მთავარი ახალი ამბები სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულათა სისტემის კლება ვიდეოკამერებს მიებმება — შსს

სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულათა სისტემის კლება ვიდეოკამერებს მიებმება — შსს

შსს საგზაო მოძრაობის წესების შესახებ კანონში ცვლილებებს გეგმავს, კერძოდ კი მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულათა სისტემის კლების ვიდეოკამერებზე მიბმას. ამის შესახებ დღეს, 6 მაისს შს მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახიძემ გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე ისაუბრა.

“ამან გამოიწვია არაერთგვაროვანი რეაქციები და მინდა ავხსნა, რომ დღესაც, როდესაც ვიდეოკამერებით ხდება დაჯარიმება, ვიდეოკამერა აჯარიმებს ავტომანქანის მფლობელს, იმიტომ რომ ვიდეოკამერა მძღოლს სახეზე ვერ ცნობს, ვინ ზის საჭესთან, კამერისთვის უცნობია, შესაბამისად ამ შემთხვევაშიც ხდება ავტომანქანის მფლობელის დაჯარიმება”, — ამბობს მინისტრის მოადგილე და ამბობს, რომ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში ამ საგაზაფხულო სესიაზე წარდგება და დაიწყება განხილვა.

“ქულათა სისტემა არის ერთ-ერთი ბერკეტი სხვა ყველაფერთან ერთად, კამერებთან ერთად, საპატრულო ეკიპაჟებთან ერთად და ა.შ. ამან გამოიღო გარკვეული შედეგი თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ აუცილებელია ამ ეფექტიანობის გაზრდა. შესაბამისად ჩვენ ვეძებთ გზებს, რომ ქულათა სისტემის ეფექტიანობა კიდევ უფრო გაიზარდოს”, — განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა 2017 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდა, რომლის მიხედვით, ქულების კლება შეეხება მხოლოდ პატრულ-ინსპექტორის მიერ გამოწერილ ჯარიმას. თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც მართვის მოწმობის მფლობელის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში იქნება ჩადენილი, გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას.

კალენდარული წლის განმავლობაში სამართალდარღვევების გამო ქულების 0-მდე შემცირება მართვის უფლების შეჩერებას გამოიწვევს და მართვის უფლების მისაღებად პირი იძულებული იქნება, გამოცდა ხელახლა ჩააბაროს.