მთავარი ახალი ამბები „ყველა სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს“ – ილია II

„ყველა სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს“ – ილია II

1447
0

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მილოცვა ხარების დღესასწაულზე

„დღეს არის დიდი დღესასწაული – ხარება, გილოცავთ! სრულიად საქართველოს ვულოცავ ხარების დღესასწაულს, ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთ, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობას!

„უფალმნა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“.

ძალა და მშვიდობა – როგორი სანატრელია ჩვენთვის! ჩვენ უნდა გავხსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთით არის, ღვთის ლოცვა-კურთხევით არის, უნდა ვიცოდეთ, რომ ძალა ღვთისა გამოვლინდება ყოველ ადამიანში, ყოველ ოჯახში, ყოველ სახელმწიფოში, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ უღვთოდ არაფერი ხდება.

კრემლის ერთი მუშაკი ეკითხება აკადემიკოს პავლოვს, – ნუთუ თქვენ, ასეთი დიდი მეცნიერი, მორწმუნე ბრძანდებითო? პავლოვი მღვდლის შთამომავალი იყო დედითაც და მამითაც. მან უპასუხა: „როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი არა, წმინდანი შეიძლება გახდეო“. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ.

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, იმ დროს, როცა სხვადასხვა მოვლენა მოიცავს ადამიანებს. ჩვენ ხშირად ვერ ვაძლევთ პასუხს, რატომ ხდება ეს, უნდა გავხსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გავხსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი, ის სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს.

კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, სიხარული მოგმადლოთ უფალმა. სიხარული – არის შედეგი სიყვარულისა; ვისაც აქვს სიყვარული, მას აქვს სიხარული.

დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა!
ჩვენთან არს ღმერთი!“

7 აპრილი, 2020 წელი