარმარილოს სვეტი გახეთქა, მისი ნაპრალიდან გადმოვიდა და მართლმადიდებელი პატრიარქის სანთლები აანთო. არაბმა მართლმადიდებლებმა ეს სასწაული რომ იხილეს, დასცეს ყიჟინა და ყვიროდნენ ჩვენი სარწმუნოება მართალიაო, შემდეგ ძალით შეცვივდნენ ეკლესიაში.
ამ დროს მოხდა კიდევ ერთი დიდი სასწაული, ერთმა თურქმა ოფიცერმა სახელად ანვარმა, რომელიც თავის ჯარისკაცებთან ერთად მახლობელი შენობის ზედა სართულზე, სადარაჯოზე იდგა, როდესაც თავისი თვალებით იხილა ცეცხლის გადმოსვლა, გადმოეშვა მარმარილოს ფილებზე ტაძრის წინ და მთელი ხმით შესძახა ,,ძლიერ არს ღმერთი ქრისტიანეთა, მე ქრისტიანი ვარ!“ მას ქვის იატაკზე არაფერი დაშავებია, თუმცა მისი ფეხის კვალი დღემდე შემორჩა ქვის ფილებზე. ამგვარი აღიარებისთვის ფანატიკოსმა თურქებმა ანვარს თავი მოჰკვეთეს, მისი სხეული კი დაწვეს, სისხლით მონათლული მოწამის ფერფლი დღემდე დაცულია ერთ-ერთ მართლმადიდებლურ მონასტერში.
გერმანელი მოგზაური იოჰან შილტბერგერი (1425 წ.) მონაწილეობდა ჯვაროსნულ ომებში. იგი დაჰყვებოდა სხვადასხვა თანამდებობის პირებს სხვადასხვა ქვეყნაში და აღწერდა იმდროინდელ ისტორიასა და გეოგრაფიას. თავის წიგნში ,,მოგზაურობა” მეორმოცე თავში წერს: „იქ არის კანდელი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში წითელ პარასკევამდე ანთია, როდესაც მას აქრობენ, იგი აღდგომის დღეს თავისით ინთება. იქვე, აღდგომის დადგომამდე, საფლავის ზემოთ ჩნდება ცეცხლის მსგავსი ნათება. (,,სვიატოი სვეტ.” გვ. 214)
შვეიცარიელი ისტორიკოსი, მონაზონი ფელიქს ფაბი (1483 წ.) წიგნში, „მოგზაურობა წმინდა მიწაზე“, საუბრობს ღვთაებრივ ცეცხლზე. მართალია, იგი არ შესწრებია, მაგრამ ჰყვება თვითმხილველთა მონათხრობებს მადლმოსილ ცეცხლთან დაკავშირებით (,,სვიატოი სვეტ“, იზდატელსტვო ელეია აფინი 2011 წ/ხარის კ. სკარლაკიდის გვ.216-218).
1101 წელს, როდესაც რომის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები ფლობდნენ იერუსალიმს, მათ დამოუკიდებლად მოინდომეს კუვუკლიაში ღვთაებრივი ცეცხლი მიეღოთ, მათ ამ მცდელობის დროს შეგნებულად არ მოიწვიეს მართლმადიდებლები. რა თქმა უნდა, მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა. ლათინელი იერარქი არნოლდი, ამ იმედგაცრუებამ შოკში ჩააგდო, მან გასცა ბრძანება: ტაძრიდან ყველა ერეტიკოსი გაეგდოთ, რომლებიც მაცხოვრის საფლავთან იმყოფებოდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ იგი სხვა ლათინელმა პატრიარქმა, ტაიმბერტმა შეცვალა. სამწუხაროდ, ისიც თავისი წინამორბედის გზას გაჰყვა, მან ტაძრიდან გააგდებინა ყველა ადგილობრივი ქრისტიანი და მართლმადიდებელი და ყველა საეკლესიო ნაგებობებში მხოლოდ ლათინები შეუშვა. რის გამოც ღვთის რისხვამ არ დააყოვნა და 1101 წლის დიდ შაბათს მადლმოსილი ცეცხლი არ გარდამოვიდა. ყოველივე ამის შემდეგ მეფე ბალდუინ I-მა იზრუნა, რომ ქრისტიანებს კვლავ დაბრუნებოდათ თავიანთი უფლებები მაცხოვრის საფლავზე.
როგორი კონტროლი ხორციელდება მუდმივად, კუვუკლიაში ყოველ დიდ შაბათს ცეცხლის გადმოსვლამდე, ამის შესახებ მამა მიტროფანე (პაპაიოანუ), რომელიც 57 წლის განმავლობაში მაცხოვრის საფლავის მცველად მუშაობდა, არქიმანდრიტ საბა (არხილეოსს) სწერდა: ,,დიდი შაბათის დილას 10-დან 11 საათამდე მკაცრი კონტროლი ხორციელდება, განსაკუთრებული უფლებამოსილი პირები შედიან კუვუკლიაში უფლის საფლავთან, სადაც ოქროს ფარდასავით კიდია 43 ოქროს კანდელი, რომლებიც სხვადასხვა კონფესიას ეკუთვნის, აღნიშნული უფლებამოსილი პირები პატრიარქის შესვლამდე ყველა კანდელს აქრობენ. ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლის დღეს მყარდება ძალზედ მკაცრი წესრიგი, რომელიც აქ საუკუნეების განმავლობაში უცვლელად გრძელდება. ამ დღეს აუცილებლად ესწრებიან და ყველაფერს მეთვალყურეობას უწევენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები. კათოლიკეები, სომხები და კოპტები. მათთან ერთად კუვუკლიაში სპეციალურად უფლებამოსილი პირიც შედის. ამ ადამიანთა იქ ყოფნას აქვს ერთი დანიშნულება – გააკონტროლონ ვითარება, რათა შემთხვევით ან მიზანმიმართულად ანთებული არ დარჩეს რომელიმე კანდელი, ანდა რაიმე საგანი, რომლიდანაც შესაძლებელი იქნება ცეცხლის ანთება. ასევე, ვინმე რომ არ დაიმალოს კუვუკლიაში, უფლის საფლავი სამჯერ მოწმდება და კანდელებთან ერთად აქრობენ სანთლებსაც; შემდეგ უფლებამოსილი პირები გამოდიან კუვუკლიიდან და მაცხოვრის საფლავის ტაძარი ეხვევა სრულ წყვდიადში, დიდი შაბათის დილას, ზუსტად 11 საათზე, ხორციელდება საფლავის ცვილით დაბეჭვდის პროცედურა, ამის შემდეგ იწყება სამგზის ჯვრიანი მსვლელობა კუვუკლიის გარშემო, რის შემდგომაც პატრიარქი დგება შესასვლელის წინ, ამ დროს განსაკუთრებულ უფლებამოსილ პირთა მიერ, მორწმუნეთა თანდასწრებით, ხორციელდება ყველაზე გულმოდგინე ჩხრეკა-კონტროლი, რათა ყოველგვარი ეჭვი გაიფანტოს, რომ შეიძლება ცეცხლის ანთების სხვა საშუალება არსებობდეს. პატრიარქი, ერთი შესამოსლის და ომოფორის ამარა მიბრძანდება მაცხოვრის საფლავთან, სადაც ზუსტად 12 საათზე ხსნიან ცვილის ბეჭდს და პატრიარქი იწყებს ლოცვას ღვთაებრივი ცეცხლის მისაღებად.“
მაცხოვრის საფლავი აღდგომის ტაძარში მდებარეობს, რომელიც IV საუკუნეში ელენე დედოფლის ბრძანებით აშენდა. უფლის საფლავზე აგებულია სამლოცველო კუვუკლია, რომელიც ანგელოზის, ეკვდერისა და მაცხოვრის საფლავისაგან შედგება. ნიშანდობლივია ისიც, რომ წმინდა ცეცხლი მუდმივად მხოლოდ მართლმადიდებელთა კანდელზე გადმოდის, მიუხედავად იმისა, რომ გვერდით სხვა კონფესიიის კათოლიკეების, სომხების და კოპტების წარმომადგენელთა კანდელებიც დგას.
