მთავარი ახალი ამბები საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების ისტორიული შედეგი და მომავლის პერსპექტივა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების ისტორიული შედეგი და მომავლის პერსპექტივა

323
0

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგს მიაღწია და მე-10 ადგილი დაიკავა. ასეთი წარმატების მიუხედავად, ქართველ წყალბურთელებს უფრო მაღალი პოზიციების დაკავებაც შეეძლოთ და იბრძოლეს კიდეც, თუმცა რაღაც მომენტებში იღბალმა გვიმტყუნა, რაღაც მომენტებში კი ჩვენმა წყალბურთელებმა კონცენტრაცია დაკარგეს.
საქართველოს ნაკრებმა, ისტორიული ადგილის გარდა, 2020-ის ევროპირველობაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა დააფიქსირა – პირველად მოიგო შეხვედრა ჯგუფურ ეტაპზე.
საერთოდაც, თუ გადავხედავთ წინა შედეგებს, საქართველოს ნაკრები ეტაპობრივად ვითარდება და უკეთეს შედეგებს აჩვენებს. 2014 წელს ჯგუფში 6 გუნდი იყო. ამიტომ სტატისტიკური შედარებისთვის არგამოდგება.
2016 წელს ბელგრადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა, 16 გოლი გაიტანა და ბურთების შეფარდება -28 ჰქონდა. 2018 წელს, ბარსელონაში გამართულ ევროპირველობის ჯგუფურ ეტაპზე ჩვენმა ნაკრებმა 17 გოლის გატანა მოახერხა და ბურთების ბალანსი – 19 ჰქონდა. 2020 წელს, ბუდაპეშტში შეხვედრაც მოიგო, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, 25 გოლი გაიტანა და ჯგუფური ეტაპი -17 ბალანსით დაასრულა.
აღნიშნული მცირე რაოდენობრივი სტატისტიკაც კი უჩვენებს, რომ წყალბურთელთა ნაკრები ვითარდება და მიღწეული შედეგი გამართლების დამსახურება არაა.
ქართველ წყალბურთელებს ბუდაპეშტში სულ ცოტა დააკლდათ 8 საუკეთესო გუნდში მოსახვედრად. რუსეთთან 13:14 დავმარცხდით, იმ გუნდთან, რომელმაც 1/4-ფინალში მომავალ ჩემპიონ უნგრეთთან მხოლოდ 4 ბურთის სხვაობით წააგო (10:14).
უფრო ახლოს ვიყავით მე-9 ადგილთან. მესამე მეოთხედის ბოლო წუთზე, ანგარიშით 7:3 ვამარცხებდით გერმანიას, თუმცა ქართველებს კონცენტრაცია დააკლდათ და მებრძოლი ხასიათით გამორჩეულმა გერმანელებმა ეს არ გვაპატიეს.
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ვწერდით, რომ საქართველოში წყალბურთი ვითარდება და ჩვენი ნაკრების მიერ მიღწეულმა ისტორიულმა შედეგმა ეს მოსაზრება დაადასტურა. თუმცა მიღწეულ ნიშნულზე გაჩერება მიზანი ვერ იქნება.
კარგად ვიცით, რომ საქართველოში წყალბურთს “VTB ბანკი” აფინანსებს და რომ არა ეს ორგანიზაცია, ასეთი შედეგი ნამდვილად არ დადგებოდა. “ვი-თი-ბი ბანკთან” ერთად საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები კოლექტიური სპორტის სახეობათა შორის ის გუნდი გახდა, რომელსაც გულშემატკივრისთვის დადებითი ემოციისა და სიხარულის მოტანა შეუძლია.
სპორტის ეს სახეობა განვითარებას მოითხოვს, ქართველი წყალბურთელები იმსახურებენ უფრო მეტ დაფასებასა და გვერდში დგომას. მათ მიერ ნაჩვენები შედეგები კი მნიშვნელოვანი სიგნალია სახელმწიფოსთვისაც, რომ ამ სპორტში ჩადებული თანხა გამართლებული დანახარჯი იქნება.

წყარო: Sportall.GE