მთავარი ახალი ამბები საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების განცხადება

საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების განცხადება

1232
0

საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება განცხადებას ავრცელებს:

ჩვენი საზოგადოების მიერ ორგანიზებულმა პროექტმა “სამშობლოსმცოდნეობა”, რომელიც ინტერნეტსივრცეში მიმდინარეობს, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. პროექტის თვითმხილველი ერთ–ერთი მშობლის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას მოჰყვა არაჯანსაღი აჟიოტაჟი, რომელმაც ბევრი შეიყვანა შეცდომაში, ხოლო საზოგადოების ნაწილი სრულ გაურკვევლობაში აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულმა ძალებმა (რომელთა დიდი უმრავლესობა გახლავთ ჩვენი დედაეკლესიის, ქართული სულიერი, მარადიული ღირებულებების და ფასეულობების დაუფარავი მოწინააღმდეგე), პროექტის ავტორისა და საპატრიარქოს ჩოხოსნების მიმართ გამოიყენეს სიძულვილის და მუქარის, უკიდურესად შეურაცხმყოფელი ბილწსიტყვაობისა და დაშინების შემცველი გამონათქვამები (მათ შორის ჩვენი დაპატიმრებისა და დახვრეტის მოთხოვნის!!!) და კომენტარები, საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებამ ამ გაბოროტებულ ადამიანებს უპასუხა დუმილით. ჩვენს მიმართ აგრესიულ ადამიანებს დაავიწყდათ, რომ დუმილი თანხმობას არ ნიშნავს და ჩათვალეს, რომ არიან ჭეშმარიტების მქადაგებელნი.
იმისათვის, რომ ქართველმა ერმა გაიგოს სიმართლე, ვაცხადებთ შემდეგს:
1. პროექტი “სამშობლოსმცოდნეობა” გახლავთ ღვაწლმოსილი პედაგოგების და მათ შორის გამორჩეული პიროვნების შალვა ამონაშვილის კონსულტაციების შედეგად შემუშავებული სასწავლო კურსის ციკლი, რომელშიც გადმოცემულია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორია და წმიდა მამების სწავლებანი, “ქართლის ცხოვრების” ქრონიკები, ამონარიდები უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II–ს, ჩვენი მოძღვრების ქადაგებებიდან, საქართველოს ისტორიის სასახელო ფრაგმენტები, ჩვენი წინაპრების საგმირო საქმეები, ქართული ლიტარატურის კლასიკოსების ნაწარმოებები და ყოველივე ის, რაც ემსახურება მოზარდის აღზრდას საუკეთესო ჰუმანური, კაცთმოყვარე და მამულიშვილური ტრადიციებით, როგორც ეს ხდებოდა ჩვენი სულკურთხეული წინაპრების მიერ.
2. “სამშობლოსმცოდნეობა” არის სასწავლო კურსი, რომელიც არანაირ შეხებაში არ გახლავთ განათლების სამინისტროსთან ან ხელისუფლების რომელიმე სხვა ინსტანციასთან, დროში არანაირად არ ემთხვევა საჯარო თუ კერძო სკოლების სასწავლო პროცესს და ხორციელდება საღამოს საათებში. პროექტი მიმდინარეობს ინტერნეტ სივრცეში, გახლავთ საჯარო და მასში მონაწილეობა შეუძლია ყველას, აბსოლუტურად ნებაყოფლობითია და დამოკიდებულია მსმენელის ნება–სურვილზე. “სამშობლოსმცოდნეობის” სასწავლო კურსში მონაწილე მშობლები, მათი შვილები და ადამიანები (რომელთა სოლიდური ნაწილი საპატრიარქოს ჩოხოსნები არიან) სარგებლობენ სრული თავისუფლებით და მათ ვერც ვერავინ დააძალებს, რომ იყვნენ სასწავლო კურსის მსმენელები და ვერც ვერავინ შეუზღუდავს იმ უფლებას, რომ გააგრძელონ პროექტში მონაწილეობა.
3. პროექტ “სამშობლოსმცოდნეობის” გააფთრებული მოწინააღმდეგენი ავრცელებენ ლექციის კონტექსტიდან ამოგლეჯილ მცირე ფრაგმენტს, რითაც აბსოლუტურად მცდარ წარმოდგენას უქმნიან საზოგადოებას და შეგნებულად ამახინჯებენ პროექტის შინაარსს, სურთ შთაბეჭდილება და გავლენა მოახდინონ მოსახლეობაზე, თითქოს პროექტის ავტორები არიან ჩვენი მომავალი თაობის მტრები, მოზარდებს უმახინჯებენ სულს და მშობლებიც ჰყავთ ჰიპნოზურ მდგომარეობაში, რაც არის სრული დეზინფორმაცია და ცინიზმი. მათ ავიწყდებათ, რომ საქმე აქვთ მათზე ბევრად შეგნებული და განათლებული ადამიანების კატეგორიასთან (რომელთა რიცხვი უკვე რამდენიმე ათასია), რომლებსაც მშვენივრად ესმით, თუ როგორ გადაწყვიტონ საკუთარი შვილების ბედი და ვერანაირი აკრძალვები და გავრცელებული სიყალბე ვერ აიძულებს გააკეთონ ძალდატანებითი არჩევანი.
