მთავარი ახალი ამბები საქართველოს კულტურის სამინისტრომ სხვადასხვა პროექტის დაფინანსების მიზნით კიდევ 9 კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კულტურის სამინისტრომ სხვადასხვა პროექტის დაფინანსების მიზნით კიდევ 9 კონკურსი გამოაცხადა

124
0

,,საქართველოს კულტურის სამინისტრომ სხვადასხვა პროექტის დაფინანსების მიზნით კიდევ 9 კონკურსი გამოაცხადა

დღეს, 14 ივლისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კიდევ 9 კონკურსს აცხადებს:

  1. „ახალი ქართული წიგნი“ – საგამომცემლო სექტორის ხელშეწყობა.

კონკურსისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 50 000 ლარს და მისი მიზანია ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა თანამედროვე ქართული მხატვრული ლიტერატურის ახალი გამოცემების ხელშეწყობის გზით.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს – გამომცემლებს / საგამომცემლო სახლებს, რომლებსაც აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აქვთ.

  1. „ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა“

კონკურსისათვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 100 000 ლარს და მისი მიზანია ვოკალური მუსიკის პოპულარიზაცია; ქართული ვოკალური სკოლის ტრადიციების აღორძინება; ახალგაზრდა მომღერალთა საშემსრულებლო დონის ამაღლება; კონკურსზე საერთაშორისო აღიარების მქონე ჟიურის წევრთა მოწვევა; ჟიურის წევრთა მასტერკლასები ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსებისთვის; ვოკალის პედაგოგთა სტიმულირება და კვალიფიკაციის ამაღლება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესიული მუსიკალური ხელოვნების სფეროში მოღვაწე იურიდიულ პირებს, რომელთაც აქვთ ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსებისა და მასტერკლასების ჩატარების გამოცდილება.

  1. „მუსიკოს- შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის ჩატარების
    ხელშეწყობა“

კონკურსისათვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 25 000 ლარს და მისი მიზანია პროფესიული მუსიკის პოპულარიზაცია; სხვადასხვა პროფილის ახალგაზრდა მუსიკოსთა საშემსრულებლო დონის ამაღლება; ახალი სახელების წარმოჩენა; პროფესიული მუსიკალური განათლების პოპულარიზაცია; პედაგოგების სტიმულირება.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ იურიდიულ პირებს, რომელთაც მუსიკოს- შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსების ჩატარების გამოცდილება გააჩნიათ.

  1. „საერთაშორისო კინოფესტივალების ხელშეწყობა“

კონკურსისათვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 253 000 ლარს და მისი მიზანია კინოხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით საქართველოში საერთაშორისო საფესტივალო ღონისძიებების ხელშეწყობა; ხელოვანთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ფესტივალის ფარგლებში, საგანმანათლებლო ვორქშოფების/მასტერკლასების განხორციელება; მსოფლიო კინოს მიღწევების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს.

  1. “ სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება”

კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 700 000 ლარს და მისი მიზანია უმაღლესი და სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება; უმაღლესი და სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული განვითარება, რომელიც მოემსახურება სასწავლებლების ძირითადი მიზნების მიღწევას; მოსწავლეებისა და პედაგოგების მოტივაციის ამაღლება.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს -უმაღლეს და სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებებს

  1. „ახალგაზრდა პიანისტთა ეროვნული კონკურსის ხელშეწყობა“

კონკურსისათვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 20 000 ლარს და მისი მიზანია ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და ახალი სახელების წარმოჩენა; ქართული საშემსრულებლო ხელოვნების პოპულარიზაცია, მისი საუკეთესო ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება; მოსწავლეთა/სტუდენტთა და პედაგოგების პროფესიული განვითარება და მოტივაციის ამაღლება.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს

  1. „ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობა“

კონკურსისათვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 100 000 ლარს და მისი მიზანია ახალგაზრდა ხელოვანთა განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; ნიჭიერი ახალგაზრდა ხელოვანების განათლებაზე ხელმისაწვდომობა; თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებთან ინტეგრირება; ახალი სახელების წარმოჩენა.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს სახელოვნებო სფეროში გამოცდილება.

  1. „ფესტივალებისა და საერთაშორისო მასტერკლასების ხელშეწყობა“

კონკურსისათვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 300 000 ლარს და მისი მიზანია მნიშვნელოვანი საფესტივალო ღონისძიებების ხელშეწყობა; ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება, შემოქმედებით პროცესებში ხელოვანთა და სახელოვნებო ორგანიზაციების ჩართულობა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზება; ხელოვანთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებისა და თანამედროვე ტენდენციების გაცნობა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს.

  1. „არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად“

კონკურსისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 10 000 ლარს და მისი მიზანია ახალგაზრდა თაობაში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაცია; არქეოლოგიური კვლევა-ძიების თანამედროვე მეთოდოლოგიისა და აქტუალური პროცესების ხელშეწყობა; საველე-არქეოლოგიური სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელების გზით ახალგაზრდებში პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 14 ივლისიდან 2021 წლის 23 ივლისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 3 ივნისის შემდეგ სამინისტროში შემოტანილი საკონკურსო დოკუმენტაცია განიხილება შესაბამისი კონკურსის ფარგლებში და არ საჭიროებს განაცხადის განმეორებით წარმოდგენას”.