მთავარი ახალი ამბები თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის ვალდებულებას 2020 წელს სრულად შეასრულებს

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის ვალდებულებას 2020 წელს სრულად შეასრულებს

133
0

სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა თავდაცვის მინისტრის ახალი სოციალური პოლიტიკის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ვარკეთილში, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. 2020 წლის ბოლოს ვარკეთილის სამხედრო ქალაქში და გორში, ბინას 667 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს, რითიც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას სრულად შეასრულებს. გათვალისწინებულია კორპუსების დასრულებული ფასადით, მოპირკეთებული სადარბაზოთი, სარდაფით, ლიფტებით, შესასვლელი რკინის კარით, ელექტროენერგიის ცენტრალური ქსელითა და წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. ასევე, მოხდება საცხოვრებელი ბინების მიმდებარე ტერიტორიის მოასფალტება და შ.შ.მ. პირებისთვის ადაპტირებული პანდუსების მოწყობა. სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და მათთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფის პროცესი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს დაიწყო და დღემდე როგორც უწყების, ასევე მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემა 2013 წლიდან მიმდინარეობს. დღემდე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საცხოვრებელი ფართით 1700-ზე მეტი ოჯახი უზრუნველყო. სამხედრო ქალაქში მინისტრთან ერთად, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, პოლკოვნიკი იოსებ ლოლაძე იმყოფებოდნენ.