4. ზემოთ ხაზგასმულ იქნა, რომ პროექტი არის საჯარო და ყველა მსურველს შეუძლია თვალი ადევნოს. გაკვეთილების კურსს სისტემატურად ესწრებიან მართლმადიდებული ეკლესიის იერარქები, თავად აკეთებენ დასკვნებს და უაღრესად კომპეტენტური პედაგოგის, შესანიშნავი მამულიშვილის ლექსო გელაშვილის მიერ ჩატარებულ ლექციას მათი სახით ჰყავს მკაცრი შემფასებელი, რომლებიც აქამდე გააკეთებდნენ განცხადებებს ან შენიშვნებს, რომ დაენახათ გაკვეთილების პროცესში დოგმატური გადაცდომები ან ბავშვთა და ზოგადად, ადამიანის უფლებების დარღვევის ანდა სხვა ეროვნების ადამიანების დისკრიმინაციის ფაქტები. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ზოგიერთი ცილისმწამებლის ბრალდება ჩვენს მიმართ, თითქოს “სამშობლოსმცოდნეობის” სასწავლო კურსი არღვევს სხვა რელიგიური კონფესიებისა და ეროვნული უმცირესობების უფლებებს, არის სრული სიცრუე და პროექტის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია.
პირიქით, სასწავლო კურსში გათვალისწინებულია საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა გმირული თავგანწირვა ჩვენი სამშობლოს გადარჩენისთვის ბრძოლაში და მათი თავდადების არაერთი მაგალითი. სიამოვნებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ “სამშობლოსმცოდნეობის” მსმენელები არიან სომხები, ქურთები, რუსები, აზერბაიჯანელები, ებრაელები და არაერთი სხვა ეროვნების ადამიანები, რომელიც იმავდროულად არიან ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები და მთელი შეგნებით ემსახურებიან ჩვენს სამშობლოს.
P.S. საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება გახლავთ სრულიად აპოლიტიკური, ყოველგვარი “იზმებისაგან” დამოუკიდებელი ადამიანების ერთობა, რომელთა უმთავრესი მიზანია დედაეკლესიისა და სამშობლოს უანგარო სამსახური. ჩვენს რიგებში გაწევრიანების საშუალება აქვს ყველას, რომელიც პატივს მიაგებს საზოგადოების წესდებას და იზიარებს მის სულისკვეთებას, დაწყებული ქვეყნის პირველი პირიდან უბრალო მევენახის ჩათვლით და მათ შორის განათლების სფეროში მოღვაწე პედაგოგებს, რომელთაც ვერავინ დაუშლის ვერც სამშობლოს სიყვარულს და ვერც ამ საზოგადოების წევრობას.
გარწმუნებთ, რომ ჩოხოსანთა დაშინების ანდა მათზე ზეწოლის მცდელობა არის აბსურდული ქმედება, რომელიც თავშივე განწირულია და ვერავითარ შედეგს ვერ მოუტანს მათ, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ მეთოდებით მოახდენენ ჩვენზე ზეგავლენას. პირიქით, მეტი შემართებით და რწმენით ვაგრძელებთ საქმიანობას ზუსტად ისევე, როგორც აქამდე გვიკეთებია და კანონის სრული დაცვით, ყველა სამართლებრივი და ზნეობრივი კრიტერიუმების გათვალისწინებით, დავანახვებთ საზოგადოებას, რომ ჭეშმარიტება ჩვენს მხარესაა.
P.P.S. ყველას ვთხოვთ მოკრძალებით და სიყვარულით: როგორც აქამდე, ახლაც მშვიდად, სიყვარულით და მიმტევებლობით, გვერდი ავუაროთ იმ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც ჩვენს მიმართ გამოირჩევიან უკიდურესად შეურაცხმყოფელი განცხადებებით, ცინიზმითა და ცილისწამებით. შეგახსენებთ სამშობლოს სიყვარულისთვის წამებული დიდი ქართველი მწერლის ლევან გოთუას სიტყვებს: “წამება ამაღლებს ადამიანს, დამცირება კი თავმოყვარეობის საკითხია. ჩვენ მგონი მოვალეობა უფრო გვაწევს” !..
დაე, მოსახლეობამ თავად შეაფასოს სხვაობა ჩვენსა და იმ არსებებს შორის, რომელთაც აღარაფერი შერჩათ ზნეობრივი და ერთნაირი გახელებით შეურაცხყოფენ არა მხოლოდ “სამშობლოსმცოდნეობის” პროექტს, არამედ საქართველოს სულიერ ფასეულობებს, რაც სისხლით მოიტანეს ჩვენმა წინაპრებმა და რომელთა დაცვაც ყველა თაობის მოვალეობაა.
პატივისცემით და ქრისტესმიერი სიყვარულით: საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების მეთაური ზვიად სეხნიაშვილი.
21.12. 2020.