მთავარი ახალი ამბები ახლანდელი საარჩევნო მოდელი სამართლიანი არჩევნების ჩატარების გარანტიას არ იძლევა: მამუკა გიორგაძე

ახლანდელი საარჩევნო მოდელი სამართლიანი არჩევნების ჩატარების გარანტიას არ იძლევა: მამუკა გიორგაძე

279
0
„ახალანდელი საარჩევნო მოდელი სამართლიანი არჩევნების ჩატარების გარანტიას არ იძლევა“
 მამუკა გიორგაძე: „დღევანდელი ცესკო ატარებს იმ არჩევნებს, რომელიც მმართველ პარტიას აწყობს. ამჟამად ის ემსახურება „ქართულ ოცნებას“, მანამდე კი ნაციონალურ მოძრაობასა და მოქალაქეთა კავშირს ემსახურებოდა“.
რას ნიშნავს პროპორციულთან მიახლოებული შერეული არჩევნები 1%-ანი ბარიერით? რა სიტუაციაა პოლიტიკურ სპექტრში? ვის ცდილობს პოლიტიკური ბაზრის მონოპოლიზებას? ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის ლიდერს, ყოფილ დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს
 არის თუ არა ახალანდელი, პროპორციულთან მიახლოებული მოდელი მრავალპარტიული პარლამენტის შექმნის გარანტია?
 გარანტიამდე ბევრი გვიკლია. იმისათვის, რომ ასეთი პარლამენტი მივიღოთ, აუცილებელია ობიექტური და სამართლიანი არჩევნები. ახლანდელი მოდელი ამის გარანტიას არ იძლევა. სამართლიანი არჩევნებისათვის საჭიროა ნორმალური საარჩევნო კანონმდებლობა და ხელისუფლების ნება. თავისუფალი არჩევნები უნდა ჩაატარონ დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა.
_ ცესკო დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არის?
რასაკვირველია, არ არის. დღევანდელი ცესკო ატარებს იმ არჩევნებს, რომელიც მმართველ პარტიას აწყობს. ამჟამად ის ემსახურება „ქართულ ოცნებას“, მანამდე კი ემსახურებოდა ნაციონალურ მოძრაობასა და მოქალაქეთა კავშირს. არჩევნების ჩამტარებელი სახელმწიფო ინსტუტი უნდა იყოს ნეიტრალური და სწორად დაკომპლექტებული. აბა, ისაა სწორი, 12 წევრიდან რომ 9 თუ 10 მმართველი პარტიისაა?! ეს არის მმართველი პარტიის უდოდესი უპირატესობა სხვებთან შედარებით.
_ მმართველ პარტიას სხვა უპირატესობებიც აქვს.
ცხადია. როცა ქვეყანაში არ არის ნორმაური სასამართლო, თვითმმართველობა; როცა პოლიტიზებულია პოლიცია და უშიშროება, ესეც მმართველი პარტიის უპირატესობაა. ეს ინსტიტუტები პირდაპირ მუშაობენ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. მანამდე ისინი ნაციონალურ მოძრაობას ემსახურებოდნენ. ასეთ პირობებში ჩატარებული არჩევნები ზუსტად ვერ ასახავს მოსახლეობის განწყობებს. როგორც წესი, არჩევნების წინ გადმოგვიგდებენ ისეთ თემებს, რომელსაც მიაქვს მთელი დრო და ყურადღება. კარგა ხნის განმავლობაში მთავარ თემად გაგვიხადეს საარჩევნო სისტემა და ის, რომ პროპორციული ჯობია მაჟორიტარულს და შერეულს.
_ საქართველოში ხომ ლამის ყველას პროპორციული სისტემა უნდა?
დიახ, მაგრამ მახინჯი სისტემა რომ ისევ დარჩა?! პროპორციულს მივიახლოვდით. ხელისუფლება იძულებული გახდა, რაღაც დაეთმო. „ქართული ოცნება“ ისე იქცეოდა, როგორც აბეზარი და ონავარი ბავშვი. ბოლოს ცოტა დათმო. ეს მოხდა არა საქართველოს საზოგადოების ზეწოლით, არამედ, დასავლელი პარტნიორების მოთხოვნით. ცუდი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთი საქციელი ურტყამს საქართველოს იმიჯს. მმართველი პარტია ჯიუტობდა, ბოლოს კი მოსალაპარაკებლად მიუჯდა ძალას, რომელიც დამნაშავედ ჰყავდა გამოცხადებული.
_ ნაციონალურ მოძრაობაზე თუ ამბობთ, „ქართულ ოცნებას“ ნაცმოძრაობა დოკუმენტურად დანმაშავედ არ გამოუცხადებია, ზეპირი ურთიერთბრალდებები კი ხშირია.
🔹️საქმეც ეგაა. თუ ვინმე კრიმინალად მიგაჩნია, მისი საქმიანობა ხომ უნდა გამოიძიო?! აქამდე ხომ უნდა გაეკვიათ, რა ხდებოდა ქვეყანაში 2 003-2 012 წლებში? ემოციური განცხადებები სხვაა და პოლიტიკა-სხვა. პარტიის, ხელისუფლების თუ ჯგუფის სისტემური დანაშაული სასამართლომ უნდა დაამტკიცოს.
_ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები არასწორად წარიმართა?
არაფერში სჭირდებოდათ ეს მოლაპარაკებები. ეს ცვლილებები, რომლითაც ეს საარჩევნო მოდელი მიიღეს, ისედაც გავიდოდა. ხმები ისედაც ჰყოფნიდათ. ნაცმოძრაობას ამ კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია. ისედაც თუ გავიდოდა, რად უნდოდათ ეს სპექტაკლი?! საარჩევნო საკითხებს ე. წ. პოლიტპატიმრების თემაც მიაბეს.
_ თქვენი მოსაზრება როგორია? რად უნდოდათ ეს ყველაფერი?
 აშკარაა, რომ მმართველი პარტია ნაცმოძრაობასთან ერთად ცდილობს ქაოსის გამოწვევას და დესტაბილიზაციას. ამერიკელმა კონგრესმენებმა ბოლო ხანს ხელისუფლება ბევრჯერ გააკრიტიკეს. მათ წერილებში რამდენჯერმე ნახსენები იყო ქაოსი და დესტაბილიზაცია, დესტრუქციული ქმედებები და ამის მცდელობა. ნათელია, რომ ამაში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მონაწილეობს ნაციონალური მოძრაობა. ორივე ძალას უნდა ქართველი ხალხის გაბითურება. ორივეს უნდა შეინარჩუნოს დომინანტური მდგომარეობა. ორივეს უნდა, უზრინველყონ პოლიტიკაში თავიანთი ყოფნა სატელიტებთან ერთად. სატელიტი მრავალნაირია. მმართველი პარტიის სატელიტები ტელეეთერებში ისე ლანძღავენ ივანიშვილს, თითქოს მართლა მისი მტრები იყვნენ და მისგან ფული არ ჰქონდეთ აღებული. ჩვენს ტელევიზიებს რომ თვალი გადაავლო, დაგრჩება შთაბეშდილება, თითქოს პოლიტიკური ცხოვრება დუღს და გადმოდუღს.
_სინამდვილეში რა ხდება?
 რა ხდება რა არიან სპექტაკლებში ჩართული „ქართული ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა, სხვა ყველა, ვისაც ტელევიზიებში ტრიბუნას უთმობენ, დანამატი და სატელიტია. სუფრაზე რომ ორი მთავარი კერძია და დანარჩენი კერძები-გარნირები და მესამეხარისხოვანი მენიუ, აქაც იგივეა. გარნირებში ცხარე საკვებიც არის და დიეტურიც. ზოგიერთი პარტია და ჯგუფი რადიკალურია, ზოგი-ზომიერი, ზოგი-პრორუსი და ზოგი-დასავლელი. არიან რელიგიურები და ანტირელიგიურები.
_ თქვენ ჯერ კიდევ „ოცნების“ მოსვლის პირველ წლებში აცხადებდით, რომ პროდასავლელის სახელს ფაქტიურად ყველა პარტია აყალბებს და რეალურად ყველა მათგანი რუსეთს ემსახურება.
