მთავარი ახალი ამბები მთავარი, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით არის მანდატორული, ძალადობრივი ვაქცინაცია.

მთავარი, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით არის მანდატორული, ძალადობრივი ვაქცინაცია.

614
0

ექიმი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი,
სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

სანამ გავაგრძელებდით ვაქცინის ეფექტურობასა და რისკების შესახებ დეტალური ანალიზის სერიებს, მინდა გარკვეული განმარტებები გავაკეთო ჩვენს პოზიციაზე, რადგან ეტაპობრივად მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება არ იძლეოდეს მთლიანობაში ჩვენი პოზიციის აღქმის საშუალებას.
მთავარი, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით არის მანდატორული, ძალადობრივი ვაქცინაცია. შევეცდები დავასაბუთო მანდატორული ვაქცინაციის აბსურდულობა მოცემულ ვითარებაში. არსებული ვაქცინები, როგორც გენური სპაიკ სპეციფიური ტიპის (ფაიზერი, მოდერნა, ასტრა-ზენეკა) ისევე ინაქტივირებული ვირუსის ტიპის (სინოვაკი ან სინოფარმი) წარმოადგენენ ე.წ. მჟონავ ვაქცინებს – „leaky vaccine“. რაც ნიშნავს, რომ მათ გააჩნდათ საწყისადვე სუსტი დამცველობა უსიმპტომოდ ვირუსის მატარებლობისაგან და მისი გავრცელებისაგან, ხოლო ამჟამად დელტა შტამის გავრცელებასთან ერთად, მათ თითქმის საერთოდ აღარ გააჩნიათ ეს ეფექტი. მაგალითად ისრაელის სამთავრობო საიტზე შეგიძლიათ ნახოთ რომ სიმპტომური ინფექციისაგან დაცულობა ჩამოსულია 39%-მდე, ხოლო მათში ვინც აიცრა იანვარ-თებერვალში ეს მაჩვენებელი არის 16% – მხოლოდ. უსიმპტომო გადაცემისაგან დაცვა შეგვიძლია ვივარაოდოთ რომ არის ნულთან ახლო – ზუსტი მონაცემების მოპოვება რთულია, რადგან აშშ მაგალითად საერთოდ აღარ აღრიცხავს არაჰოსპიტალიზრებულ ორმაგად აცრილ ადამიანებში ინფექციის პრევალენტობას, ხოლო ისრაელში მხოლოდ ნაწილობრივ ხდება ამ მონაცემების დაფიქსირება. ამასთანავე, როგორც თავად ამერიკის CDC-ს დირექტორმა ვალენსკიმ და NIH-ის დირექტორმა ტონი ფაუჩიმ თავად განაცხადეს ერთობლივ პრესკომფერენციაზე, მასაჩუსეტსის შტატში დაფიქსირებული ეპიდაფეთქების შესწავლის შედეგების პრეზენტაციის დროს, ვაქცინირებული და არავაქცინირებული ინფიცირებული პაციენტები ზუსტად ერთნაირი ვირუსული რეპლიკაციით ხასიათდებოდნენ და ერთნაირად გადასცემდნენ ვირუსს. სწორედ ეს მონაცემები გახდა აშშ-ში ნიღბების ტარების რეგულაციის თავიდან შემოღების საფუძველი. ასევე გაითვალისწინეთ რომ ვაქცინირებული პოპულაცია უფრო მეტ პროცენტში არის უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით ინფიცირებული, რაც გაცილებით ზრდის მათ მიერ ვირუსის გადაცემის რისკებს არავაქცინირებულთან შედარებით. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სხვაგან, და მალე ალბათ აქაც ვაქცინირებულთათვის შემსუბუქდება რეგულაციები, ადვილად შეგიძლიათ მიხვდეთ, რომ არაფრით უფრო „საშიში“ არავაქცინირებულები არ არიან დაავადების გავრცელების კუთხით ვაქცინირებულებთან შედარებით, და შეიძლება ითქვას პირიქითაც, რომ ვაქცინირებულები უფრო ეფექტურად ავრცელებენ ვირუსს. სწორედ ამაზე მიუთითებს ის, მანამდე არნახული ეპიდემიური ტალღები, რაც მაის-ივლისის თვეებში ნახეს 70-75% იანი აცრით მოცვის მქონე ქვეყნებმა (მაგ: სეიშელი, ბაჰრეინი, ჩილე, გაერთიანებული არაბთა ემირატები, მონღოლეთი, ურუგვაი, ისლანდია და სხვ.)
