მთავარი ახალი ამბები „ჩვენი მეზობელი, ტერიტორიების ძალისმიერ მიტაცებას ახორციელებს“

„ჩვენი მეზობელი, ტერიტორიების ძალისმიერ მიტაცებას ახორციელებს“

579
0

„მედიაცენტრი მთავართან“ საუბრისას დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, საიტერესო ინტერვიუ ჩაწერა დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. სტატიას უცვლელად გთავაზობთ:  

 

დავით გარეჯთან დაკავშირებით, ქართული და აზერბაიჯანული მხარის მონაწილეობით შექმნილი სპეციალური კომისია აგვისტოში შეიკრიბა. კომისია გავიდა სადაო ტერიტორიაზე და ერთობლივად დაათვალიერეს ადგილები, სადაც უნდა დადგინდეს საზღვარი. როგორც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში განაცხადა, არასასიამოვნო ტენდენცია კიდევ არსებობს, თუმცა, პროცესში იმედის მომცემი ფაქტორები შეინიშნება.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე:  „მცირედი პოზიტივი შეინიშნება. პოზიტივი არის ის, რომ კომისიის ქართული მხარე გაცილებით პრინციპულია ამ შეხვედრებზე. ბოლო შეხვედრა იყო აგვისტოში. ქართულ-აზერბაიჯანული შერეული კომისია იმ ტერიტორიებზე გავიდა, სადაც საზღვარი უნდა დადგინდეს და მათ საკუთარი პოზიციები წარმოადგინეს. ბოლო წლების განმავლობაში, პირველად მოხდა, როცა ქართული მხარე პრინციპული იყო, კარტოგრაფიულად და იურიდიულად, აზერბაიჯანის მხარის კოლეგებს არგუმენტირებულად დაუსაბუთა, რომ საზღვარი, უდაბნოს მონასტრიდან სულ მცირე 300 მეტრით აზერბაიჯანის სიღრმეში უნდა გადიოდეს.

„მედიაცენტრი მთავარი:“ იმედიანად ვართ იმიტომ, რომ ქართულმა მხარემ საკუთარი პოზიცია და რეალური მდგომარეობა დაუსაბუთა მეზობელ სახელმწიფოს?

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: კომისიის ერთი შეხვედრით საკითხი ვერ მოგვარდება, მაგრამ, იმედის მომცემი ფაქტორია, რომ აზერბაიჯანულ მხარეს გარკვევით უთხრეს, რომ მათი პოზიცია მართებული არ არის. ადრე არაერთხელ აღვნიშნავდით, რომ ძველი კომისიის მუშაობისას სადავო საკითხები სისტემატიურად საქართველოს საზიანოდ წყდებოდა. დემარკაციის კომისიის ქართული მხარის კომპეტენტური მუშაობის რეალური შედეგი მომავალში ჩვენი პოლიტიკოსების პრინციპულობაზე იქნება დამოკიდებული. ვნახოთ, მეორე ეტაპზე რა იქნება.

„მედიაცენტრი მთავარი:“ რაც შეეხება არასასიამოვნო ფაქტებს, გარდა იმისა, რაც ამ დრომდე მოხდა, კიდევ გველოდება გარკვეული ნეგატიური სიურპრიზი?

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: რაც შეეხება არასასიამოვნო ტენდენციას, პრობლემა ის არის, რომ დროებითი კარვების ნაცვლად კაპიტალური მშენებლობა გრძელდება. ინერციით, ნეგატიური ტენდენცია ისევ გრძელდება. საქმე იმაშია, რომ აზერბაიჯანის მხრიდან, მთის კალთაზე, რომელიც გაუყალბებელი კარტოგრაფიული დოკუმენტების მიხედვით საზღვრის დადგენის მერე საქართველოს მხარეს უნდა მოხვდეს, დროებითი კარვების ადგილას უკვე კაპიტალური შენობები შენდება მესაზღვრეების განსათავსებლად. 1996 წლის ხელშეკრულების მიხედვით კი, დაუზუსტებელი საზღვრის ტერიტორიებზე იკრძალება ყოველგვარი მშენებლობა.

„მედიაცენტრი მთავარი:“ რა შეფასება შეგიძლიათ მისცეთ  აზერბაიჯანის მხარის ქმედებებს?

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე:  დღეისათვის, დავით გარეჯის მიმდებარედ, საზღვრის საკითხი ფაქტობრივად კვლავ უმძიმესია. შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანის მხარე, მსგავსი ქმედებით კეთილმეზობლობის ფუნდამეტურ ნორმებს არღვევს. სამართლებრივი და საერთაშორისო ნორმების დარღვევით, ფაქტიურად, ჩვენი მეზობელი ტერიტორიების ძალისმიერ მიტაცებას ახორციელებს.  ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა, რომ ჩვენს ხელისუფლებას აღნიშნული მოვლენების ადექვატური შეფასება და რეაქცია ჰქონდეს. საჭიროა აზერბაიჯანის მიმართ სერიოზული, პრინციპული, დიპლომატიური მუშაობა. სამართლიანობის დასადგენად ასევე არ არის ამოწურული საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვის რესურსიც“.

ეკა გულუა”