მთავარი საზოგადოება ჩემ უკან რომ შენობა დგას, სამ უმნიშვნელოვანეს მოვლენასთან არის დაკავშირებული – ლევან...

ჩემ უკან რომ შენობა დგას, სამ უმნიშვნელოვანეს მოვლენასთან არის დაკავშირებული – ლევან ლორთქიფანიძე

137
0

უცვლელად გთავზობთ პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძის პოსტს სოციალურ ქსელში

“ჩემ უკან რომ შენობა დგას, სამ უმნიშვნელოვანეს მოვლენასთან არის დაკავშირებული: სიყვარულთან, ჩვენი ქვეყნის დამფუძნებელ მამებთან, დემოკრატიულ სოციალიზმთან.

 ამბავი სიყვარულისა
1880-იან წლებში, სოფელ წინამძღვრიანთკარში სამეურნეო სკოლა დიდმა ქართველმა განმანათლებელმა, ბ-ნმა ილია წინამძღვრიშვილმა ააშენა. სკოლის აშენება ილიას ინიციატივა არ ყოფილა. ადგილობრივი გლეხებისთვის ცოდნის კერის დაფუძნების იდეა წინამძღვრიშვილის მეუღლეს, ოლღას ეკუთვნოდა. ოლღა ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, წყვილს შვილი არ დარჩენია. განმანათლებელმა სკოლის აშენებით საყვარელი ქალის სახელის უკვდავყოფა სცადა, თან განიზრახა, რომ შვილებივით ეზრუნა თანასოფლელთა ბავშვებზე, რომლებიც გაუნათლებლობისა და სიბნელისთვის იყვნენ განწირულნი. მან მთელი ქონება სკოლას შესწირა.
🔴 ამბავი ჩვენი ქვეყნის დამფუძნებელი მამებისა
წინამძღვრიანთკარის სკოლა უბრალო სასწავლებელი არ ყოფილა, მისი მიზანი მხოლოდ ზოგადი განათლების გადაცემა არ გახლდათ. დაწესებულებას ოფიციალურად ეწოდებოდა სამეურნეო სკოლა, რადგან ბავშვები წერა-კითხვის, არითმეტიკის, მეცნიერების ელემენტარული საფუძვლების გარდა სამეურნეო საქმესაც სწავლობდნენ. სკოლა მიზნად ისახავდა მომავალი მიწათმოქმედების აგრონომიული ცოდნით აღჭურვას, მესაქონლეობის თანამედროვე პრაქტიკების გლეხთათვის გაცნობას…
სასკოლო წესდება იაკობ გოგებაშვილმა შეიმუშავა, მონდომებით, გულმოდგინედ შრომობდა, სული და გული ჩადო საქმეში.
სკოლის დაარსებისთვის ბრძოლაში წინამძღვრიშვილის მთავარი მოკავშირე ილია ჭავჭავაძე იყო, რომლის საზეიმო სიტყვითაც გაიხსნა სასწავლებელი. ჭავჭავაძემ თქვა, რომ ცოდნის გარეშე ქვეყანა დაიღუპება, წინ ვერ წავა, თან დასძინა: “ცოდნა იმითია კიდევ კარგი, რომ იმან უფროს-უმცროსობა არ იცის. როგორც საყდარი, როგორც ეკლესია, როგორც თითონ ღმერთი, — ერთნაირად შეივედრებს, ერთნაირად შეიკედლებს, ერთნაირად იშვილებს ხოლმე ძონძებში გახვეულ გლეხსაც და ბუზმენტებით მორთულს თავადსაცა. ყველას ერთნაირად მოუხდება, ყველას ერთნაირად დააშვენებს ხოლმე, ოღონდ კი კაცი გულმონდომილი და მოწადინებული მივიდეს ცოდნის კარამდისა.”
ალბათ, ბევრს გახსოვთ, რომ ილია ჭავჭავაძემ განუმეორებელი “აჩრდილი” ილია წინამძღვრიშვილს მიუძღვნა.

ამბავი დემოკრატიული სოციალიზმისა
სკოლის კარი ღია იყო სოციალისტური და დემოკრატიული შეხედულებების მქონე მასწავლებლებისთვისაც. წინამძღვრიანთკარში მოღვაწეობდა რევოლუციონერი, რომელსაც ჩემს გულში მრავალი მიზეზის გამო დიდი ხნის წინ მივუჩინე მყუდრო ბინა. ისიდორე რამიშვილს სკოლამ თავისუფლებაც მისცა და მუდმივი შემოსავალიც გაუჩინა.
ჯანყის მოყვარული მასწავლებელი მიმოწერას არ წყვეტდა თავის მეგობართან გოლა ჩიტაძესთან (მაქსიმ გორკის მის შესახებ შესანიშნავი მოთხრობა აქვს დაწერილი, გოლაზე მოგვიანებით). თბილისიდან ისიდორეს პავლე ჩუდეცკის ამბებს ატყობინებდნენ – როგორ დასაჯა სილვა ჯიბლაძე არალეგალური ლიტერატურის შეძენა, შენახვა, ტარებისთვის, როგორ ათრია თმით სილვამ სასულიერო სემინარიის რექტორი კიბეებზე, როგორ გარიცხეს სასწავლებლიდან იოსებ ლაღიაშვილი ხელნაწერი მემარცხენე ჟურნალის “ყვავილის” აღმოჩენისთვის და ა.შ. ჩუდეცკის სინდისზე ათობით სტუდენტის ცემის, წამების, სიკვდილისთვის გაწირვისა და დაპატიმრება-გადასახლების დანაშაული იყო, თან ცდილობდა სასწავლო პროცესიდან ბოლომდე ამოეშანთა ქართული ენა და კულტურა. თავისი სახელფასო დანაზოგით რამიშვილმა სემინარიის სტუდენტების დაცვის მიზნით ხანჯალი გამოაჭედინა …
საბოლოოდ, წინამძღვრიანთკარის ხანჯლით მოკლეს ჩუდეცკი, შემდეგ იყო დიმიტრი ყიფიანის ამბავი და დიდი გამოღვიძება ცარიზმის წინააღმდეგ.

ამ უნიკალური შენობის მდგომარეობის შესახებ მხოლოდ საშინელებები მქონდა მოსმენილი. მიახლოვებისთანავე ბრაზმა ამიტანა, ყველაფერს გაპარტახების კვალი ემჩნეოდა… მაგრამ მოულოდნელად კაკუნის ხმაც შემომესმა, მუშები პანდემიის წესების დაცვით, გამალებით მუშაობენ განადგურებულის აღსადგენად.

მადლობა ადამიანებს, რომლებმაც გზა გაიგრძელეს და შემაჭყიტეს ამ ადგილას.

P.S. ხელებს ინტენსიურად ვიმუშავებდით ხსნარით, პირბადეები გვქონდა, სათოფეზე არავის გავკარებივართ, ქუდი დამეკრგა და ვერ ვყიდულობ.

წყარო: