მთავარი ახალი ამბები თბილისში გაიხსნა ინოვაციური მაღაზია, სადაც არც მოლარეა და არც რიგი

თბილისში გაიხსნა ინოვაციური მაღაზია, სადაც არც მოლარეა და არც რიგი

497
0

კომპანია FINA-ს მიერ შემუშავებული ტექნოლოგიით შექმნილი მარკეტი უკვე გაიხსნა და სატესტო რეჟიმში მუშაობს. ეს არის სივრცე, რომელში შესულს არ დაგხვდებათ არც მოლარე და არც რიგი.
ქართულმა კომპანია FINA-მ შეიმუშავა და დააპატენტა მსოფლიოში უნიკალური ტექნოლოგია NOKA, რომელიც მომხმარებელს ყიდვის სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს. ინოვაციურ მარკეტში ყიდვის პროცესი თითქმის არ განსხვავდება სტანდარტულ მარკეტში ყიდვის პროცესისგან. მომხმარებელი სასურველ პროდუქტებს ათავსებს კალათში, ხოლო სისტემა გასასვლელში ავტომატურად ითვლის პროდუქციის ჯამურ ღირებულებას ყოველგვარი დასკანერებისა და მოლარის ჩარევის გარეშე, თანხას კი მომხმარებელი საბანკო ბარათის ან მობილურის საშუალებით იხდის.
სხვა მსგავს სისტემებთან შედარებით, როგორიცაა თუნდაც Amazon Go, NOKA ტექნოლოგიაში არ არის გამოყენებული კამერები, ხელოვნური ინტელექტი და ამოცნობის რთული ალგორითმები. ასევე არ ხდება მომხმარებლის ბიომეტრიული ან სხვა რაიმე მონაცემის დამუშავება და შენახვა, სწორედ ამიტომ სისტემა არ საჭიროებს მძლავრი სერვერების განთავსებას და მისი დანერგვა სავაჭრო ობიექტზე არ მოითხოვს განსაკუთრებით დიდ ფინანსურ ინვესტიციას.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მაღაზიის სატესტო რეჟიმში მუშაობის პროცესში დააკვირდებიან მომხმარებლის ქცევას, თუ რამდენად სწრაფად და მარტივად ადაპტირდება მყიდველი უახლეს ტექნოლოგიასთან. ასევე მნიშვნელოვანია სისტემის მდგრადობის ტესტირება, რომლის შემდეგაც სავაჭრო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მოხდება აღნიშნული ინოვაციური ტექნოლოგიის შეთავაზება.
“გასული 2 წლის განმავლობაში ამ სისტემაზე მუშაობა საკმაოდ საინტერესო და გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა, ეს არის მომავლის ტექნოლოგია, რომელიც ყიდვის ყოველდღიურ პროცესს ავტომატიზებულს, მოქნილსა და სწრაფს ხდის. NOKA უნიკალური სისტემაა უამრავი უპირატესობით, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: ადამიანური და ფინანსური რესურსის დაზოგვა, უკონტაქტო ყიდვის პროცესი, დასკანერებისა და თვითმომსახურების თავიდან არიდება, პროდუქციის მაქსიმალური დაცვა ქურდობისგან და ა.შ. ვფიქრობთ, ეს არის სავაჭრო სფეროს მომავალი და უდიდესი ტექნოლოგიური ნაბიჯი, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ვაჭრობის პროცესებს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. “ – აცხადებს კომპანია FINA-ს დამფუძნებელი დავით თოფჩიშვილი.
NOKA მარკეტი ნებისმიერ დაინტერესებულ მომხმარებელს სთავაზობს გამოცადოს ყიდვის უახლესი ტექნოლოგია. მარკეტი მდებარეობს ვერაზე, კოსტავას მე-2 შესახვევის N3-ში. დეტალურ ინფორმაციასა და სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე www.noka.tech

წყარო: interpressnews.ge