მთავარი ახალი ამბები დიდი სინაგოგისა და მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინის გამოხმაურება ლგბტ პრაიდთან დაკავშირებით.

დიდი სინაგოგისა და მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინის გამოხმაურება ლგბტ პრაიდთან დაკავშირებით.

807
0

თბილისის დიდი სინაგოგის განცხადება (04.05.2021)

ჩვენ საქართველოს ებრაელები და სხვა რელიგიების წარმომადგენელნი საუკუნეების მანძილზე მშვიდობიანად თანავცხოვრობთ საქართველოში. ჩვენს შორის, განსხვავების მიუხედავად ამ ხნის მანძილზე თავისთავად ჩამოგვიყალიბდა მშვიდობიანი თანაცხოვრების კულტურა, რაშიც თითოეულმა მხარემ საკუთარი წვლილი შეიტანა. ჩვენი ურთიერთობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომელსაც მოფრთხილება და მომავალი თაობებისთვისათვის გადაცემა სჭირდება.

თანამედროვე რეალობამ ადამიანების სასარგებლოდ დიდ მიღწევებთან ერთად, მოიტანა ისეთი იდეოლოგიაც, რომელიც ხშირად უხეში ფორმით და მიუღებელი პროპაგანდით გვთავაზობს ფასეულობათა შეცვლას, არანორმალურის ნორმად და მისაღებად გამოცხადებას.

აქ შეკრებილი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლება, პატივს ვცემთ ადამიანის გამოხატვის თავისუფლებასაც, მაგრამ როდესაც საუბარია ე.წ. ლგბტქ+ პრაიდის ჩატარებაზე, საქმე გვაქვს არა გამოხატვასთან, არამედ გარკვეული ჯგუფის მიერ საკუთარი ინტიმური ცხოვრების საჯარო პროპაგანდასთან და სხვებისთვის ამის თავისმოხვევასთან. ის რასაც გეგმავენ ე.წ. ,,პრაიდის“ ორგანიზატორები შეუთავსებელია ჩვენი მორალისათვის და წინააღმდეგობაში მოდის ერთობლივი თანაცხოვრებით ჩამოყალიბებულ ფასეულობებთან.

ჩვენ უზნეობას ზნეობად ვერ შევრაცხავთ და ვერც ამის მცდელობას შევეგუებით.

საქართველოში ლგბტ ადამიანები არასდროს განიცდიდნენ დევნას თავიანთი ცხოვრების წესის გამო და მსგავსი ,,პრაიდები“ მიზნად ისახავს არა ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას, არამედ ფინანსური სარგებლის მიღებას, ორგანიზატორთა მცირე ჯგუფის სასარგებლოდ. ამისათვის ისინი არ ერიდებიან ამ საკითხის ირგვლივ ხელოვნური კრიზისის შექმნას და საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივებას, რითაც საზოგადოებისაგან თავად აცალკევებენ და აპირისპირებენ აღნიშნული ორიენტაციის პირებს და, ამასთან, ასეთი აქტივობებით საშიშროებას უქმნიან მომავალ თაობას მავნე ზეგავლენით.

ვთხოვთ ხელისუფლებას, არ დაუშვას ე.წ. ,,პრაიდის‘‘ ჩატარება. მივმართავთ საერთშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ამ ღონისძიების მხარდაჭერით ნუ გაუცრუებთ საქართველოს მოსახლეობას იმ დიდ იმედს, რაც საქართველოს დასავლურ ორიენტაციასთან არის დაკავშირებული.

მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინის იაკობ გაგულაშვილის მიმართვა (05.07.2021)

დიდი ისტორია აქვს ებრაელ ერს. ოცდაექვს საუკუნეზე მეტი დევნილობაში გავატარეთ და წმინდად შევინახეთ ჩვენი რწმენა, ჩვენი თორა. უფრო სწორად კი – მათ შეგვინახეს. რადგან სწორედ მათი დამსახურებით შევინარჩუნეთ ტრადიციები, ადათები, წეს-ჩვეულებები, ოჯახის სიწმინდე. დღეს კი ახალგაზრდა ისრაელის სახელმწიფო მაღალ მორალურ და ზნეობრივ ფასეულობებზე დაფუძნებული ძლიერი ქვეყანაა – მაღალი ჰუმანისტური კრიტერიუმებით, სადაც დაცულია თითოეული ადამიანი.