გარდა ამისა, როგორც მრავალი თვითმხილველი ჰყვება, ზოგჯერ წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა სხვა დღეებშიც შეუნიშნავთ. მაგალითად, წმინდა საფლავთან მრავალი წლის განმავლობაში მნათედ მსახურობდა ა.ც., იგი მოწმობს, რომ 1994 წელს 10-დან 21 ივლისამდე, მთელი ათი დღის მანძილზე, ღვთაებრივი ცეცხლი, გამთენიიდან დღის პირველ საათამდე, ყოველდღე გარდამოედინებოდა. ამის მხილველი სხვა მრავალი ადამიანიც იყო.
წმინდა საფლავის მოსალოცად მისულ მორწმუნეებს ხშირად შეუმჩნევიათ ჰაერში ფორთოხლის ზომის ცეცხლოვანი მოლურჯო ნათებები, რომელთაც ზოგჯერ ელვის ფორმა აქვთ, რაც ხშირად ფოტოაპარატის ნათება ჰგონიათ ხოლმე, არადა, მსგავსი გაელვებები მაშინაც ბევრჯერ უხილავთ, როდესაც კონკრეტულ ვითარებაში არავის არ ჰქონია ტექნიკური საშუალება.
ყოფილა შემთხვევები, დიდ შაბათს ტაძარში ან მის გარეთ მდგომ მლოცველებს, უეცრად თავისით რომ ანთებიათ სანთლები.
როგორც ცნობილია, აღდგომის დღესასწაულზე ცეცხლის გარდამოსვლისათვის აუცილებელია სამი პირობა. ეს ღვთიური განგებულებაა და ამას მოწმობს, როგორც ისტორიული წყაროები, ასევე იერუსალიმის თანამედროვე ცხოვრება. პირველი პირობა გახლავთ ის, რომ აღდგომის ტაძარში ლოცვას აუცილებლად მართლმადიდებელი პატრიარქი უნდა აღავლენდეს. მეორე პირობის თანახმად, სააღდგომო მსახურებას უნდა ესწრებოდნენ საბაწმინდელი ისიხასტი ბერები იუდეის უდაბნოდან. ხოლო მესამე პირობა იმაში მდგომარეობს, რომ ტაძარში აუცილებლად უნდა იმყოფებოდნენ არაბი მართლმადიდებლები, რომლებიც თავიანთი ლოცვებითა და შეძახილებით: „ჩვენი სარწმუნოება მართალია“ ერთგვარ ყიჟინას სცემენ, რაც ერთი შეხედვით, ღვთისმსახურებისთვის ფრიად უჩვეულო ფორმას წარმოადგენს. აქ წარმოდგენილი სამი პირობიდან ერთიც რომ არ აღსრულდეს, ღვთაებრივი ცეცხლი არ გარდამოვა. ჩვენ მიერ მოხმობილი ფაქტებიდან ამ პირობის აუცილებლობას განსაკუთრებით აშკარად გვიდასტურებს 1579 წელს მომხდარი შემთხვევა მართლმადიდებელ პატრიარქთან დაკავშირებით. თითქმის ანალოგიურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, არაბი მართლმადიდებლების სააღდგომო მსახურებაზე დასწრების აკრძალვისას: 1800-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ბრიტანელები ბატონობდნენ, მაშინდელმა ინგლისელმა გუბერნატორმა სცადა ამ ველური ჩვეულებისთვის ბოლო მოეღო და არაბები ტაძარში არ შეეშვა, მაგრამ ცეცხლი მანამდე არ გარდამოვიდა, ვიდრე პატრიარქის კურთხევით არაბი მართლმადიდებლები ტაძარში არ შევიდნენ და კვლავ თავისებურად არ ილოცეს.
ამგვარადვე ხმამაღალი ყიჟინითა და საყვირებით ლოცულობდნენ ებრაელთა წინაპრები ქალაქ იერიქონის აღების დროს და მისი კედლები ნელ-ნელა ინგრეოდა. ასევე როკავდა და გალობდა დავით მეფსალმუნე აღთქმის კიდობნის წინ. ამდენად, როგორც ჩანს, არაბებმა დღემდე შემოინახეს უძველესი ტრადიცია და ძველაღთქმისეული ლოცვა-ღაღადისი.
