მთავარი მიმართულებები დღევანდელობა გზა აფხაზეთიდან ახალი ცხოვრებისკენ ▶

გზა აფხაზეთიდან ახალი ცხოვრებისკენ ▶

147
0

გზა აფხაზეთიდან ახალი ცხოვრებისკენ ▶

„აფხაზეთიდან ხარ, ეს ფაკულტეტი კი ბევრ სწავლას მოითხოვს და ამდენს ვერ ისწავლი, როგორც ვატყობ ენაც (იგულისხმება ქართული) არ იცი და ვერ შეძლებ სწავლას, ან თუ გინდა ეს ფაკულტეტი დატოვე, მაგრამ „რუსული სექტორი აირჩიე, მიჩვეული ხარ რუსულსო“.

– პირველი კურსის სტუდენტი ვარ აფხაზეთიდან, კერძოდ გალიდან.

სკოლა 2020 წელს დავამთავრე. რა საკვირველია, პანდემიის გამო, არც თუ ისე კარგი ბოლო ზარი მქონდა…

სკოლის პერიოდში ყველა იმაზე ფიქრობს, თუ რა პროფესია აირჩიოს, ყველა საკუთარ თავს წარმოიდგენს სხვადასხვა სფეროში და გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ.

სწავლის გაგრძელებას, რა თქმა უნდა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ვაპირებდი.

X-XI კლასები პროფესიის არჩევის ფიქრში გავატარე, თუმცა ყოველთვის სხვადასხვას ვფიქრობდი და საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მივიღე. როცა უკვე დადგა ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის დრო, ჩემდაუნებურად გადავწყვიტე, რომ „სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი“ ამერჩია.

რეგისტრაცია წარმატებით გავიარე. ამ ფაკულტეტის შესახებ ზოგადი ინფორმაცია მქონდა, მაგრამ გადავწყვიტე სიღრმისეულად შემესწავლა, თუ რას მოიცავდა და დავიწყე ინფორმაციის მოძიება.

ეროვნული გამოცდები ახლოვდებოდა, მაგრამ ენგურის ხიდი ჩაკეტილი იყო, გადასვლას ვერ ვახერხებდით. ზოგმა შეძლო, მავთულხლართებში გაძრომისა და ენგურზე გადაცურვის ფასად.

მოგეხსენებათ, აღნიშნული მიზეზით, საქართველოს განათლების სამინისტრომ ჩვენი უგამოცდოდ ჩარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

სიმართლე გითხრათ, დიდად არ გამხარებია, რადგან რამდენიმე წელი დამატებით ვმეცადინეობდი ეროვნულებისთვის და მინდოდა გამომეცადა საკუთარი თავი, თუ რა შემეძლო.
მოგვიანებით, მოლაპარაკებების შედეგად, სტუდენტებისთვის ენგურის ხიდიც გაიხსნა.

მახსოვს, 3 სექტემბერს გადმოვედი და 12-დღიანი კარანტინი მოგვიწია.

ამასობაში, ჩემს უნივერსიტეტს სწავლა დაწყებული ჰქონდა.

კარანტინის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტში მივედი, რათა გამერკვია თუ როდის დავიწყებდი სწავლას.

მივედი უნივერსიტეტში, სიტუაცია ავუხსენი, მითხრეს აქამდე სად იყავიო… მაშინვე ვუთხარი, რომ აფხაზეთიდან ვარ, პასუხად კი მივიღე – „ხო, მიზეზი კი გქონია, თორემ აწი რა დროს სწავლის დაწყებაა, სემესტრი მთავრდებაო“. მითხრეს, რომ სწავლას ჯერ ვერ დავიწყებდი, რადგან ბაზაში არ ვიყავი და ამას დრო დასჭირდებოდა, მომეცადა და თავად დამიკავშირდებოდნენ.

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, სწავლა ოქტომბრის ბოლოს დავიწყე, მანამდე ყოველ მეორე-მესამე დღეს ვაკითხავდი უნივერსიტეტს. ერთ დღეს კი დამირეკეს და მითხრეს, რომ რეგისტრაცია უნდა გამევლო ფაკულტეტის ადმინისტრაციაში.

გამიხარდა…

შემიყვანეს ოთახში, სადაც უნდა შემევსო ანკეტა. მახსოვს, რაღაც ვერ გავიგე და ქალბატონს, რომელსაც ჩემი დახმარება ევალებოდა, რაღაც ვკითხე. მან კი ცოტა გაოცებული სახით შემომხედა და ვერ მივხვდი რა მოხდა. აქვე ნათესავმა ბიჭმა, რომელიც გზების არცოდნის გამო მომყვებოდა, რაღაც მკითხა, ქალბატონი კი, თურმე ჩვენს საუბარს უსმენდა. ჩემს თანმხლებს ჰკითხა: – შენც გალიდან ხარ? საერთოდ არ გეტყობა, რომ გალელი ხარ, რა კარგად საუბრობ ქართულად, სხვებთან შედარებითო’’.

