მთავარი მიმართულებები მეცნიერება დუბაიში დრონების დახმარებით გაწვიმდა

დუბაიში დრონების დახმარებით გაწვიმდა

552
0

დუბაის მეტეოროლოგებმა დრონების საშუალებით ხელოვნური წვიმა გამოიწვიეს. გაერთიანებული ემირატების ქალაქში ძლიერი წვიმა და ელვა, მეტწილად, მეტეოროლოგიის ეროვნული ცენტრის პროექტმა განაპირობა. ამის ამსახველ ვიდეოკადრებს თავად ცენტრი ავრცელებს, რომელზეც ამინდი ბუნებრივ წვიმის სეზონს წააგავს.
პროექტით ღრუბლების ხელოვნური თავმოყრა ხდება, რის შედეგადაც ძლიერი წვიმა წარმოიქმნება. მეტეოროლოგიის ეროვნული ცენტრი ამას დრონების ტექნოლოგიის დახმარებით აკეთებს. მათი საშუალებით ღრუბლებში ელექტრომუხტის გამოთავისუფლება ხდება, რაც ძლიერ მოღრუბლულობასა და ნალექს იწვევს.
მეტეოროლოგიის ცენტრს ეს იმიტომ დასჭირდა, რომ ქალაქი რეგულარულად 50°C-ზე მეტი ტემპერატურის ძლიერ ზაფხულს უძლებს. ცენტრში აცხადებენ, რომ ხელოვნურმა ღრუბლიანობამ ქვეყანაში ნალექის გაზრდა მნიშვნელოვნად განაპირობა, სადაც, როგორც წესი, წელიწადში მხოლოდ 4 დუიმის წვიმა მოდის, რაც, მაგალითად, დიდი ბრიტანეთის წლიურ 33-დუიმიან ნალექთან შედარებით, ბევრად ნაკლებია.
არაბი მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ წვიმამ და ძლიერმა ქარმა ქალაქის გზებზე ხილვადობა გააუარესა, რის გამოც მოძრაობა გართულდა. თუმცა მოსახლეობა არასტაბილური ამინდის შესახებ წინასწარ ინფორმირებული იყო.
ხელოვნური მოღრუბლულობა ერთ-ერთია იმ 9 სხვადასხვა პროექტიდან, რომელსაც არაბეთის გაერთიანებული ემირატები წვიმის გამოსაწვევად 2017 წლიდან ამუშავებს. დანარჩენი მეთოდები ღრუბლებში მარილის ან სხვა ქიმიკატების მოხვედრას გულისხმობს, რათა ამან ნალექი გამოიწვიოს.
ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ხელოვნური მოღრუბლულობის ახალ პროექტს შეუძლია, წვიმიანი ამინდების რაოდენობა 35%-დე გაზარდოს, თუმცა მეცნიერთა მეორე ნაწილს ამაში ეჭვი ეპარება. აღსანიშნავია, რომ ამ ტექნოლოგიის გამოყენება, პირიქით, ძლიერი წვიმისა და პოტენციური წყალდიდობის თავიდან ასაცილებლადაც შეიძლება, როგორი სტიქიაც გასულ წელს, მაგალითად, ინდონეზიის ქალაქ ჯაყარტაში მოხდა.
ბრიტანეთის რედინგის უნივერსიტეტის პროფესორ მაარტენ ამბაუმმა, რომელიც არაბეთის გაერთიანებული ემირატების ერთ-ერთ პროექტზე მუშაობდა, წლის დასაწყისში BBC-ს განუცხადა, რომ ქვეყანაში ხელოვნური წვიმის გამოსაწვევად საკმარისი რაოდენობის ღრუბელია. ის განმარტავს, რომ ახალი ტექნოლოგია, დაახლოებით, ისე მუშაობს, როგორც „დამუხტული სავარცხელი მშრალ თმაზე.“
„ასეთივე ელექტრომუხტი, რომელიც დრონის საშუალებით თავისუფლდება, ღრუბლებს იზიდავს, ხოლო წყლის წვეთების ურთიერთშერწყმისა და ზომაში მატების შემდეგ, წარმოიქმნება წვიმა,“ – აცხადებს პროფესორი ამბაუმი.

წყარო: bpn.ge
მოამზადა ლადო სულაბერიძემ