ქართველმა დეკანოზმა პეტრე კენჭოშვილმა წმინდა მიწაზე იმოგზაურა 1899 წელს. შთაბეჭდილებები აღწერა ნაშრომში „მოგზაურობა წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ“.
იგი იერუსალიმის პატრიარქის კურთხევით, როგორც სასულიერო პირი დაესწრო დიდი შაბათის მსახურებას.
,,მართლმადიდებელი ბერძენი პატრიარქი სომეხთა პატრიარქთან ერთად შედის წმ. საფლავის ქვაბში (სომეხი წინკარში რჩება).
მანამდე კი ბერძენ პატრიარქს ჩხრეკენ, უსინჯავენ „ჯიბეთა და თითქმის წვერსაც“. შემდეგ მთელი ეკლესია დამშვიდდება, აღივსება მოლოდინით. ღრმა დუმილი სუფევს ტაძრის ყველა კუთხეში. „ერთბაშად მოისმის ქუხილის მსგავსი ყვირილი სხვადასხვა ენაზე 30 ათასის კრებისა, რომელიც შეაძრწუნებს ძარღვებსა, და მაღალი თაღებიც ტაძრისა აორკეცებენ ამ ხმიანობასა. წმ. ცეცხლი აღმობრწყინდება თვით ქრისტე მაცხოვრის საფლვიდამ, და იქიდამ აღანთებს სანთელთა პატრიარქი, ამ წმ. ცეცხლს მოლურჯო ნათელი აქვს და არცა სწვავს. ზოგნი პირისახეზედაც შემოივლებენ ანთებულს სანთელსა და არ სწვავსო, ვითარცა გადმომცეს იქ დამსწრეთ“ („წმინდა ცეცხლი“).
აქ მოხმობილი ისტორიული არგუმენტები ძალზე მწირია იმ აუარება მოწმობათაგან, რომლებმაც დღემდე მოაღწია. ჩვენ მხოლოდ მცირედი შემოგთავაზეთ. მსურველებს შეუძლიათ გაეცნონ ამ მასალებს წიგნში „წმინდა ცეცხლი“, რომელშიც უხვად გახლავთ წარმოდგენილი ევროპული და ისლამური ისტორიული მოწმობები, სადაც დეტალურად მეცნიერულ დონეზე გახლავთ ყველა წყარო მითითებული.

მეცნიერული მტკიცებულებები
ზოგიერთი სომეხი ეროვნების სასულიერო პირი უარყოფს 1579 წელს მომხდარ სასწაულს, როდესაც სომხებმა მართლმადიდებელი პატრიარქი არ შეუშვეს აღდგომის ტაძარში და ცეცხლი მაინც მართლმადიდებელ პატრიარქზე გადმოვიდა ტაძრის გარეთ სვეტიდან. თითქოს არ მომხდარა ეს სასწაული და აქ სვეტზე ნაპრალი მიწისძვრის შედეგად არის გაჩენილი.
ყოველივე ამის პასუხად მოვუხმობთ მეცნიერთა კვლევის შედეგებს: მაგალითად, პროფესორმა ევგენი მოროზოვმა, რომელიც წამყვანი სპეციალისტი გახლავთ ნგრევის მექანიკაში არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მსოფლიო მასშტაბით (იგი ავტორია რვაასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა ამ თემებზე), გამოიკვლია მისთვის წარმოდგენილი სვეტის ნაპრალის ზუსტი ფოტოები და ერთმნიშვნელოვნად დაასკვნა, რომ იგი შეიძლებოდა გაჩენილიყო მხოლოდ ელექტრონული განმუხტვის შედეგად, რადგან მისი სტრუქტურა იმგვარია, შეუძლებელი იყო ნაპრალის ხელოვნურად წარმოქმნა. ამას დიდი სიმძლავრის ელექტროგენერატორი დასჭირდებოდა, მით უმეტეს მეთექვსმეტე საუკუნეში, როდესაც ელექტრობაზე საერთოდ არაფერი იცოდნენ. ყოველივე ეს კი მის ჭეშმარიტებას ადასტურებს.
ათენის უნივერსიტეტის პროფესორმა, წამყვანმა მეცნიერმა იმავე დარგში გიორგი ა. პაპანდოპულომ აღნიშნული მასალები შეისწავლა. მისი დასკვნით, სვეტზე არსებული ბზარი წარმოქმნილია ერთდროულად სეისმური ბიძგისა და ელექტრული განმუხტვის „ელვის“ შედეგად, რაც აშკარა სასწაულზე მეტყველებს (,,სვიატოი სვეტ“, იზდატელსტვო ელეია აფინი 2011 წ/ხარის კ. სკარლაკიდისი. გვ. 236).
სვეტზე ნაპრალის გაჩენა, მეხის შედეგად რომ არ მომხდარა, ეს როგორც ისტორიულად, ასევე მეცნიერულად მტკიცდება. ცნობილია, იმ დროისთვის იერუსალიმში ისეთი სიცხე და მშრალი ჰავაა, რომ ელვა, ჭექაქუხილი და მეხის ჩამოვარდნა ყველანაირი კანონებით კატეგორიულად გამორიცხულია. მსგას აფსურდულ არგუმენტს საკითხის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ოპონენტებიც არ იყენებენ. ამგვარ კლიმატურ პირობებში მეხის ჩამოვარდნა სასწაული იქნებოდა და არა ბუნებრივი მოვლენა.
აქვე კიდევ ერთ მეცნიერულ მოწმობას წარმოგიდგენთ:
2008 წელს ი. ვ. კურჩატოვის სახელობის ატომური ენერგიის ინსტიტუტიდან წმინდა მიწაზე გაიგზავნა სამეცნიერო დელეგაცია, რომელსაც სათავეში ედგა რუსი ფიზიკოსი ანდრეი ვოლკოვი. დელეგაციის მიზანი წმინდა ცეცხლის სასწაულის კვლევა გახლდათ. ექსპედიციას ხელმძღვანელობდა პროფესორი ალექსანდრე მოსკოველი. დილის ცხრა საათისთვის, ანდრეი ვოლკოვი, აღდგომის ტაძარში უფლის საფლავიდან ათი მეტრის მოშორებით ათავსებს სპეციალურ აპარატურას. ეს გახლდათ გამოთვლებისათვის საჭირო ელექტრონული ოსცილოსკოპი, ის უერთდებოდა მოძრავ კომპიუტერს, რომელშიც შესაბამისი პროგრამა იყო ჩაწერილი.
მთავარი მიზანი გახლდათ გარკვეულ სიხშირეებზე ელექტრომაგნიტური გამოსხივების სპექტრის დაფიქსირება.
მეცნიერული გამოკვლევის შედეგებზე ფიზიკოსმა ისაუბრა გაზეთ „რწმენაში“ 2009 წლის 21 აპრილს. გთავაზობთ ამ ინტერვიუს, რომელიც ასევე დაიბეჭდა წიგნში „წმინდა ცეცხლი“, ქართული თარგმანით.
,,ანდრეი ალექსანდრეს ძევ, მაინცდამაინც თქვენ რატომ გაემგზავრეთ მადლმოსილი ცეცხლის ბუნების შესასწავლად?
• ბოლო თორმეტი წელი მე ვიკვლევ ეგრეთ წოდებულ დაბალ ტემპერატურულ პლაზმას.
• ეს რა არის?
