მთავარი ახალი ამბები ,,გახდი მებაღე კვადრატში” – 5 გოგო, რომელიც ერთი მიზნით გაერთიანდა

,,გახდი მებაღე კვადრატში” – 5 გოგო, რომელიც ერთი მიზნით გაერთიანდა

362
0

როგორ გაჩნდა ინიციატივა “გახდი მებაღე კვადრატში“ ?

ჩვენ ვართ 5 გოგო ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაციის წევრები. ასოციაციის მოხალისეთა კოორდინატორმა ლედი ბოჟაძემ ეკოსოფლის იდეის გარშემო გაგვაერთიანა. სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობის პერიოდში დაინტერესდა ამ თემით და რადგან საქართველოსთვის ძალიან უცხო იყო ტერმინი ეკოსოფელი, გადავწყვიტა თვითონ დაეწყო მისი განვითარება და პოპულარიზაცია.  ეკოსოფელი, როგორც თანამედროვე დასახლება მდგრად განვითარებაზე გადასვლის ეფექტური გზაა. ეკოსოფლის მოძრაობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. მისი ძირითადი მიზანია გახდეს სოციალურად, ეკონომიკურად და ეკოლოგიურად უფრო მდგრადი. პანდემიის პერიოდში ბევრმა ოჯახმა გადაწყვიტა დაბრუნებოდა თავის მშობლიურ სოფელს, ვისაც ჰქონდა ამის საშუალება. სოფლისადმი ნეგატიური დამოკიდებულება ნელ-ნელა იცვლება. ამიტომ ვფიქრობთ, დროულია ამ იდეის რეალობად ქცევა. რაც შეეხება კვადრატულ მებაღეობას, ეს მეთოდიც ლედიმ გაგვაცნო. ეკოსოფლის თემაზე სხვადასხვა ინფორმაციის გაცნობის დროს მიაგნო, ძალიან მომეწონა და გუნდის წევრებსაც გაგვაცნო. ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ, გუნდმა ერთად გადავწყვიტეთ ამით დაგვეწყო, რადგან პირდაპირ ეკოსოფლის იდეის განხორციელება რთულად წარმოგვიდგენია.

რა არის კვადრატული მებაღეობა?

კვადრატული მებაღეობა – ეს არის სხვადასხვა სახეობის მცენარეების მცირე ფართობის კვადრატებში მოყვანა. ტრადიციული მეთოდისაგან განსხვავებით, მოითხოვს ნაკლებ რესურსს, დროსა და ენერგიას. კვადრატული მებაღეობის ავტორი არის ამერიკელი მებაღე მელ ბართოლომეუ. 1976 წელს, მელმა გამოიგონა კვადრატული  მებაღეობა, როგორც, შრომის სტანდარტული  და არაეფექტური მწკრივული  მებაღეობის, მარტივი ალტერნატივა.მისი მარტივი ფორმულა ე.წ. მელის მიქსი ის სრულყოფილი ნიადაგია, რომელიც იდეალურია მცენარეებისთვის, რაც იძლევა საშუალებას მოიყვანოთ, მაქსიმალური მოსავალი, მინიმალურ ფართობზე. მისი პირველი წიგნი ” Square Foot Gardening ” 1981 წელს გამოქვეყნდა და გახდა, ყველა დროის,  ყველაზე გაყიდვადი წიგნი მებაღეობის შესახებ. კვადრატული მებაღეობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია პოპულარული და გვინდა, რომ საქართველოშიც პოპულარული გავხადოთ.

მოგვიყევით თქვენი პროექტის შესახებ ?

პროექტი “გახდი მებაღე კვადრატში“ არის ჩვენი პირველი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს პრაქტიკული, სახალისო გაკვეთილების საშუალებით, სკოლებში ვასწავლოთ ბავშვებს, როგორ მოიყვანონ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი კვადრატებში, როგორ მოუარონ და მიიღონ მოსავალი. გარდა ამისა, ბავშვობიდანვე შევაყვაროთ ბუნებასთან ურთიერთობა და გარემოზე ზრუნვა. ჩვენი ინიციატივა ორგანიზაცია „ ორბელიანი მეტის“ ერთ-ერთი გამარჯვებულია და სახალხო დაფინანსებით ჩვენ ვაგროვებთ პროექტისთვის საჭირო თანხას, რომელსაც ორბელიანი მეტი გაგვიორმაგებს. იდეის მხარდასაჭერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია თუნდაც 1 ლარით „ორბელიანი მეტის“ პლათფორმაზე: https://bit.ly/3gTgis7 

თქვენი სამომავლო გეგმები რა არის?

სამომავლოდ გვინდა, რომ გავხდეთ სოციალური საწარმო, რომელიც პოპულარულს გახდის კვადრატულ მებაღეობას საქართველოში. ეს მეთოდი მოსახერხებელია შშმ პირებისთვისაც და მათაც გვინდა შევთავაზოთ. ასევე გვინდა ბავშვთა სახლებს და დევნილებს გავაცნოთ იდეა. ხოლო უფრო შორეულ პერსპექტივაში, ეკოსოფლის იდეის განხორციელებას და პოპულარიზაციასაც ვგეგმავთ.