AI Slop-ის ეპიდემია YouTube-ზე — პლატფორმა დაბალხარისხიანი კონტენტით ივსება
ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ YouTube-ზე განთავსებული ვიდეოების საგრძნობი ნაწილი უკვე ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული, დაბალხარისხიანი კონტენტია — ფენომენი, რომელსაც ონლაინ სივრცეში AI Slop-ის სახელით იცნობენ.
AI Slop ნიშნავს AI-ის მიერ ავტომატურად შექმნილ სუსტ შინაარსს, რომლის მთავარი მიზანი არა ინფორმაციის მიწოდება, არამედ ნახვებისა და სარეკლამო შემოსავლების სწრაფი დაგროვებაა. ასეთი ვიდეოები ხშირად შეიცავს არაზუსტ მონაცემებს, გაზვიადებულ ფაქტებს ან სრულად გამოგონილ ნარატივს, რომელიც რეალობას საერთოდ არ შეესაბამება.
primenews.ge-ის ინფორმციით, ვიდეორედაქტირების პლატფორმა Kapwing-მა ექსპერიმენტი ჩაატარა, რომლის შედეგებიც საგანგაშოა: ახალი მომხმარებლისთვის შეთავაზებული პირველი 500 ვიდეოდან დაახლოებით 21% სრულად ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო შექმნილი.
AI კონტენტის მოხმარების მხრივ ლიდერობს სამხრეთ კორეა, სადაც ყველაზე პოპულარულმა AI არხებმა უკვე 8 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვეს. შემდეგ პოზიციებზე არიან პაკისტანი და ამერიკის შეერთებული შტატები.
ექსპერტების შეფასებით, ეს ტენდენცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის YouTube-ის ეკოსისტემას. ხარისხიანი კონტენტის ავტორებს უწევთ კონკურენცია გაუწიონ არხებს, რომლებიც ავტომატიზაციის წყალობით დღეში ასობით ვიდეოს ტვირთავენ — შინაარსის ხარისხზე პასუხისმგებლობის გარეშე.
აღსანიშნავია, რომ YouTube უკვე ცდილობს სიტუაციის კონტროლს: პლატფორმამ დაიწყო ხელოვნური ინტელექტით შექმნილი მასალის სავალდებულო მარკირება და აამოქმედა დემონეტიზაციის ახალი წესები იმ არხებისთვის, რომლებიც კონტენტს მთლიანად AI-ზე აწყობენ.
თუ ეს ნაბიჯები საკმარისი აღმოჩნდება — ღია კითხვად რჩება. მაგრამ ერთი ფაქტია: თუ AI Slop-ს დროულად არ შეეზღუდა სივრცე, YouTube შესაძლოა თავად გადაიქცეს ალგორითმების მიერ დაგენერირებულ ხმაურში.
