მთავარი ახალი ამბები ვაჟა ოთარაშვილის წერილი – გვირგვინი საქართველოს სულიერი მეუფისა…

ვაჟა ოთარაშვილის წერილი – გვირგვინი საქართველოს სულიერი მეუფისა…

332
0

მწერალი ვაჟა ოთარაშვილის წერილი სოციალურ ქსელში ვრცელდება:

გვირგვინი საქართველოს სულიერი მეუფისა…

 
   თქვენო უწმინდესობავ!
   უფლის მადლით, თქვენი სულიერი სისპეტაკე უფრო მაღალია, ვიდრე კავკასიონის მწვერვალები, რომელსაც თქვენი გარეგნული თოვლისფერი სიდიადე ამშვენებს!
    ჟამი დღევანდელი ივერიისთვის უფრო მძიმეა, ვიდრე მონღოლთა ურდოს შემოსევისას და უფრო ფარისევლური, ვიდრე ბოლშევიკურ დროშათა ფრიალისას… რამეთუ დღევანდელი ინფორმაციული ტექნოლოგიების სატანური სიჩქარეები ატორტმანებს დედამიწას, გლობალიზაციის ტალღები უღვთო ნაპირებისკენ რიყავს კაცობრიობას.
   რა გადაარჩენს სამყაროს? ისევ ისმის კითხვა: გზა უფლისკენ თუ…
   უწმინდესო და უნეტარესო, მამაო ერისა!
   თქვენი მჭერმეტყველებით, ქადაგებათა ორატორული ხელოვნების გაბრწყინებით მთელ მსოფლიოს დაანახეთ, რომ ქართველთათვის დემოკრატია და ეროვნული იდეოლოგია მართლმადიდებლური, ქრისტიანული აზროვნებაა. ეს თქვენ შესძელით, უწმინდესო და უნეტარესო! თქვენ გაუნათეთ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას გზა ჭეშმარიტებისა!
თქვენ ასწავლეთ ერს მძიმე ჟამს ერთიანი ლოცვა-ვედრება! მამა-პაპათა წიაღს და წესს დაუბრუნეთ ქართველობა, სინანულის ცრემლის სიცხოველით აუხილნეთ თვალნი თქვენს სამწყსოს, თქვენ აღადგინეთ და ააგეთ ეკლესია–მონასტრები და შეჰქმენით ქრისტეს მოძღვარ-მხედართა ლაშქარი, ლაშქარი სჯულისთვის თავდადებულ ბერ-მონაზონთა, ქართული ენის ღვთიურ იდუმალებათა და ეროვნულ საგანძურთა გადასარჩენად…
ქართული მწერლობა და მწერლები ვალში ვართ თქვენთან, ჩვენო დამცველო და დამლოცველო!
   თქვენ, მარადიული თანმდევი ხართ გრიგოლ ხანძთელისა, დავით აღმაშენებლისა, ილია ჭავჭავაძისა, ქართველი ერის ქარტეხილიანი ისტორიისა. ასე მგონია, ვახტანგ გორგასალს თქვენც უსმენდით სიტყვის წარმოთქმისას კასპის სანახებთან, ქართლის წარჩინებულთა წინაშე. თითქოს ახლა, ხატწერისას თქვენი ბაგეები იმეორებდნენ მეომარი მეფის გვირგვინად აღმოთქმულს: „… და არა დავითმინო კიცხევა ოვსთა, არამედ სასოებითა და მინდობითა ღმრთისათა, სამებისა ერთარსებისა დაუსაბამოსათა, და წარძღვანებითა ჯუარისა მის პატიოსანთა, რომელი მოცემულ არს წინამძღუარად და საჭურველად გულითა მოსავთა მისთა, და ვიძიოთ შური ოვსთა ზედა. უკეთუმცა წარგუკიდებოდა ესე სპარსთა მეფეთაგან, ანუ ბერძენთა მეფისაგან, მო-მცა-ვითმინეთ. არამედ რა მოწევნულ არს ჩუენ ზედა ოვსთა კიცხთაგან, არა ხამს დათმენისა: სიკვდილი სჯობს თავთა ჩუენთათვის.“
   ხოლო თამარ მეფის ხატების ფერთა სიმფონიები მაცხოვრის საფლავთან მიახლებული შოთა რუსთაველის სულთან ერთიანობასაც აუწყებს ერთობ. თქვენ კიდევ ერთხელ გაახსენეთ ერს ბაგრატოვანთა ღვთიური წარმოშობა და საქართველოში მონარქიის აღდგენის აუცილებლობა!
   კურთხეულ არს სამებითა დიდებული ერთ-ღვთაება, რომელმაც გამოგაჩინათ, დაგადგინათ მართმადიდებელი ქვეყნის პატრიარქად და ერის მამად, დაგადგათ გვირგვინი საქართველოს სულიერი მეუფისა, ღვთიური მადლმოსილება ერის წინამძღოლისა!
   საქართველოსთვის მოხუცებულო წმინდაო გიორგივ! კიდევ ერთხელ განჰგმირე გველეშაპი ივერიის მომავლის გადასარჩენად!
   მუხლმოდრეკითა და მოწიწებით თქვენი ცოდვილი შვილი
   ვაჟა ოთარაშვილი
2007წ. ქრისტეშობის თვე