• სამყაროს ნივთიერებათა უდიდესი ნაწილი პლაზმის მდგომარეობაშია: ვარსკვლავები, გალაქტიკური ნისლი, ვარსკვლავთშორისი სივრცე. ეს ძლიერ იონიზებული აირია… მიწაზე კი იშვიათი მოვლენაა. მეცნიერებმა იგი სულ ახლახან შექმნეს. მაგალითად, ქირურგიაში გამოიყენება „სკალპელი“, რომელიც პლაზმის თხელი ნაკადისაგან შედგება, ის 5 000­7 000 გრადუსამდეა გავარვარებული. ეს მაღალი ტემპერატურული პლაზმაა, რომლითაც მატერია იჭრება. არსებობს კიდევ დაბალტემპერატურული, 40­80­გრადუსიანი პლაზმა, რომელიც ახორცებს ჭრილობას. აი, ასეთი სამედიცინო „შემახორცებელი“ მოწყობილობების შექმნაზე ვმუშაობ; უკვე იწყება მათი წარმოება.
• და რა კავშირშია ეს წმინდა ცეცხლთან?
• თუ ვიმსჯელებთ მრავალრიცხოვანი მონათხრობის მიხედვით, წმინდა ცეცხლს თან ახლავს პლაზმა, რომელიც ძალიან წააგავს დაბალტემპერატურულს. მაგალითად, ცნობილია, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში ცეცხლი არ წვავს. აგრეთვე უკვე ათასი წელია, რაც თვითმხილველები საუბრობენ უცნაურ ციმციმზე, რომელიც ტაძრის კედლებს აელვებს ცეცხლის გარდამოსვლამდე და გარდამოსვლის მომენტში. თუმცა დღეს რთულია ასეთი ციმციმის გარჩევა, ვინაიდან ამ დროს უამრავი ფოტოაპარატი გამოიყენება, გადაღება ტაძარში აკრძალული არ არის.
• ასეთი პლაზმური მოვლენები იშვიათობას წარმოადგენს?
• რა თქმა უნდა, ლაბორატორიაში ჩვენ ვიკვლევთ დაბალტემპერატურულ პლაზმას მხოლოდ ვაკუუმის პირობებში. ჰაერში მისი არსებობა დასაშვებია მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ პირობებში… მაღალი ტენიანობის დროს. უფლის საფლავზე აღდგომის დროს კი სიცხე და მშრალი ჰაერია, ელექტრობის გამტარი ტენიანობა არ შეიმჩნევა, ასე რომ, არანაირი პირობა არ არის, რომ წარმოიქმნას პოტენციალების მძლავრი განსხვავება. მიუხედავად ამისა, წარმოიშობა ციმციმი, მანათობელი სვეტები, რომლებიც, ვფიქრობ, იგრაგნება და წარმოქმნის ნაპერწკალსა და სინათლეს.რუსი ფიზიკოსი ადასტურებს, რომ ტაძრის შენობაში პლაზმის წარმოქმნა მეცნიერული თვალსაზრისით აბსოლუტურად აუხსნელი და დაუსაბუთებელია. გამოთვლებმა მიაღწიეს კულმინაციას ცეცხლის გარდამოსვლის დროს, როდესაც პატრიარქი ჯერ კიდევ საფლავის ქვაბულში იმყოფება. 14:04 საათზე (15:04 მოსკოვის დროით) აპარატმა დააფიქსირა მოულოდნელი იმპულსი და ორ წუთში პატრიარქმა გამოაბრძანა წმინდა ცეცხლი.
აი, კიდევ რას გვიამბობს ინტერვიუს დროს ანდრეი ვოლკოვი:
• საკმაო ხანი გავიდა, რაც იერუსალიმის პატრიარქი შებრძანდა კუვუკლიაში და დაიწყო ცერემონია… და, აი – არის! დაფიქსირდა გამოსხივების სპექტრის ცვალებადობა გაუგებარი იმპულსის გამო. ეს მოხდა 15 საათსა და 4 წუთზე. ერთი აფეთქება – და მორჩა. გამოდის იერუსალიმის პატრიარქი და ხელში ანთებული სანთელი უპყრია.
• კი მაგრამ, რა აფეთქება იყო ეს?
