მთავარი მიმართულებები კულტურა 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

269
0

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მთელს მსოფლიოში 1950 წლის 1-ლი ივნისიდან  აღინიშნება.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მთელს მსოფლიოში აღნიშვნის გადაწყვეტილება, 1949 წლის ნოემბერში, ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის მიერ სპეციალურ სესიაზე იქნა მიღებული. გაერომ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა და ბავშვთა უფლებების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა თავისი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა.

ისტორიაში ცალსახად არაა მოცემული თუ რატომ აღინიშნება ეს დღე მაინცდამაინც 1 ივნისს, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული.  ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ როცა ჟენევაში იმართებოდა ბავშვების თემატიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია. 

ბავშვთა საერთაშორისო დღეს თავისი სიმბოლური დროშა გააჩნია. მწვანე ფონზე დედამიწის ირგვლივ განთავსებულია სხვადასხვა ფერის ადამიანის ფიგურები. დროშის მწვანე ფერი – ეს ჰარმონიის, სიცოცხლის და ნაყოფიერების ფერია. დედამიწა – მისი ლურჯი ფერი სამყაროზე მიგვანიშნებს, ეს ჩვენი საერთო სახლია. ხუთი ფერის ადამიანის ფიგურა კი სხვადასხვა რასის ხალხს გვახსენებს, რომელთა შორის მხოლოდ მეგობრული კავშირი უნდა იყოს. მათი ფეხების შეერთებისას წარმოქმნილი ვარსკვლავი კი ის დადებითი სხივია, რომელიც მსოფლიოს ადამიანთა კეთილგანწყობილი და მეგობრული ურთიერთობისას იკაშკაშებს. ხუთი სხვადასხვა ფერის წრე იმის სიმბოლოა, რომ მთელს კაცობრიობას ერთი საწყისი აქვს. თავში გამოსახული ადამიანის ლურჯი ფიგურა – ღმერთს გამოსახავს, რომელსაც ყველა  თანაბრად უყვარს. ამიტომაც ჩვენ, ადამიანები – მასში განსახიერებულნი, ვალდებულნი ვართ კაცთმოყვარენი ვიყოთ, გვიყვარდეს ყველა, განურჩევლად მათი რასის, კანის ფერის, მრწამსისა თუ მატერიალური მდგომარეობისა.

ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვებისთვის ეწყობა მასობრივი, გასართობი და კულტურული ღონისძიებები. დღესასწაულს, როგორც წესი, აღნიშნავენ ბავშვებისადმი მიძღვნილი კონცერტებით, გამოფენებითა და სხვა ღონისძიებებით, იმართება საქველმოქმედო აქციები. ამ დღეს განსაკუთრებით ცდილობენ დაეხმარონ ბავშვთა სახლებს, ავადმყოფ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, მიუსაფარ, გაჭირვებულ ოჯახებს, მრავალშვილიანებს. ცდილობენ აჩუქონ მათ საჩუქრები, გაუკეთონ სიურპრიზები და ცოტათი მაინც გაუუმჯობესონ ცხოვრება.

ბავშვთა საერთაშორისო დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი როდი აქვს, ეს დღე ახსენებს საზოგადოებას, რომ აუცილებელია ბავშვთა უფლებების დაცვა, რომ ყველა ბავშვი უნდა იზრდებოდეს ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოში, იყოს ბედნიერი, შეეძლოს სრულფასოვანი განათლების მიღება, საყვარელი საქმიანობის არჩევა და მუშაობა, რათა მომავალში თითოეულმა მათგანმა შეძლოს შესანიშნავ მშობლად და თავისი ქვეყნის საამაყო მამულიშვილად ჩამოყალიბება.

ბავშვთა უფლებების დეკლარაცია 1959 წელს იყო მიღებული,  „ყველა ბავშვს აქვს უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების იმ დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი თუ სოციალური განვითარებისათვის“ – ესაა ამონარიდი გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციიდან, რომელსაც საქართველო 1994 წელს შეუერთდა.

დეკლარაცია მოუწოდებს მშობლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მთავრობებს აღიარონ ბავშვთა უფლებები და მათ განხორციელებას ხელი შეუწყონ. 

გაეროს მიერ 1989 წელს 20 ნოემბერს მიღებული იქნა ბავშვის უფლებათა კონვენცია, კონვენციას ხელი 61 ქვეყანამ  მოაწერა. 

ზოგიერთ ქვეყნებში ბავშვებს როგორც უფასო სამუშაო ძალას იყენებენ და მონებადაც ყიდიან.

ბავშვები – ეს ხომ ყველაზე ძვირფასია რაც გაგვაჩნია! ამიტომაც აუცილებელია მათზე ზრუნვა და შრომა იმისათვის, რომ მათი ცხოვრება იყოს რაც შეიძლება უკეთესი. პატარების ღიმილი და ბედნიერი სახეები ხომ ყველაზე დიდი სიმდიდრეა ამ ქვეყნად.

ბავშვთა დაცვის დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს რომ მხიარული და ბედნიერი ბავშვობა უნდა ჰქონდეს ყველა ბავშვს!

მსოფლიოს ყველა ბავშვს ვულოცავთ ამ დღეს და ჯანმრთელ, ბედნიერ და უზრუნველ ბავშვობას ვუსურვებთ!

ავტორი: მარია სიჭინავა