დიდი ფიქრი არ უნდოდა, რომ „სხვებში“ მე მგულისხმობდა…

მიუხედავად იმისა, რომ დახმარება მჭირდებოდა, მეორედ არ მითხოვია იმ ქალბატონისთვის, დამოუკიდებლად გავაკეთე და მივაწოდე, რომ გადაეხედა.

ის თავის სამუშაო მაგიდასთან იჯდა, როგორც კი ჩემი ანკეტა წაიკითხა, წამოდგა და მითხრა : ახალ ფურცელს მოგცემ და ფაკულტეტი შეცვალეო.

არ ველოდი ასეთ დამოკიდებულებას და ვკითხე, თუ რატომ უნდა შემეცვალა ფაკულტეტი, რაზეც მიპასუხა, რომ – „აფხაზეთიდან ხარ, ეს ფაკულტეტი კი ბევრ სწავლას მოითხოვს და ამდენს ვერ ისწავლიო, როგორც ვატყობ ენაც (ქართულს გულისხმობდა) არ იცი და ვერ შეძლებო სწავლას, ან თუ გინდა ეს ფაკულტეტი დატოვე, მაგრამ „რუსული სექტორი აირჩიე, მიჩვეული ხარ რუსულსო“.

ჯერ კიდევ არვიცი მაშინ რა ვიგრძენი, უბრალოდ მინდოდა იმ ოთახიდან მალე გამოვსულიყავი, მაგრამ უპასუხოდაც არ მინდოდა დამეტოვებინა.

უფროსებისადმი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვუთხარი, რომ ფაკულტეტს არანაირი მიზეზის გამო არ შევიცვლიდი და ვერც ვერავინ შემაცვლევინებდა. ვისწავლიდი თუ ვერ ვისწავლიდი, მაინც ეს იყო ჩემი არჩევანი, ჩემი თავის მჯეროდა, მას კი ვუპასუხე: ქალბატონო, თუ არ გჯერათ, რომ ისევე, როგორც სხვები, მეც შევძლებ ამ ფაკულტეტზე სწავლას, მაშინ შეგიძლიათ გარკვეული დროის შემდეგ ჩემს მონაცემებს გადახედოთ-მეთქი. ამის შემდეგ კი, წარმატებები მისურვა და იქაურობა დავტოვე.

ჩემდა საბედნიეროდ, ისეთი კურსელები შემხვდნენ, რომლებმაც „გმირი გოგონა“ მიწოდეს.

მათი მხირდან ერთი წუთითაც არ მიგვრძვნია, რომ ქართულად კარგად ვერ ვსაუბრობდი. პირიქით, ისე თბილად მიმიღეს, მიკვირდა და თან მიხაროდა.

ხშირად მეკითხებიან აფხაზეთის ამბებს. ბოლოს, როცა აფხაზეთში ჩავედი, ენგურზე მომიწია ფეხით გადასვლა. ჩემი კურსელებისთვის ეს უცხო იყო და ნერვიულობდნენ ჩემზე, მაგრამ ვუთხარი, რომ მე მიჩვეული ვიყავი და სანერვიულოც არაფერი ჰქონდათ.

მინდა თითოეულ მათგანს მადლობა ვუთხრა, მათ დამანახეს, რომ უცხო გარემოში შეიძლება თავი ისე იგრძნო, როგორც შინ. ყოველდღე ძალიან მაგარ ბავშვებთან მიწევს კონტაქტი და უზომოდ ბედნიერი ვარ.

ლექტორების მხრიდან კი დიდი თანაქდგომა მივიღე. როცა გაიგეს, რომ აფხაზეთიდან ვიყავი, დავინახე მათი წყლიანი თვალები, გაიხსენეს ბავშვობა, რომელიც აფხაზეთში ჰქონდათ გატარებული…

იმ ქალბატონმა, კი, რომელმაც მითხრა, რომ ვერ ვისწავლიდი, დიდი სტიმული მომცა, იმ დღის მერე დიდი შემართებით ვარ. ყოველთვის ახალი რაღაცის ძიებაში…

აბიტურიენტებო და რა მხოლოდ აბიტურიენტებო, მინდა გითხრათ, რომ არაფერს შეუშინდეთ, ყოველი გამოწვევა ეს შანსია გახდე უფრო ძლიერი.

შეიძლება გარკვეულ რაღაცაზე თქვათ, რომ „ამას აზრი მაინც არ აქვს“, მაგრამ დამერწმუნეთ, აზრი ყველაფერს აქვს, მცირეოდენ რაღაცასაც კი.

არასდროს დაგავიწყდეთ, რომ მედალს ორი მხარე აქვს და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

ამ ამბავს კი ჩემი საყვარელი ფრაზით დავასრულებ „ვინც არ რისკავს, ის არ შამპანიურს სვამს“… 😊

#გოგონააფხაზეთიდან

#გზასიახლისკენ

#ნამდვილიამბები

#ჩვენვარსებობთ

წყარო: ჩვენ ვარსებობთ – ხმა აფხაზეთიდან