• ელექტრომუხტი. რა არის ეს, საიდან მოვიდა, არ ვიცი. მოგვიანებით, როდესაც რუსეთში ჩამოვედი, დავიწყე ჩაწერილი რადიოსიგნალების გაშიფვრა. მათი ფიქსაცია ექვსი საათი და ოცდაათი წუთი გრძელდებოდა. ერთი მონაკვეთი დაახლოებით ათასი „კადრისაგან“ შედგება. სამუშა დამღლელი გამოდგა, მაგრამ დადასტურდა: ცეცხლის გარდამოსვლამდე ელექტრომუხტი ფიქსირდებოდა… დეტალებს ახლა ვერ გეტყვით, ვინაიდან ასე ვართ მოლაპარაკებული დოკუმენტური ფილმის რეჟისორთან. ფილმში დეტალურად იქნება წარმოდგენილი გამოთვლების კარტოგრამა. მთავარი კი უკვე ვთქვი: ელექტრომუხტი იყო… ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აი, რატომ: აქ ასეთი სრული სურათი იკვეთება. პლაზმურ მოვლენებზე უკვე გითხარით, რომ ეს თავისთავად უკვე სასწაულია, ვინაიდან ტაძარში არანაირი პირობა არ არის მათ წარმოსაქმნელად. მეორე აუხსნელი ფაქტი: ჰაერის ელექტრულ დამუხტვას, რომელიც ხელსაწყოს გარეშეც ჩანს, ბევრი ადამიანი გრძნობს, ვინაიდან მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლის დროს ხელებზე ბურძგლავთ. ასეთი რამ შესაძლებელია ელექტროპოტენციალებს შორის დიდი სხვაობის შემთხვევაში, მაგალითად, სახლის სხვენსა და პირველი სართულის იატაკს შორის. ეს მაშინ, თუ სახლი სუფთა კვარცისაგან არის ნაშენი, გარეთ კი ჭექა-ქუხილია. მაგრამ, როგორც წესი, იერუსალიმში აღდგომის დღეებში მშრალი და ცხელი ამინდი იცის. საფლავი უფლისა კი განსხვავებული მასალისაგან არის აშენებული, ნიჟარებისაგან, მარმარილოსა და ხისაგან. მას ერთიანი გეგმის გარეშე, სხვადასხვა მინაშენით აგებდნენ. ამდენად, ეჭვი იმის თაობაზე, რომ აქ თავიდანვე დაატანეს გიგანტური რეზონატორი, გამმართველი და კონდენსატორი, რომლებიც აუცილებელია ელექტრომუხტის დაგროვებისა და განმუხტვისთვის, უბრალოდ, აბსურდულია. და მაინც, თავს იჩენს ელექტროპოტენციალების სხვაობა! ამასთანავე ეს ხდება გარკვეულ დღეს, პასექზე, კუვუკლიაში ლოცვის შემდეგ და, ბოლოს, ჩვენ მიერ აღმოჩენილი შტრიხი – წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას თან სდევს განმუხტვა. გამოდის, რომ ცეცხლი ამ უჩვეულო და აუხსნელი, ელექტრული ბუნების მატარებელი მოვლენების განუყოფელი ნაწილია. ნუთუ ეს არ არის სასწაულის დადასტურება?
ან დრეი ვოლკოვი იუწყება, რომ ცეცხლის გარდამოსვლამდე ფიქსირდება სამი აუხსნელი ფაქტი:
• პირველი, პლაზმის უჩვეულო მოვლენა, რომელიც თავისთავად სასწულია;
• მეორე, ჰაერის აუხსნელი და დაუსაბუთებელი ელექტრული დამუხტვა ელექტროპოტენციალების მძლავრ სხვაობასთან ერთად;
• მესამე, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლასთან ერთად ელექტროგანმუხტვა. ამ ეთდროულად დაფიქსირებულ ფაქტებს მეცნიერი ახასიათებს, როგორც „წარმოუდგენელსა და აუხსნელს“.
ანდრეი ვოლკოვის კვლევა იწვევს უზარმაზარ ინტერესს. ეს სრულიად ახალი, წმინდა მეცნიერული მიდგომაა საიდუმლო ცეცხლის სასწაულის შესწავლის საკითხში. გამოთვლების შედეგებმა აჩვენა, რომ ეს მოვლენა სასწაულებრივი ბუნებისაა, რაც თავისთავად მრავლისმეტყველია“.

ლაშა ცაიშვილი