მთავარი ახალი ამბები წულუკიანი: მამალაძესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა რეკომენდაცია გააუქმა. 

წულუკიანი: მამალაძესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა რეკომენდაცია გააუქმა. 

276
0

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით საფუძველს არის მოკლებული.

მისი თქმით, სახალხო დამცველმა გამოსცა რეკომენდაცია იუსტიციის სამინისტროს სახელზე, რომ მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული საჭირო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს და ის სამოქალაქო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ.

„ეს რეკომენდაცია ომბუდსმენმა იუსტიციის სამინისტროს სახელზე გამოსცა. ჩვენ ის მივიღეთ, გავეცანით. გადაეცა პენიტენციურ სამსახურს და სახალხო დამცველს გაეგზავნა მტკიცებულებები, რომელიც ჩვენს სისტემას აფიქრებინებდა, რომ ეს რეკომენდაცია უსაფუძვლოა. ამის შემდეგ სახალხო დამცველმა ეს რეკომენდაცია მოხსნა და ის დღეს აღარ არის ძალაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა თავისი წარმომადგენელი ფსიქიატრი შეუშვა მე-18 დაწესებულებაში.

„ფსიქიატრმა პრაქტიკულად ორი საათის განმავლობაში ჩაატარა ინტერვიუ ბატონ მამალაძესთან. ექიმს არ ჰქონდა ის მტკიცებულებები, რაც ჩვენ შემდეგ წარვადგინეთ, შესაბამისად, ახალი დოკუმენტაციის და მტკიცებულებების საფუძველზე სახალხო დამცველმა ჩათვალა, რომ ეს რეკომენდაცია, მისივე გამოცემული დოკუმენტაცია აღარ იყო ვალიდური“, – განაცხადა წულუკიანმა.

რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ეს მისი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება.

„არ ვიცი, ვერ გეტყვით, ჩემ უფლებამოსილებას სცილდება შეწყალების საკითხები. ამიტომ არ მაქვს ინფორმაცია. ერთადერთი ვიცი ის, რომ როგორც ყველა პატიმარს, მამალაძესაც აქვს დიდი სურვილი, რომ შეიწყალონ, ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ რატომ არის პრობლემატური, ამის შესახებ არ ვფლობ ინფორმაციას“, – განაცხადა წულუკიანმა.

2019 წლის 8 მაისს საქართველოს საპატრიარქომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, გიორგი პატარიძეს და სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართა. წერილს ხელს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აწერს.

7 მარტს საქართველოს საპატრიარქომ უზენაეს სასამართლოს დეკანოზ მამალაძის საქმის მასალების გასაჯაროება სთხოვა.

საპატრიარქომ დეკანოზ მამალაძის საქმის მასალების გასაჯაროებას 26 თებერვალსაცითხოვა, თუმცა მთავარმა პროკურატურამ ამაზე უარი თქვა.

2 თებერვალს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.

2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა. უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში საერთოდ არ მიიღო.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.

 

წყარო: https://imedinews.ge/