მთავარი ახალი ამბები „მისმა უწმინდესობამ მთელი ცხოვრება შესწირა, დაუთმო და დღესაც აგრელებს სწორედ იმას, რომ...

„მისმა უწმინდესობამ მთელი ცხოვრება შესწირა, დაუთმო და დღესაც აგრელებს სწორედ იმას, რომ ჩვენს გულებში, საქართველოს მრევლის გულებში იშვას ღმერთი და რომ ჩვენ ყველანი შევუდგეთ სულის გადარჩენის გზას” – მეუფე შიო

1719
0

„მისმა უწმინდესობამ მთელი ცხოვრება შესწირა, დაუთმო და დღესაც აგრელებს სწორედ იმას, რომ ჩვენს გულებში, საქართველოს მრევლის გულებში იშვას ღმერთი და რომ ჩვენ ყველანი შევუდგეთ სულის გადარჩენის გზას”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!

მაღალყოვლადუსამღვდელოესნო და ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო, ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს!
დღეს არის ხარება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ყოველ დღესასწაულს აქვს თავისი განუმეორებელი და საოცარი შინაარსი. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დიდ სასწაულს, რომ სულიწმინდით ჩაისახა ყოვლადწმინდა ქალწულში ძე ღვთისა, მეორე ჰიპოსტასი ყოვლადწმინიდისა სამებისა.

ერთ-ერთი დიდი მამა ჩვენი ეკლესიისა, წმინდა გრიგოლ პალამა ამბობდა, რომ როგორც ღვთის ნების გარეშე შეუძლებელი იყო ასეთი დიდი სასწაულის აღსრულება, ასევე შეუძლებელი იყო ადამიანის ნების გარეშეც, რომ არ ყოფილიყო ისეთი ადამიანი, როგორიც იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ათასობით წელი დასჭირდა კაცობრიობას იმის მოსამზადებლად, რომ შობილიყო ასეთი ადამიანი – ყველა ადამიანზე, თვით ქერუბიმებსა და სერაფიმებზე აღმატებული, ყოვლადწმინდა ქალწული ღვთისმშობელი, ადამიანი, რომელიც შეძლებდა ეთქვა ის სიტყვები, რომლებიც წარმოთქვა ყოვალდწმინდა ღვთისმშობელმა: „აჰა, მხევალი უფლისაი; მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა!“ (ლუკ. 1,38) – ასეთი მორჩილება და სიმდაბლე გამოვლინა მან.

დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამ საოცარ მოვლენაზე. დღეს ალბათ შეიძლება ვთქვათ, რომ რაც მოხდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ცხოვრებაში, ყოველი ჩვენაგანის ცხოვრებაშიც ეს წამი თუ წუთი, ეს ჟამი დგება, როდესაც ჩვენს გულს, ჩვენს გონებას ეხება უფლის მადლი; განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა, ყველა ადამიანს სმენია ეს ტკბილი სახელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ადამიანზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ის იესო ქრისტეს თავის გულში. ამაზეა დამოკიდებული მისი სულიერი და მარადიული ცხოვრება. ამაზე გვაფიქრებს დღევანდელი დღე, რომ ყოველმა ჩვენგანმა უნდა მივიღოთ ჩვენს გულში უფალი იესო ქრისტე, უნდა ჩაისახოს ჩვენს გულსა და სულში, ვინაიდან, თქვენ იცით, ადამიანი – ეს არის ტაძარი ღვთისა და უფალი უნდა აღორძინდეს, გაძლიერდეს, ჩვენს გულსა და სულში უნდა ჩაისახოს, უნდა შევიმოსოთ ღვთის მადლი, ამას გვასწავლის დღევანდელი დღე.

ასევე, რა თქმა უნდა, დღეს ვიხსენებთ წმინდათა იოაკიმესა და ანას, ასევე – ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. როგორ მოამზადა უფალმა ეს სამი ადამიანი, რამდენი განსაცდელი გამოიარეს იოაკიმემ და ანამ, რამდენი ყვედრება, დამცირება, დამდაბლება დაითმინეს მათ ათწლეულების განმავლობაში. თქვენ იცით, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხოვრებაც სავსე იყო განსაცდელებით.
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი განსაცდელები არაფერია მისი განსაცდელებისა და მწუხარებათა გარეშე. რატომ ხდება ეს?! – იმისათვის, რომ უფალი იშვას ჩვენს სულში, ჩვენს გულში და დაემკვიდროს; ეს ხდება მხოლოდ დიდი სულიერი ბრძოლისა და განსაცდელების შედეგად; ასეა ეს ცხოვრება მოწყობილი და ამის მაგალითნი არიან წმინდანი იოაკიმე და ანა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ!
დავფიქრდეთ დღეს ამაზე, გავიაზროთ, გავიხსენოთ ჩვენი განსაცდელები, თუ რაოდენ უფრო მსუბუქია ის, ვიდრე ღვთისმშობელს ჰქონდა და ვეცადოთ, რომ შევუდგეთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსა და მის ღვთაებრივ ძეს.

თქვენ იცით, რომ სახარებაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ძალიან მცირე რამ აქვს ნათქვამი, მცირედ არის აღწერილი მისი სიტყვები, არის მხოლოდ რამდენიმე სიტყვა, მათ შორის, კანას გალილეაში წარმოთქმული. ალბათ გახსოვთ მისი სიტყვები, როდესაც იგი ეტყვის იქ დამსწრეთ, რომ „რაიცა გრქუას თქუენ, ყავთ!“ (იოან. 2,5) – ჰყავთ ის, რასაც ძე ჩემი გეტყვით“ – აი, ეს არის მცნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, – ვეცადოთ, აღვასრულოს ის, რომ შევუდგეთ მის ღვთაებრივ ძეს.

გილოცავთ კიდევ ერთხელ და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, მოლოცვას და ჩვენც ჩვენი მხრიდან ყველამ ერთად მივულოცოთ მას ხარების დღესასწაული, ვუსურვოთ დღეგრძელობა, ვინაიდან მისმა უწმინდესობამ მთელი ცხოვრება შესწირა, დაუთმო და დღესაც აგრელებს სწორედ იმას, რომ ჩვენს გულებში, საქართველოს მრევლის გულებში იშვას ღმერთი და რომ ჩვენ ყველანი შევუდგეთ სულის გადარჩენის გზას და უფალი ჩვენი იესო ქრისტეს გზას, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისმეცა უკუნითი უკუნისადმე, ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!“

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი

07.04.2020