მთავარი ახალი ამბები მე-11 ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისთვის ემზადება

მე-11 ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისთვის ემზადება

652
0

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის „ჩარლი“ ასეული საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისთვის (GDRP) ემზადება.

საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების მიზნით ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა გორის სასროლეთზე საბრძოლო სროლები განახორციელეს. სწავლების სცენარის მიხედვით „ჩარლი“ ასეულის ქვეითმა ათეულმა M240-ტიპის ტყვიამფრქვევების საცეცხლე მხარდაჭერით შეტევითი ოპერაცია განახორციელა და მოწინააღმდეგე გაანადგურა. სწავლების უსაფრთხოება მე-11 ბატალიონის დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფმა უზრუნველყო. მათი შეფასებით, ოპერაცია წარმატებით განხორციელდა.

შემდეგ ეტაპზე მე-11 ბატალიონი ოცეულის დონის სწავლებას გაივლის და GDRP-ის პროგრამის აღსრულების ფაზაში ჩაერთვება. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივ პროექტს წარმოადგენს. მისი მიზანი ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლებაა.