მთავარი ახალი ამბები გურიასა და აჭარას პროფესიული განათლების 30 სერტიფიცირებული პედაგოგი შეემატა

გურიასა და აჭარას პროფესიული განათლების 30 სერტიფიცირებული პედაგოგი შეემატა

376
0

ოზურგეთსა და ხულოში მეჩაიეობისა და ვეტერინარიის სპეციალობის 30 პროფესიული განათლების მასწავლებლის სატრენინგო პროგრამის დასრულების ცერემონია გაიმართა. კურსდამთავრებულთა ეს პირველი ნაკადი პროფესიული განათლების მომზადებისა და გადამზადების საპილოტე პროგრამაში მონაწილეობდა, რომელიც გურიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიულ კოლეჯებში 2019 წლის სექტემბრიდან გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

კურდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელთან ლუიზა ვიტონთან და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მინისტრის მოადგილემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მომზადებისა და გადამზადების პროგრამები მთავრობის ახალი ინიციატივაა, რომელიც შრომის ბაზრის მოთხოვნების მოკლე ვადაში დაკმაყოფილების საუკეთესო საშუალებაა.

პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში მოქმედი 16 ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს 21 თანამშრომელი გადამზადდა ჩაის წარმოების ტექნოლოგიებში. მათ მიიღეს გამოცდილება ჩაის ნედლეულის მოვლა-მოყვანის საკითხებში, ჩაის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებში, ჩაის დეგუსტაციის და ჩაის წარმოების ეკონომიკურ საფუძვლებში. სასწავლო პროგრამა ჩატარდა ადგილობრივი მაღალკვალიფიციური ტრენერების მონაწილეობით. თეორიულ სწავლებასთან ერთად ტარდებოდა პრაქტიკული მეცადინეობები.

ამჟამად ოზურგეთის კოლეჯი „ჰორიზონტი“ და კოლეჯი „ახალი ტალღა“ ხულოში , მთავრობის მიერ დაფინანსებით მოამზადებენ კადრს იმ მაღალმოთხოვნად პროფესიებში, რომლებიც სოფლად მოღვაწე კერძო ბიზნესს ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პოტენციალის რეალიზაციისთვის სჭირდება.

საპილოტე პროექტები კოლეჯებთან გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის მთავრობის ერთობლივ, დიდმასშტაბიან VET პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, პროფესიულ კოლეჯებთან, ფერმერთა საჯარო და კერძო საკონსულტაციო ცენტრებთან, უნივერსიტეტებთან და სოფლის თემებთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2022 წლამდე გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში უკვე 12,000-ს სოფლად მცხოვრებ ადამიანს ჩაუტარდა ტრენინგი და საკონსულტაციო მომსახურება.