მთავარი ახალი ამბები ირინე აბულაძემ ევრონესტის (Euronest) საპარლამენტო ასამბლეის მე-8 სესიის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

ირინე აბულაძემ ევრონესტის (Euronest) საპარლამენტო ასამბლეის მე-8 სესიის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

634
0

8-10 დეკემბერს თბილისი ევრონესტის (Euronest) საპარლამენტო ასამბლეის მე-8 სესიას მასპინძლობს.

საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირინე აბულაძემ მონაწილეობა მიიღო სოციალური, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების საკითხთა კომიტეტის შეხვედრაში. მინისტრის მოადგილემ ევროპარლამენტარებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და საქართველოს პარლამენტის წევრებს 22 ნოემბერს, ქალაქ ბრიუსელში გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების განათლების მინისტერიალის შედეგები გაუზიარა.

ირინე აბულაძემ ისაუბრა ევროპული განათლების სივრცეში საქართველოს ინტეგრაციისა და ამ მიმართულებით უკვე განხორციელებული პროექტების შესახებ. მათ შორის:

  • საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების და მათ შორის საქართველოს მოსწავლეებისთვის ევროკავშირის ხელშეწყობით ევროპული სკოლის გახსნის მნიშვნელობაზე, რომელიც ევროკავშირის ინიციატივით პირველად ხორციელდება ევროკავშირის ფარგლებს გარეთ. ევროპული სკოლის საქართველოში დაფუძნების საკითხი ევროკავშირის მიერ 2020 წლისთვის შემუშავებულ 20 ძირითადი მიზნიდან ერთ-ერთია და მას რეგიონში ანალოგი არ ეყოლება;
    • უმაღლესი განათლების მიმართულებით, ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ქსელში (ENQA) საქართველოს გაწევრიანებასა და Erasmus+ პროგრამაში წარმატებულ მონაწილეობაზე. აგრეთვე, მეცნიერების სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობასა და ევროკომისიის პანევროპულ ინიციატივაში EURAXESS-ში გაწევრიანების შესახებ;
    • პროფესიული განათლების სფეროში საქართველო-ევროკავშირს შორის 2018 წლის ნოემბერში  გაფორმებული მასშტაბური საბიუჯეტო დახმარების მნიშვნელობაზე, რომელიც ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარებას ითვალისწინებს;
    • ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე ახალ ინიციატივებზე, რაც საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს დაწესებას, მასწავლებლების სერტიფიცირებისა და სწავლების მოდერნიზების პროცესს გულისხმობს.

ევროკომისიის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს განათლების სიტემაში მიმდინარე რეფორმები და განაცხადეს, რომ ევროკავშირის მიერ ახალი პრიორიტეტების განსაზღვრისას დიდი ყურადღება დაეთმობა განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებს. ეს კი უფრო მეტ ქართველ სტუდენტსა  და მოსწავლეს მისცემს საშუალებას, ისარგებლონ მობილობის მრავალფეროვანი პროგრამებითა და სხვა ბენეფიტებით.

ევრონესტი წარმოადგენს  ფორუმს, რომელიც 2011 წელს დაფუძნდა ევროკომისიის მიერ, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის კომპონენტი. ფორუმში ევროპარლამენტისა და უკრაინის, მოლდოვას, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს პარლამენტის წევრები მონაწილეობენ და ევროკავშირთან უფრო მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების დამყარებას უწყობენ ხელს.