ასე რომ დაავადების გავრცელების კუთხით, ვაქცინაცია პრაქტიკულად არანაირ პრევენციულ ფუნქციას აღარ ასრულებს, ამ ტიპის ვაქცინებით (ანუ მჟონავი ვაქცინებით) პოპულაციური იმუნიტეტის მიღწევა შეუძლებელია და ამ თემაზე დიდი ენთუზიაზმით აღარსად საუბრობენ, გარდა საქართველოსი. ეს საკითხი პირდაპირ აღიარა ოქსფორდის ვაქცინის ჯგუფის (ასტრა-ზენეკას ვაქცინის შემქმნელი ჯგუფი) ერთერთმა ლიდერმა ენდრიუ პოლარდმა, რომელმაც პირდაპირ განაცხადა პოპულაციური იმუნიტეტის ვაქცინით მიღწევის შეუძლებლობა, იგივე პოზიციები დააფიქსირა ისლანდიის საზ-ჯანდაცვის უწყების მეთაურმაც და ა.შ.
დღეს ამ ვაქცინას გააჩნია მხოლოდ ერთი ფუნქცია: კვლავ დავესესხები ისრაელის სამთავრობო საიტს – მძიმე დაავადების შემცირება 59 % -ის ფარგლებში და სიკვდილიანობის შემცირება – 80% -ის ფარგლებში (თუ რამდენად მყარია ეს ეფექტი, რამდენ ხანს გაგრძელდება და რა ხდება რეზისტენტული შტამის გარდაუვალი გავრცელების შემთხვევაში – ამ საკითხებს შემდეგ პოსტებში განვიხილავთ). აქედან გამომდინარე, თუ გადაცემის კუთხით არაფრისმქმნელია, თუ სხვას ვაქცინირებულიც და არავაქცინირებულიც თანაბრად უქმნის საფრთხეს და მხოლოდ ნაწილობრივ იცავს გართულებისგან ინფიცირებულს, მაშინ ბუნებრივია ისმის კითხვა – რას ნიშნავს მანდატორული ვაქცინაცია? როგორ შეგვიძლია ვინმე დავავალდებულოთ რომ აიცრას არა საზოგადოებრივი უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე, არამედ მხოლოდ საკუთარი რისკების შემცირების მიზნით? შესაძლებელია რომ ვინმე დავავალდებულოთ ჩაიტაროს რაიმე პროფილაქტიკური ღონისძიებები, მაგალითად დაიკლოს წონაში (რადგან ჭარბწონიანობა ერთერთი ყველაზე სერიოზული რისკფაქტორია და პოპულაციის BMI-ის შემცირება მკვეთრად შეამცირებდა ჰოსპიტლების გადატვირთულობასაც) და ვდევნოთ ისინი, თუ მათ არ დაიკლეს წონაში? მანდატორულობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული (რა თქმა უნდა უსაფრთხო ვაქცინის არსებობის შემთხვევაში) თუ ვაქცინა უზრუნველყოფდა მასტერილიზირებელ იმუნიტეტს, ანუ გაანეიტრალებდა ინფექციის გადაცემის პოტენციალს.
ამ ინფორმაციის მიტანა არ ხდება ხალხთან, მოქმედებს კვლავ „კეთილშობილი ტყუილის“ პრინციპი, და ადამიანები არიან დეზინფორმირებულნი და აქედან გამომდინარე უკიდურესად აგრესიულნი ყოველივე განსხვავებული აზრის მიმართ, რაც არღვევს მათი ჯგუფური აზროვნების („group thinking”) კომფორტს. ამ ვითარებაში, საზოგადოების დაყოფა აცრილებად და აუცრელებად, ერთმანეთთან დაპირისპირება, აგრესიის კულტივირება – იწვევს მხოლოდ და მხოლოდ იმავე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის განადგურებას, რადგან საზ-ჯანდაცვის ეფექტურობა, მთლიანად დამოკიდებულია მაღალი ნდობის ფაქტორთან, რაც წარმოუდგენელი ამოცანაა ინფორმაციის გადამალვის, საზოგადოების ნაწილზე ძალადობის, ერთმანეთის მიმართ ზიზღის გაღვივების ვითარებაში. ყოველივე ამის გარეშე წარუმატებელი იქნება ნებისმიერი ძალისხმევა ეპიდემიის დამარცხებისაკენ მიმართული.