მთავარი ახალი ამბები ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტის წევრის მანდატს ტოვებს

ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტის წევრის მანდატს ტოვებს

190
0

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტის წევრის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ მან დღეს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

„ყველა პოლიტიკოსი ვალდებული ვართ, პასუხისმგებლობის ტვირთით ვიცხოვროთ და ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, არაფრად არ ღირს დეპუტატის მანდატი, თუნდაც საზოგადოების გაღიზიანების ფასად. 

არ იქნება სწორი, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გადადგეს და ზაქარია ქუცნაშვილი, ამ პროცესში ჩართული პირი, დარჩეს თანამდებობაზე. მე არ მაქვს თანამდებობა, მე მაქვს დეპუტატის მანდატი და მზად ვარ, დავტოვო ეს მანდატი“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

რამდენიმე წუთის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ირაკლი კობახიძე გადადგა. გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს შემდეგ გამოცხადდა. 

კობახიძისა და ქუცნაშვილის გადადგომა გუშინ საქართველოს პარლამენტში ჩატარებულ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას უკავშირდება. ქუცნაშვილი ასამბლეის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. აღნიშნული ღონისძიება სწორედ ირაკლი კობახიძის ადგილიდან რუსმა კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა რუსულ ენაზე წაიყვანა, რასაც ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მათ ასამბლეის წევრებს აღარ მისცეს სესიის გაგრძელების საშუალება, რის შემდეგაც ღონისძიებამ სასტუმრო “რადისონში” გადაინაცვლა. თუმცა, აქაც არ ჩატარებულა და რუსეთის დუმის დეპუტატებმა მალევე საქართველო დატოვეს. ღონისძიების პარლამენტში ჩატარებას მოჰყვა საზოგადოებრივი პროტესტიც, რომელმაც გუშინ ღამით პარლამენტის მიმდებარედ გადაინაცვლა. მომიტინგეების მოთხოვნა იყო, “ქართულ ოცნებას” აეღო მომხდარზე პასუხისმგებლობა. აქტივისტების ნაწილმა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მოწოდების შემდეგ პარლამენტის შენობის დაკავება სცადა, რასაც მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოჰყვა. სიტუაცია მოგვიანებით კიდევ უფრო დაიძაბა, აქციის დასაშლელად პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი. დაშავებულია ათობით ადამიანი. დაკავებულების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ არის ცნობილი.