მთავარი ახალი ამბები ირმა ინაშვილი -საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, ღრმადპატივცემულ ელჩებს!

ირმა ინაშვილი -საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, ღრმადპატივცემულ ელჩებს!

256
0

2019 წლის 19 ივნისი. თბილისი.

საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, ღრმადპატივცემულ ელჩებს!

ღრმადპატივცემულო ელჩებო, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ დაანონსებული კვირეულის და განსაკუთრებით, საჯარო მსვლელობის თემა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობაში ღრმა პროტესტსა და ვნებათაღელვას იწვევს.
ლგბტ ჯგუფების მხრიდან მსგავსი ტიპის საჯარო მსვლელობების, თუ ფესტივალების ღია სივრცეში გადმოტანა ქართველი ხალხისთვის ნიშნავს ლგბტ პირების ცხოვრების წესის პირდაპირ პროპაგანდას, რაც, ჩვენი ტრადიციებიდან, კულტურიდან, ზნეობიდან, აღმსარებლობიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია. ხაზს ვუსვამ- ვსაუბრობ ლგბტ პირების ცხოვრების წესის პროპაგანდაზე, რამაც საქართველოში მიზანმიმართული კამპანიის სახე შეიძინა.
გაითვალისწინა რა, საზოგადოებაში შექმნილი უკიდურესი დაძაბულობის ხარისხი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ვერ უზრუნველჰყოფს „თბილისი პრაიდის“ მსვლელობაში მონაწილე პირთა უსაფრთხოების დაცვას და მოუწოდა ორგანიზატორებს მსვლელობის გაუქმებისკენ. ამის მიუხედავად, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მაინც ჩაატარებენ საჯარო მსვლელობას, რაც პირადად მე და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ღია პროვოკაციად მიგვაჩნია.
ამ დაძაბულ ფონზე საქართველოში აკრედიტებული საელჩოების ზოგიერთმა წარმომადგენელმა ბრძანა, რომ ლგბტ პირების დაცვის მიზნით, შეუერთდება „თბილისი პრაიდის“ საჯარო მსვლელობას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თხოვნით მოგმართავთ თქვენ- ჩვენს პარტნიორებს: გაითვალისწინოთ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის განწყობა, გაითვალისწინოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება და უარი თქვათ „თბილისი პრაიდის“ საჯარო მსვლელობაში მონაწილეობაზე. გარწმუნებთ, ქართველი ხალხი გამორჩევა სიბრძნითაც, გონიერებითაც, ლმობიერებითაც, მაგრამ იქ, სადაც ასეთი თვალსაჩინოა საზოგადოების უმრავლესობის უკიდურესი აღელვება, თავს ვალდებულად ვთვლი, მოგიწოდოთ დაიკავოთ არა ერთი მხარის პოზიცია, არამედ შეინარჩუნოთ ობიექტურობა, მიუკერძოებლობა და, პირველ რიგში, თქვენსავე უსაფრთხოების მიზნით, არ მიიღოთ მონაწილეობა „თბილისი პრაიდის“ საჯარო მსვლელობაში, რასაც, ვიმეორებ, უკვე ღია პროვოკაციის სახე აქვს.

პატივისცემით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი