მთავარი ახალი ამბები პარლამენტის რიგგარეშე სხდომა: 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა: 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე

221
0

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, დღეს, 8 მაისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

კანონმდებლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს.

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ, მესამე მოსმენით განსახილველად საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ წარადგინა. მომხსენებლის განცხადებით, საკომიტეტო განხილვის დროს პროექტთან დაკავშირებით რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა. 
კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს ეკლესიის, სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, 12 მაისის უქმე დღედ გამოცხადების საფუძვლად განისაზღვრება ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეც – იმედის დღე.

კანონპროექტი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, თანმდევ პაკეტთან ერთად, გამარტივებული წესით, ერთი მოსმენით განსახილველად, საქართველოს პარლამენტის წევრმა, პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ანრი ოხანაშვილმა წარადგინა.

პროექტი კანონის კონკრეტულ ნორმათა ამოქმედების თარიღის ცვლილებას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი მუხლების ამოქმედების თარიღად 2019 წლის 10 მაისი, 2019 წლის 1 ივლისი და 2020 წლის 30 მარტი განისაზღვრება.

რიგგარეშე სხდომის დასასრულს, დეპუტატებმა კენჭი უყარეს განხილულ საკითხებს და მხარი ერთხმად დაუჭირეს.