მთავარი ახალი ამბები ჯანდაცვის სისტემა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს პაციენტთა გაზრდილი ნაკადი

ჯანდაცვის სისტემა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს პაციენტთა გაზრდილი ნაკადი

82
0

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საკმარისია როგორც ხელოვნური სუნთქვის აპარატების, ასევე იმ მედპერსონალთა რაოდენობა, რომლებიც სტაციონარში მყოფ პაციენტებს მკურნალობენ.  ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა, რომ მოსალოდნელია ვირუსის მეტად გავრცელება, თუმცა ჯანდაცვის სისტემა მზადაა მიიღოს გაზრდილი ნაკადი. მისივე თქმით, ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცირება, რაც მოსახლეობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

„ჩვენ მოვამზადეთ სისტემა იმისათვის, რომ მიგვეღო პირველი ტალღა. ეს პირველი ტალღა უკვე სისტემას ჰყავს მიღებული. ახლა ველოდებით შედარებით უფრო მეტ გავრცელებას მოსახლეობაში. ჩვენ ბოლო კვირის განმავლობაში აღვწერეთ ყველა საავადმყოფო, რომლის ჩართვასაც ვაპირებთ ამ პროგრამაში და ეს არის დამატებით 600-მდე საწოლი, რომელიც 24-დან 48 საათში მზად იქნება პაციენტების მისაღებად. აღწერილი იქნა, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე მათი პერსონალის მზაობა პაციენტების მისაღებად და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ კვირიდან სისტემა მზადაა მიიღოს ის გაზრდილი ნაკადი, რომელსაც ველოდებით“,-აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე საჭიროება არ დგას, სამინისტრომ უკვე მზად აქვს 150 ხელოვნური სუნთქვის აპარატი.

„ყველა სტაციონარში მობილიზებული გვაქვს ხელოვნური სუნთქვის აპარატები. მინდა დავამშვიდო მოსახლეობა – ჩვენ არ გვყავს ისეთი მძიმე პაციენტი, რომელსაც ესაჭიროება ხელოვნური სუნთქვის აპარატი. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში მოხდება მათი გამოყენება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ, როგორც პირველადი ჯანდაცვის რგოლთან, ასევე ჩვენს სხვა ექიმებთან, რომლებიც ამ პაციენტებს სტაციონარში მკურნალობენ. დღეისთვის მათი რაოდენობა არის საკმარისი, ისინი არიან მზად და ეტაპობრივად გადიან გარკვეულ კონსულტაციებს და ტრენინგებს იმის შესაფერისად, თუ რა საჭიროება დგება ყოველ შემდეგ ნაბიჯზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