AI-ბუმმა ამერიკული საფონდო ბაზრის ძალთა ბალანსი შეცვალა
ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა ზრდამ ამერიკულ საფონდო ბაზარზე ძალთა ბალანსი შეცვალა. ბოლო სამ წელში AI-სთან დაკავშირებულმა სექტორებმა აშკარად აჯობეს S&P 500-ს, რომელმაც ამ პერიოდში დაახლოებით 80%-ით მოიმატა. Deutsche Bank-ის მონაცემებით, რასაც primenews-ის სტატიაში ვეცნობით, ChatGPT-ის გაშვების შემდეგ ლიდერი საკომუნიკაციო მომსახურებები გახდა 185%-იანი უკუგებით, რასაც დიდწილად Meta-ს აქციების თითქმის ხუთმაგი ზრდა განაპირობებს.
მეორე ადგილზეა IT სექტორი 157%-იანი ზრდით. ეს მიმართულებები, ნახევარგამტარებსა და ღრუბლოვან პროვაიდერებთან ერთად, AI-ის ძირითად ინფრასტრუქტურას ქმნიან და კაპიტალის მთავარ ნაკადსაც იზიდავენ. სამომხმარებლო დისკრეციულმა სექტორმა 78%-იანი ზრდით ბაზრის საშუალო ტემპი შეინარჩუნა.
კომპანიების ჭრილში გამორჩეულია ნახევარგამტარები: Nvidia-ს აქციები 1,020%-ით გაიზარდა, Broadcom-მა დაახლოებით 700% აჩვენა, ხოლო Western Digital-ისა და Meta-ს უკუგებამ 500%-ს მიუახლოვდა. ამ ფონზე ტრადიციული სექტორები ჩამორჩნენ, რაც კაპიტალის მკვეთრ გადაადგილებას ძველი ეკონომიკიდან ინოვაციური ტექნოლოგიებისკენ უსვამს ხაზს.
