მთავარი ახალი ამბები ქუთაისში მზის ენერგიის მოდულების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა

ქუთაისში მზის ენერგიის მოდულების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა

316
0

უახლოეს მომავალში დავინახავთ, რომ საქართველო გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში, მზის ენერგიის მოდულების მწარმოებელი გერმანული ქარხნის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა იყოს ფოკუსირებული მაღალტექნოლოგიურ წარმოებაზე და მზის ენერგიის მოდულების მწარმოებელი ქარხანა სწორედ ასეთი ტიპის საწარმო იქნება. პრემიერ-მინისტრის თქმით, საწარმო, დაამზადებს მზის პანელებს და მოამარაგებს ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებს, როგორიცაა ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ახლო აღმოსავლეთი.

„ქარხანას ხსნის გერმანული კომპანია „ეი სოლარი”, რომელიც მსოფლიო ლიდერია მზის პანელების წარმოებაში. მე მსურს, ინვესტორებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ქარხანა სწორედ საქართველოში აშენებულიყო. განიხილებოდა რამდენიმე ქვეყანა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორმა გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნისთვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის არის იმის გარანტი, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას ეროვნულ ეკონომიკაში.

„მე ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ორიენტირებული მაღალტექნოლოგიურ წარმოებებზე, ისეთ წარმოებებზე, რომელსაც აქვს საექსპორტო პოტენციალი, რომელთაც აქვთ პოტენციალი, რომ საქართველომ ადგილი დაიმკვიდროს, როგორც მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ. აღნიშნულ საწარმოში დასაქმდება 300 ადამიანი. ამასთან ერთად, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები, რომელიც დაგვეხმარება, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი პერსონალისთვის უფრო მეტი საგანმანათლებლო მოდულების დაარსება აქ, ქუთაისში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, რამდენიმე კვირაში კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი საწარმოს მშენებლობა დაიწყება საქართველოში და ეს იქნება პირველი ელექტრომობილების ქარხანა ქუთაისში.

მაღალი ეფექტურობის ფოტოვოლტური მზის ენერგიის მოდულების წარმოების ლიდერი შპს “აე სოლარის” უახლესი საწარმო 16 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული და ავტომატური რობოტიზებული კონვეირების მეშვეობით 500 მეგავატის მოცულობის წლიურ წარმადობას უზრუნველყოფს.