მთავარი ახალი ამბები ოკუპირებულ ჯავის რაიონში რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული აშშ-ის მოქალაქე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების...

ოკუპირებულ ჯავის რაიონში რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული აშშ-ის მოქალაქე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზეა

125
0

ოკუპირებულ ჯავის რაიონში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჯექსონ პოლ კრამერი თავისუფალია და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ „ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს, რომ უკანონო დაკავების მომენტიდან გააქტიურდა ცხელი ხაზი, მოხდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.

„რამდენიმე წუთის წინ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიყვანეთ ამერიკის მოქალაქე, რომელიც ტურისტული მიზნით იმყოფება საქართველოში და უკანონოდ იქნა დაკავებული რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ. დაკავების მომენტიდანვე გააქტიურდა ცხელი ხაზი, მომხდარის შესახებ ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ამოქმედდა ყველა არსებული ბერკეტი და საშუალება, იმისთვის, რომ უკანონოდ დაკავებული აშშ-ის მოქალაქე გადმოგვეყვანა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და დროულად მომხდარიყო მისი უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლება“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ.

უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლების მიზნით ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა ინტენსიური კონსულტაციები, რომლის შედეგადაც შესაძლებელი გახდა აშშ-ის მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება.

„ მე გადავკვეთე საზღვარი, არ ვიცოდი ამის შესახებ. ვითარებიდან გამომდინარე დავბრუნდი. ბევრს ვერაფერს ვიტყვი, ეს დრო ციხეში ვიყავი. მერე გამათავისუფლეს. კავკასიის რეგიონის მიმდებარედ ლაშქრობას ვგეგმავდი შავი ზღვის მიმართულებით და ამაში საზღვარზე ხელი შემეშალა”, – აშშ-ის მოქალაქემ გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.

წყარო: imedinews.ge