დიახ. ეს 20 წელიწადი და მეტია, ასეა. დასავლური სახელი ჰქვიათ, მაგრამ ისინი ანტოდასავლურ პოლიტიკას ატარებენ. ამდენი წელიწადია, არც ერთ ხელისუფლებას ბოლომდე არ მიუყვანია არც ერთი რეფორმა. სასამართლოში თითქოს ბერ რამეს ცვლიდნენ, მაგრამ არაფერი შეცვლილა. სამწუხაროა, რომ მოსახლეობის განწყობა უარესობისკენ იხრება. დღეს დასავლეთის მიმართ მოსახლეობის უფრო მეტი ნაწილია უარყოფითად განწყობილი, ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს იყო. საქართველოში ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ რეალურია დასავლეთის სანქციები გარკვეული პირების წინააღმდეგ. ყველაფერი ცუდი და უძრაობა ხდებოდა დასავლური დროშის ქვეშ. არადა, დასავლეთი იმიტომ გვინდა, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ. დასავლეთი ნიშნავს დამოუკიდებელ და სამართლიან სასამართლოს, კეთილდღეობას, დაცულობას. ნატოში იმიტომ გვინდა, რომ იყოს დეპოლიტიზებული ჯარი და პოლიცია, სამოქალაო კონტროლო შეაირაღებასა და უსაფრთხოებაზე. დასავლეთი გულისხმობს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თავისუფალ არჩევნებს, ხელმისაწვდომობას ჯანდაცვასა და განათლებაზე. ჩვენ აქედან არაფერი გვაქვს. საქართველოში გამყარდა ბოლშევიკური სისტემა. სად გაგიგიათ, რომ რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში იყვნენ ბელადები?!
_ ახლაც ბელადები გვყავს?
ივანიშვილიც ხომ ბელადია! ნახეთ, რას გადმოგვცემენ მის დაქვემდებარებაში მყოფი ტელევიზიები. მანამდე სააკაშვილი და შევარდნაძე იყვნენ ბელადები. დასავლეთის სახელმწიფოებს მართავენ დემოკრატიული ინსტიტუტები და არა-ბელადები. იქ არსებობს ნამდვილი სასამართლო, ნამდვილი თვითმმართველობა. ჩვენ დასავლეთს კი არ ვუახლოვდებით, უფრო ვცილდებით. დასავლური და დემოკრატიული, ამავე დროს პატრიოტული ძალები ქვეყანას აქამდე არ მიიყვანდნენ.
_ ამ არჩევნებზე მეტ დამკვირვებელს ველით დასავლეთიდან.
ეს მნიშვნელოვანია. საერთოდ, დასავლეთი გააქტიურდა. ფაქტობრივად, ნატოს კრეისერები ფოთს მოადგნენ და ამ სიტუაციში საქართველოს ხელისუფლება ძველებურად ვერ მოიქცევა, ძველებურ ლავირებას ვერ დაიწყებს. სხვა დრო დგება და ხელისუფლებას მოუწევს გარკვეულ შეკითხვებზე პასუხების გაცემა. ჩვენ, სახალხო პარტიას, არჩევნების დროს სადაც ბევრი ხმა გვოქნდა მიღებული, იმ უბნებზე სპეცოპერაციას ატარებდნენ და ხმებს გვართმევდნენ. ახლა ამას ვერ იზამენ.
 არჩევნებში მონაწილეობთ?
დიახ, არჩევნებში ვმონაწილობთ. ახლა მეტი შანსია, რომ ხელისუფლებამ მასობრივად არ გააყალბოს არჩევნები და არ მოგვიწყოს სპეცოპერაციები საარჩევნო უბნებზე. სხვებთან ერთად (შესაძლოა, ვინმესთან არჩევნებამდე დავამყაროთ კონტაქტი) პარლამენტში შევეცდებით მოვახდინოთ გარღვევა.
 რაც სახალხო პარტია პარლამენტში არ არის წარმოდგენილი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის და სხვა მრავალი პრობლენა პლენარულ სხდომაზე არ განხილულა. ჩვენ ამას გამოვასწორებთ.
ახალი თაობა 5.08.2020

მამუკა გიორგაძე

წყარო: