მთავარი ახალი ამბები სექტემბრიდან ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დაბრუნდება – მამუკა ბახტაძე

სექტემბრიდან ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დაბრუნდება – მამუკა ბახტაძე

212
0

სექტემბრიდან ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დაბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში განაცხადა, სადაც ახალი სასწავლო წლიდან, სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ ადაპტირებული ვერსიით დაბრუნებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

მისი თქმით, სექტემბრიდან ყველა პირველკლასელი იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“  უფასოდ მიიღებს.

„აქ დაიბადა დიდი ქართველი ადამიანი, რომელმაც შექმნა თითოეული ჩვენგანისთვის უსაყვარლესი წიგნი, ჩვენი „დედა ენა“, ადამიანი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ისტორიულ მისიაში, რასაც ერქვა ქართული ენის გავრცელება. ჩვენ დღეს ვიმყოფებით იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმთან და  მინდა, აქედან მივესალმო სრულიად საქართველოს. ეს იყო ეპოქა, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ნამდვილი პატრიოტი ადამიანების ერთად დგომა. ეს იყო უდიდესი გამოწვევა მაშინდელი საქართველოსთვის, როდესაც ქართული ენა იდგა გადაშენების პირას. ქართველმა პატრიოტებმა შეძლეს შეუძლებელი, შეძლეს და შექმნეს წიგნი, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას, რომელმაც შეგვინარჩუნა ყველაზე წმინდა, ქართული ენა და ქართული ანბანი. როდესაც იაკობ გოგებაშვილი თავის წიგნს წერდა, მას სწორედ ეს განზრახვა ჰქონდა, რომ გადაცემულიყო თაობიდან თაობას, რათა შეგვენარჩუნებინა ყველაზე წმინდა, ჩვენი ენა და ანბანი“,
„შემდეგ, სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანების მოქმედების შედეგად,  იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ამოიღეს სასწავლო პროგრამიდან და ამან გამოიწვია ჩვენი საზოგადოების გულისწყრომა, სამართლიანი და ობიექტური. მაშინდელი ეპოქისთვის და მაშინდელი პატრიოტებისთვის წერა-კითხვის გავრცელება იყო ეროვნული იდეა, ისინი სწორედ წერა-კითხვის გავრცელებაში ხედავდნენ საქართველოსა და ქართული ენის გადარჩენას. დღეს ჩვენც გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის განათლება“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
„ეს არის იმის  ერთადერთი გარანტი, რომ საქართველო შედგება როგორც წარმატებული და ერთიანი ქვეყანა 21-ე საუკუნეში. დღეს, ამ უმშვენიერესი ადგილიდან, ვარიანიდან მინდა, მივაწოდო ქართულ საზოგადოებას ინფორმაცია, რომ სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც შეძლო, ჩვენ დაგვებრუნებინა ქართულ სკოლაში „დედა ენა“. სექტემბრიდან ყველა პირველკლასელი უფასოდ მიიღებს იაკობ გოგებაშვილის “დედა ენას“ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბავშვები, ისევე, როგორც მომავალი თაობები შემდეგი საუკუნეების განმავლობაში ისევე შეიყვარებენ ქართულ „დედა ენას“, როგორც ეს უყვარდათ ჩვენს წინა თაობებს და ეს წიგნი გვიყვარს ჩვენ“, – განაცხადა პრემიერმა და ასევე საზოგადოებას ვარიანიდან ვლაქერნობა მოულოცა.