ქართველები და ებრაელები ორი უძველესი და კულტურული ხალხი ვართ. ერთმანეთის ტრადიციების პატივისცემის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების ისტორიის ასეთი ღირსეული ფურცლების დაწერა. ამიტომ, ჩვენთვის, საქართველოს ებრაელობისთვის, განსაკუთრებულად შემაშფოთებელია საქართველოში ისრაელის ელჩის მკვეთრად გამოხატული მხარდაჭერა ე.წ. ,,პრაიდის“ თემისადმი, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ტრადიციებს, ზნეობრივ სახეს. ელჩი თავისი ქვეყნის წარმომადგენელია იქ, სადაც წარგზავნეს და დიპლომატიური ეთიკის ყველა ნორმის დაცვით მისი პოლიტიკური, მორალური პრიორიტეტებით უნდა ხელმძღვანელობდეს. რაც მოცემულ შემთხვევაში ასე არაა.

ისრაელსაც უდგას ეს რეალობა, გარკვეული პერიოდულობით აქაც მწვავდება ხოლმე „პრაიდის“, სხვადასხვა უმცირესობების თემები, რომელთათვისაც ნიშანდობლივია მაღალი ემოციური ტემპერატურა მასმედიაში და ეს, როგორ წესი, არასამთავრობო სექტორში მსხვილი ფინანსური ტრანშით მთავრდება და მერე ისევ თავიდან იწყება. მაგრამ თუკი საზოგადოება გვეწოდება, გონიერება გვმართებს, რათა აგიტაციური შეტევის მსხვერპლად არ ვიქცეთ და ჭეშმარიტი ფასეულობები არ გავაუფასუროთ. ისრაელში არაა კონსესუსი ამ საკითხზე არც ხალხში, არც მთავრობაში. ლგბტ თემისადმი სოლიდარობის ჯამური კოეფიციენტი, ალბათ, ერთ პროცენტსაც არ აღემატება და ამიტომ, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი სახელმწიფო მოხელის მხრივ ოფიციალური მხარდაჭერა ვფიქრობ, მართებული არაა – თუნდაც ეს მისი პირადი პოზიცია იყოს.

ასევე არ იყო მართებული ქმედება, როდესაც ბატონი ელჩის ოფიციალური განცხადებით ქართულ-ებრაული ურთიერთობების პრიორიტეტულ სიბრტყედ სუროგაციის თემა გამოცხადდა. მაშინ ეს გაუაზრებელ შეცდომად მივიჩიეთ, მაგრამ დღეს ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ეს არაა ჩვენი ორი ქვეყნის პარტნიორობის პრიორიტეტი, ჩვენი ურთიერთობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, თვისობრივად მაღალი რანგისაა და კიდევ უფრო უნდა ამაღლდეს, ხოლო ჩვენ ამ პროცესში მედიატორები უნდა ვიყოთ და არა შემაფერხებლები.

ყველა ადამიანი სხვა ქვეყანაში საკუთარი სამშობლოს ელჩია და მის ინტერესებს უნდა ემსახუროს, მითუმეტეს ამ საპატიო მისიისათვის ოფიციალურად წარგზავნილი პირი. ამისთვის კი სულ მცირე, ამ ქვეყნის კულტურა და ტრადიციები უნდა ისწავლო, გაითავისო და პატივი სცე.

მსოფლიოს ქართველ ებრაელთა სახელით სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ოჯახის სიწმინდის საკითხს, პატივს ვცემ საქართველოს ისტორიას და კულტურას, მოსახლეობის მაღალ მორალურ-ზნეობრივ ფასეულობებს და ყველა ინსტიტუტს, რომელიც ამ სიწმინდის სადარაჯოზე დგას.

მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი,

იერუშალაიმისა და აშდოდის მთავარი რელიგიური მოსამართლე

იაკობ გაგულაშვილი