მთავარი ახალი ამბები შეხვედრა დაიწყო | „შემდეგ გამოჩნდება, რამდენად შესაძლებელია მედიაციის დაწყება” – ვარლამ გოლეთიანი

შეხვედრა დაიწყო | „შემდეგ გამოჩნდება, რამდენად შესაძლებელია მედიაციის დაწყება” – ვარლამ გოლეთიანი

271
0

რიონის ხეობის მცველები ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრაზე ისინი იმ პირობებს დაასახელებენ, რისი შესრულების გარეშეც მედიაციის პროცესში არ ჩაერთვებიან. შეხვედრას ესწრებიან ნამახვანი ჰესზე მომუშავე ორგანიზაციების წევრებიც, ასევე შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლები.

„დღევანდელი შეხვედრა იმართება იმ მიზნით, რომ მხარეებმა დავაყენოთ ჩვენ-ჩვენი პოზიციები და ამ პოზიციების დაყენების შემდეგ განისაზღვრება რამდენად შესაძლებელია ზოგადად მედიაციის პროცესის დაწყება. დღევანდელი დღე არ არის მედიაცია და საკითხების შინაარსობრივი განხილვა, ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩვენ-ჩვენი პოზიციები მხარეებმა ვთქვათ”, – განაცხადა აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა.

„ბარიკადის აღება, პოლიციის გასვლა, სამუშაოების შეწყვეტა” – გოლეთიანი თქმით, ამ საკითხების გადაჭრაა მნიშვნელოვანი, რათა ვითარება დასტაბილურდეს და სამუშაო გარემო შეიქმნას.

„ეს პირობაც არ არის, ეს არის ლოგიკური კანონზომიერება, რომ დაკმაყოფილდეს ის მინიმალური პირობა იმისთვის, რომ საუბარი შევძლოთ და მშვიდობიანი სივრცე შეიქმნას დიალოგისთვის. გუშინ იყო ჩვენი ერთ-ერთი თანამებრძოლის სასამართლო პროცესი, რომელიც პატიმრობაში დატოვა მოსამართლემ, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდება ჰქონდა წაყენებული და ჩვენ ვნახეთ, თუ რამდენად პოლიტიზებულია პროცესი. და ახლა ამ გარემოში – ბარიკადის, დაკავებებისა და 7-წლიან ციხეში რომ უშვებენ ადამიანს, ბუნებრივია, რომ ეს არ ქმნის მშვიდობიან და ჯანსაღ სივრცეს საუბრისთვის. ამიტომ ჯერ ეს რაღაც რეპრესიები და პროცესი უნდა დალაგდეს და დასტაბილურდეს და ამის შემდეგ ჩვენ შევხედავთ, რამდენად შესაძლებელი გახდება მედიაციის დაწყება”, – განაცხადა გოლეთიანმა.


როგორც შეხვედრის დაწყებამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა,ჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს, თუმცა უნდა აშენდეს ისე, რომ გამოირიცხოს ყველანაირი კითხვა პროექტის უსაფრთხოებასთან და გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით. „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ასეა, თუმცა გვინდა ამის დემონსტრირება ყველა დაინტერესებული მხარისთვის“.

„ჩვენ, მთავრობა დაინტერესებული ვართ და ყოველთვის ვუსვამდით ამას ხაზს, რომ ეს გადავიდეს დიალოგის პროცესში, ის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია მშენებლობასთან, მოხდეს საკითხების განხილვა მოლაპარაკების მაგიდასთან, გადმოვიდეს ეს პროცესი ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდაზე. ჩვენ ვთვლით, რომ ევროკავშირის ჩართულობის შედეგად შესაძლებელი იქნება იმ მთავარი საკითხების გამოვლენა, იდენტიფიცირება, რომელიც აწუხებს საზოგადოებას, გარკვეულ ჯგუფებს არასამთავრობო ორგანიზაციების, და ჩვენ მზად ვართ, რომ ეს საკითხები განვიხილოთ დეტალურად, მივიღოთ გადაწყვეტილებები და მოვნახოთ გამოსავალი და ისე აშენდეს ეს პროექტი, რომ მისაღები იყოს მოსახლეობისთვის“, – თქვა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება აქტივისტების განცხადებებს პირობებთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილე ამბობს: „ჩვენ ვართ კონსენსუალურად განწყობილები, რომ ყველა საკითხი გავიაროთ მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩემი აზრით, ეს ფორმატი მოგვცემს საშუალებას, რომ კონსტრუქციულად შევათანხმოთ თემები“.

წყარო: publika.ge