მთავარი სპორტი ᲡᲙᲐᲜᲓᲐᲚᲘ ᲝᲚᲘᲛᲞᲘᲐᲓᲐᲖᲔ – ᲞᲝᲚᲝᲜᲔᲗᲛᲐ ᲔᲥᲕᲡᲘ ᲛᲝᲪᲣᲠᲐᲕᲔ ᲢᲝᲙᲘᲝᲓᲐᲜ ᲡᲐᲮᲚᲨᲘ ᲓᲐᲐᲑᲠᲣᲜᲐ

ᲡᲙᲐᲜᲓᲐᲚᲘ ᲝᲚᲘᲛᲞᲘᲐᲓᲐᲖᲔ – ᲞᲝᲚᲝᲜᲔᲗᲛᲐ ᲔᲥᲕᲡᲘ ᲛᲝᲪᲣᲠᲐᲕᲔ ᲢᲝᲙᲘᲝᲓᲐᲜ ᲡᲐᲮᲚᲨᲘ ᲓᲐᲐᲑᲠᲣᲜᲐ

198
0

პოლონეთის ნაკრების ექვს მოცურავეს, რომლებიც ტოკიოში ოლიმპიურ თამაშებზე გამოსასვლელად ჩავიდნენ, უკან სამშობლოში დაბრუნება ნაადრევად მოუხდათ. ამის მიზეზი ის გახდა, რომ პოლონეთის ცურვის ფედერაციამ თამაშებზე მონაწილეობისთვის საჭირო ქულები არასწორად დათვალა.

ალისია ჩურჟი, ბარტოშ პიშჩოროვიჩი, ალეკსანდრა პოლიანსკაია, მატეუშ ჩოვანეცი, დომინიკ კოსოკოვსკა და იან ჰოლუბი თავდაპირველად იმ აკრედიტირებულ 23 პოლონელ მოცურავეს შორის იყვნენ, რომლებსაც მონაწილეობა ოლიმპიადაზე უნდა მიეღოთ და იაპონიაშიც ჩავიდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში, მათ ტოკიოში თამაშებზე გამოსვლა არ ეკუთვნოდათ.

ალისია ჩურჟს იმედი ამაოდ ჰქონდა, რომ ოლიმპიადაზე გამოვიდოდა
პოლონეთის ფედერაციამ დაშვებული შეცდომის გამო ბოდიში საჯაროდ მოიხადა, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა და ცურვის საერთაშორისო ფედერაციას კი სთხოვა, შეცდომის მიუხედავად, ტოკიოში ჩასული ყველა პოლონელი მოცურავისთვის მიეცათ ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციები ამას არ დათანხმდნენ და საბოლოოდ, პოლონეთი თამაშებზე, 23-ის ნაცვლად, 17 მოცურავით იქნება წარმოდგენილი.

“წარმოიდგინეთ, რომ ამას თქვენი ცხოვრების ხუთი წელიწადი მიუძღვენით, უარი თქვით პირად ცხოვრებასა და საქმიანობაზე, გაიმეტეთ ოჯახი, ოღონდ კი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტულ ღონისძიებაზე გამოსულიყავით. და ასეთი თავგანწირვა სრული კრახით მთავრდება და იგებ, რომ მესამე პირების არაკომპეტენტურობის გამო, ოცნებას ემშვიდობები”, – დაწერა ალისია ჩურჟმა სოციალურ ქსელში.

“მომხდარის გამო შოკში ვარ. აბსურდულ ვითარებაში აღმოვჩნდი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო. თავი კოშმარში მგონია, საიდანაც გამოვიღვიძებ. ვწუხვარ, რომ ფედერაციაში დასაქმებული არაკომპეტენტური ადამიანების გამო, პოლონეთში ვარ და არა იაპონიაში”, – დაწერა მატეუშ ჩოვანეცმა.

პოლონელმა მოცურავეებმა, რომლებიც ოლიმპიადის მონაწილეები არიან, ღია წერილით მოუწოდეს თავიანთი ქვეყნის ცურვის ფედერაციის ხელმძღვანელ პაველ სლომინსკის დაკავებული თანამდებობიდან გადადგომა.

ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება. საქართველო თამაშებზე სპორტის 11 სახეობაში, 35 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.