"2026 წელს ჩინური ავტოინდუსტრიის ზრდა შენელდება"
ჩინეთის ავტომწარმოებელთა ასოციაციის (CAAM) განცხადებით, სუსტი მოთხოვნისა და საგარეო გაურკვევლობის ფონზე, 2026 წელს ჩინეთში ავტომობილების გაყიდვებისა და ექსპორტის ტემპი შენელდება - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
CAAM-ის მონაცემებით, მიმდინარე წელს ავტომობილების გაყიდვების მხოლოდ 1%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, მაშინ როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 9.4%-ს შეადგენდა.
ელექტრომობილებისა და დამუხტვადი ჰიბრიდების გაყიდვების ზრდის ტემპი 28.2%-დან 15.2%-მდე შემცირდება.
რაც შეეხება ავტომობილების ექსპორტს, 2025 წელს დაფიქსირებული, მოულოდნელად მაღალი, 21.1%-იანი ზრდის შემდეგ, წელს მხოლოდ 4.3%-იანი მატებაა ნავარაუდები.
ასოციაციის განმარტებით, შიდა მოთხოვნა კვლავ არასაკმარისია, რასაც მოსახლეობის არასტაბილური შემოსავლები და სამუშაო ადგილების დაკარგვის შიში განაპირობებს, ეს კი მსყიდველობით უნარზე უარყოფითად აისახება.
გარდა ამისა, გავლენას მოახდენს ე.წ. "ნულოვანი გარბენის მქონე მეორადი მანქანების" რეგულირებაც. ეს არის ტაქტიკა, რომელსაც ავტომწარმოებლები ახალი მანქანების მეორადის სტატუსით, დიდი ფასდაკლებით გასაყიდად იყენებენ. მოსალოდნელია, რომ რეგულაცია მოკლევადიან პერიოდში შიდა ბაზარზე მარაგების დაგროვების წნეხს გაზრდის.
CAAM-ის პროგნოზით, გეოპოლიტიკური გაურკვევლობა და სავაჭრო-ეკონომიკური დაძაბულობა ექსპორტზე დაღმავალ ზეწოლას მოახდენს. ექსპორტის მაჩვენებლის შემცირებას ხელს შეუწყობს ჩინელი ავტომწარმოებლების მიერ წარმოების ლოკალიზაციის (სხვა ქვეყნებში ქარხნების გახსნის) ტენდენციაც.
წყარო: bm.ge
