admin
თარიღი: 11:48, 10 ნოემბერი 2025
საზოგადოება / ეკონომიკა / მსოფლიო / ეპიცენტრი

“საშუალო შემოსავლის მქონე მოგზაურების წილი წელს ძალიან შემცირებულია” - რა ტენდენციებია გამყვან ტურიზმში?

“საშუალო შემოსავლის მქონე მოგზაურების წილი წელს ძალიან შემცირებულია” - რა ტენდენციებია გამყვან ტურიზმში?

გამყვან ტურიზმში ზრდაა. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გაიზარდა როგორც საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების საზღვარგარეთ გასვლის მაჩვენებელი, ისე რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტები, რამაც 412 ათასი შეადგინა. ეს კი 2,6%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს.

ტურისტული კომპანიების ნაწილი ამბობს, რომ ეს ზრდა უფრო მეტად ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო გადავადებულ მოთხოვნას უკავშირდება. მათი ნაწილი იმასაც აღნიშნავს, რომ საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები მიმდინარე სეზონზეც გარკვეულწილად თავშეკავებულნი რჩებიან და მოგზაურობაზე ფულს აღარ ხარჯავს.

“ამ ეტაპზე, როგორც ყველა ზამთრის სეზონზე, აქტუალურია ისეთი ტროპიკული მიმართულებები, როგორიც არის მალდივები, ტაილანდი, სეიშელი, შრი-ლანკა და ა.შ. ასევე,15 ნოემბრიდან იწყება ჩარტერული რეისები ეგვიპტის მიმართულებით, რომელიც ასევე ძალიან მოთხოვნადია.

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტური მიმართულებებით შედარებით ნაკლებია მოთხოვნა. სამწუხაროდ, რაღაცნაირად ისე დალაგდა არჩევნების შემდგომი პერიოდი, რომ ის დამსვენებლების საშუალო კატეგორია ახლა აღარ არის. გარკვეულწილად უფრო მაღალბიუჯეტური მიმართულებით არის მოთხოვნილება, მაგრამ რაოდენობრივად მოგეხსენებათ, რომ ეს არის ძალიან მწირი და ჩვენ, ტურისტული კომპანიები ორიენტირებული ვართ, რომ საშუალო ფენამ შეძლოს დასვენება და იმ კატეგორიამ, რომელსაც საშუალო ანაზღაურება აქვს, თუმცა ეს სეგმენტი და ამ ადამიანების წილი წელს არის ძალიან შემცირებული.

ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ადამიანების მეტი წილი თავშეკავებულია და არამიზნობრივ ხარჯად თვლის უკვე დასვენებას, რადგან ფიზიკურად აღარ აქვთ შესაბამისი შემოსავალი. არ ვიცი, ეს რას დავაბრალო, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ თავშეკავება უფრო მეტია”,-აცხადებს ანასტასია გაბუნია, Art Travel -ის დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ გამყვან ტურიზმში ზრდას აჩვენებს ოფიციალური სტატისტიკა. საქსტატის თანახმად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გაიზარდა როგორც საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების საზღვარგარეთ გასვლის მაჩვენებელი, ისე რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტები, რამაც 412 ათასი შეადგინა. ეს კი 2,6%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს.

გაზრდილია ქართველი მოგზაურების მიერ საზღვარგარეთ გაწეული ხარჯებიც, რამაც მესამე კვარტალში 700 მილიონ ლარს მიაღწია, ეს კი 3,6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ოფიციალური სტატისტიკით,მესამე კვარტალში ქართველებმა ყველაზე მეტი თანხა 265 მილიონ ლარამდე საყიდლებზე, 194 მილიონამდე საკვებზე, 98 მილიონი ლარი კი სასტუმროებში განთავსებაზე დახარჯეს.