მთავარი პოლიტიკა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერები დაასახელა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერები დაასახელა

148
0

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერები დაასახელა. გახარიას გადაწყვეტილებით, პოსტზე კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. ასევე ვიცე-პრემიერი იქნება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

“პირველ რიგში, მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს კაბინეტში დაბრუნებულ მინისტრებს, ბატონ ვახტანგ გომელაურს და ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. ასევე მინდა გითხრათ, რომ კაბინეტში გვეყოლება 2 ვიცე-პრემიერი, ქალბატონი მაია ცქიტიშვილი და ქალბატონი თეა წულუკიანი. მოგეხსენებათ, ეს ჩვენი გუნდის ძველი, გამოცდილი წევრები არიან და დარწმუნებული ვარ, ეა გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს” – თქვა პრემიერმა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის თქმითვე, მთავრობის სხდომები ყოველ ხუთშაბათს, 10 საათზე გაიმართება.

“ვფიქრობ, ეს ყველასთვის მოსახერხებელი იქნება, მათ შორის მედიისთვისაც. მინდა ასევე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული კეთება, საქმის ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და რაც მთავარია, დისციპლინა.

ასევე, ჩვენი პრინციპი უნდა იყოს და იქნება ღიაობა. რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალური კომუნიკაცია უნდა ავაწყოთ ჩვენს მოქალაქეებთან, სამოქალაქო სექტორთან, ბიზნესთან, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ახალგაზრდებზე, ბავშვებზე და ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე.

ასევე მინდა გთხოვოთ, ღიაობის პრინციპის გათვალისწინებით, თითოეულმა თქვენგანმა მთავრობის სხდომის შემდეგ არა მხოლოდ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე გააცნოს ინფორმაცია მედიას, რასაც წარმოადგენენ მთავრობის სხდომაზე, არამედ საზოგადოებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის და აქტუალურ თემებზე, თუნდაც ეს თემები მთავრობის სხდომის დროს განხილვის საგანი არ ყოფილიყოს” – განაცხადა პრემიერმა.