მთავარი ახალი ამბები დღეს, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი დაპყრობილია:მიტროპოლირტი შიო

დღეს, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი დაპყრობილია:მიტროპოლირტი შიო

128
0

„დღეს, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი დაპყრობილია. უფალმა ინებოს, რომ მოვესწროთ ჩვენი ერის გამთლიანებას და ჭეშმარიტ თავისუფლებას“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო.
გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის დიდი დღე ჩვენი ერის ცხოვრებაში. ეს არის დამოუკიდებლობის აღდგენისა და გამოცხადების დღე. ჩვენ დღეს ვატარებთ პარაკლისს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, მოლოცვას, შეგვეწიოს მისი მადლი სრულიად საქართველოს.

დღეს ვიხსენებთ ჩვენს წინაპრებს, იმ ადამიანებს, ვინც თავი დადო ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ვინც იღვაწა, ვისი დამსახურებითაც მოხდა დამოუკიდებლობის გამოცხადება. ასევე ალბათ, ვფიქრობთ, თუ რა არის თავისუფლება, ვფიქრობთ, თავისუფლების, დამოუკიდებლობის ცნებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეიძლება გქონდეს გარეგნული თავისუფლება, მაგრამ არ იცოდე, რისთვის არის ეს და ვერ გამოიყენო სათანადოდ, რადგან თავისუფლება და დამოუკიდებლობა ღვთისგან მოცემული ძალიან დიდი ნიჭი და ტალანტია.

💢 ალბათ, პირველ რიგში, თავისუფლება ეს არის საშუალება იმისა, რომ დამოუკიდებლად შეძლოს ადამიანმა, მარტო მყოფმა, სხვებთან ერთად, თუ ერმა ღმერთის მსახურება და ღმერთის საქმის აღსრულება დედამიწაზე. ამისთვის არსებობს გარეგნული თავისუფლებაც. გარეგნული თავისუფლება ერთ-ერთი მთავარი პირობაა იმისთვის, რომ ადამიანმა მიაღწიოს შინაგან თავისუფლებას და ეს ორი ერთმანეთთან გადაჯაჭვულია, რადგან გარეგნული თავისუფლების გარეშე ადამიანი სულიერად კვდება, ჭკნება. ჯერ კიდევ ძველი ბერძენი მოაზროვნეები წერდნენ, რომ როდესაც მონობაში ამყოფებს ღმერთი ადამიანს, ნახევარ კაცად აქცევ მას. თავისუფლებით ადამიანი მთლიანდება, პირველ როგში, სულიერად. მეორე მხრივ, თავისუფლებაც შეიძლება დაიკარგოს, თუ ადამიანმა არასწორად გამოიყენა და ვერ განახორციელა სულიერი მიზნები, ამოცანები. ამიტომ, ჩვენ ორივეზე ვფიქრობთ – გარეგნულ და შინაგან თავისუფლებაზეც.

ვევედრებით უფალს, ჩვენი ერისთვის, ჩვენი ერის მომავლისთვის, ვიხსენებთ წარსულსაც, ვიხსენებთ, რომ ჩვენი წინაპრები, ჩვენი წმინდანები ამ ორი დიდი ღირებულებისთვის დებდნენ თავს, როგორც გარეგნული, პოლიტიკური თავისუფლებისთვის, ასევე – შინაგანი თავისუფლებისთვის, რაც იყო მთავარი მიზანი. ეს იყო მსახურება უფლისა ჩვენი იესო ქრისტესი, მისი მცნებებისა და ეკლესიის შენახვა.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა! ღმერთმა ინებოს, რომ მოვესწროთ ჩვენს სრულ თავისუფლებას და გამთლიანებას.

დღეს, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი დაპყრობილია. ეს, ალბათ, ყველა ქართველი პატრიოტისთვის უპირველესი სატკივარია ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს. უფალმა ინებოს, რომ ყველანი მოვესწროთ ჩვენი ერის გამთლიანებას და ჭეშმარიტ თავისუფლებას, როგორც გარეგნულ, ისე შინაგან თავისუფლებას. ამინ!
ღმერთმა დაგლოცოთ!“

⛪️ ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი
➡️ 26 მაისი, 2020 წელი

წყარო : საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური